საია: "საზმაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია"
03-01-2018
საია: "საზმაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია"
კორუფციის რისკი, კერძო ტელევიზიების ზარალი, გაუმჭვირვალე­ დასაქმების პოლიტიკა და დაბალი ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ - ეს იმ შენიშვნების მცირე ჩამონათვალია, რომლის გარშემოც მედია, სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკოსები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გაერთიანდნენ, თუმცა ცვლილებების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა უკვე მესამე მოსმენითაც დაამტკიცა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. სწორედ საკანონმდებლო პაკეტში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება სუსტდება და კორუფციის საფრთხე იზრდება, კერძო
მაუწყებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს. "კვირის პალიტრა" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სულხან სალაძეს ესაუბრა:

- მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი ნორმები ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის არსსა და იდეას სრულად უკარგავს. განსაკუთრებით სახიფათოა რამდენიმე პუნქტი, მათ შორის, შესყიდვების­
გამარტივება და სტარტაპების დაფინანსების უფლება. ასეთ შემთხვევაში მენეჯმენტი ყოველგვარი რეგულირების სფეროდან გავა და საბჭოსთან შეთანხმების გარეშე სუბიექტურად შეძლებს ფინანსების განკარგვას, ანუ, თუ ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენითაც დაამტკიცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ექნებათ ბიუჯეტის თანხა მათთვის სასურველ სუბიექტსა თუ კომპანიას გადაურიცხონ, თანაც ისე, რომ სამართლ­ებრივად ვერავინ გააკონტროლებს გარიგების კორუფციულ რისკებს. ცვლილებების მიხედვით, სამეთვ­ალყურეო საბჭო მხოლოდ ფორმალური ორგანო გახდება და ამას საბჭო ბევრჯერ ინანებს.

- სამოქალაქო სექტორი, ოპო­ზი­ცია და მედია პრეზიდენტის­ ვეტოს მოლოდინშია. შესაძლებელია,­ რომ პარლამენტმა ვეტო ვერ დასძ­ლიოს?..

- თუ გავითვალისწინებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ეწინააღმდეგება სახიფათო ცვლილებებს, ვეტოს შAემთხვევაში დიდია ალბათობა, პარლამენტს მისი დაძლევა გაუჭირდეს. მაშინ, როცა კომერციული ბაზარი მცირდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება კი სულ უფრო მატულობს, თანაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უკვე შეადგენს მთლიანი სარეკლამო ბაზრის 50%-ს, მენეჯმენტი კერძო სექტორიდან დამატებით დაახლოებით 2 მილიონი ლარის გატანას აპირებს. ასევე ითხოვს სასპონსორო უფლებამოსილების გაზრდას, რაც ასევე სერიოზული კორუფციული რისკის შემცველია - გასული წლების სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკმაოდ დიდი დრო გაყიდა სპორტული თუ სხვა გასართობი შოუების პერიოდში რეკლამის სახით, თუმცა მცირე თანხა დაილექა მის ბიუჯეტში, დანარჩენი ფული შუამავალ კომპანიებში გადანაწილდა. ამასთან, მეტი შესაძლე­ბ­ლობა ექნებათ ბაზარზე დე­მპ­ინგური ფასებით შემოვიდნენ და პრობლემა შეუქმნან კერძო ტელევიზიებს­, ეს საფრთხეა დაბალბიუჯეტიანი ტელევიზიებისთვის.

- ხელმძღვანელობა არხის უფლ­ებამოსილების გაფართოებას კონკურენტუნარიანობისა და რეიტინგის გაზრდასა და ახალი შენობისთვის რეს­ურსების მობილიზებას უკავშირებს.

