საია: "საზმაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია" - კვირის პალიტრა

საია: "საზმაუწყებელში" სერიოზული კორუფციული რისკებია"

კორუფციის რისკი, კერძო ტელევიზიების ზარალი, გაუმჭვირვალე დასაქმების პოლიტიკა და დაბალი ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ - ეს იმ შენიშვნების მცირე ჩამონათვალია, რომლის გარშემოც მედია, სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკოსები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გაერთიანდნენ, თუმცა ცვლილებების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა უკვე მესამე მოსმენითაც დაამტკიცა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. სწორედ საკანონმდებლო პაკეტში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება სუსტდება და კორუფციის საფრთხე იზრდება, კერძო მაუწყებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს. "კვირის პალიტრა" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სულხან სალაძეს ესაუბრა:

- მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