- მომავალ წელს მას 53 მილიონი გარანტირებული ექნება, 2019 წელს და შემდგომ წლებში­ კი ეს დაფინანსებაც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის პროპორციულად გაიზრდება. გარანტირ­ებული დაფინანსების ტელევიზ­იას როგორ უნდა გავუთანაბ­როთ კერძო ტელევიზიის პირობ­ები, მათ ხომ თითოეული ლარის მოსაპოვებლად უდიდესი შრომა უწევთ? კონკურენცია არც უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოტივაცია, მას სხვა ამოცანები აქვს საზოგადოების წინაშე.
თუ თითქმის 50 მილიონით ვერ უმკლავდები გამო­წვევებს, დაფინანსების მცირედით გაზრდა ვერ იქნება გარანტია, რომ ტელევიზიის რეიტინგი გაიზრდება.

არაერთი ტელევიზიაა, რომელსაც ბევრად მცირე ბიუჯ­ეტი­ აქვს, რეიტინგი კი ბევრად დიდია. თავიდანვე ნათელი იყო, არხი რა გეზს აიღებდა. პირველად ამის ნიშნები მაშინ გამოჩნდა, როდესაც ხელმძღვანელის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა წარადგინეს და არჩევნებიც გაუმჭვ­ირვალედ წარიმართა.

პროცესი­ იმით გაგრძელდა, რომ­ დაანონსებული გაუგებ­ა­რი­ რეფორმები­ რამდენჯერმე შეიცვალა და ათეულობით გადაცემის­ დახურვის შემდეგ, მაინც ვერ გავიგეთ, რა კონცეფცია აქვს არხს. მენეჯმენტის არათანამიმდევრულობა მაშინაც გამოჩნდა, როცა მაღლაფერიძემ განაცხადა, წლის ბოლოს ცალკე სპორტული არხი გვექნებაო, თუმცა გაირკვა, რომ სამეთვალყურეო საბჭოში ამაზე­ არც უმსჯელიათ.­ პროცესის გვირგვინი იყო ბრიუსელის ბიუროში ქაოსი. ჯერ ჟუ­რნალისტ ქეთევან ქარ­დავას განუცხადეს, რომ ბიურო­ უნდა დახურულიყო, რადგან მისი შენახვის­ რესურსი თურმე­ არ გააჩნდათ. შემდეგ კი მენეჯმენტი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. ჩვენი ინფორმაციით, ბრიუსელის ბიუროს ჟურნალი­სტი თებერვლიდან საქართველოში უნდა დაბრუნდეს, ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოში განხილულ ახალ პროექტში ბრიუსელის ბიურო არც ყოფილა გათვალისწინებული, გაუგებარია, როგორ აანონსებს მაღლაფერიძე ბრიუსელის ბიუროს გაფართოებას და თანაც, იქ მომუშავე ჟურნალისტის გარეშე.

ფაქტობრივად, ბრიუსელის ბიუროს დახურვის ინიციატივა­ პოლიტიკური განაცხადია, რადგან ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირის ცენტრალური ოფისებია, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს ამბობს კონტაქტში იყოს ნატოსა და ევრ­ო­კავშირის სტრუქტურებთან. არადა, არხს აქვს რესურსი იყოს წარმოდგენილი იქ, სადაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ გადაწყვეტილებებს­ იღებენ. ფინანსების უქონლობაზე გვესაუბრება არხის მენეჯმენტი მაშინ­, როცა ბათუმის ოფისის­ მოსაწყობად მილიონი ლარი გამოყო...

- მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ არხის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, ზვიად რატიანის დაკავების ამსა­ხვე­ლი დამონტაჟებული ვიდეორგოლის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს...

- უცნაურია, რომ შსს-სგან არხმა ეს ვიდეორგოლი­ გამოითხოვა და მოთხოვნა იმ დღესვე დაუკმაყოფილეს, როდ­ე­საც ჩვენ წლების განმავლობაში არ გვაწვდიან საჯარო ინფ­ორ­მაციას...
მასალა დამონტ­აჟე­ბული იყო და არ ასახავდა სრულ ვითარებას. არც სამეურვეო საბჭოს, არც გენდირექტორს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის პასუხისმგებლ­ობას იღებს საკუთარ თავზე და რა ვალდებულებას გრძნობს ამ გაუგონარი­ ფაქტის გამო. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს არხის სახიფათო კურსსა და სარედაქციო პოლიტიკაზე.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით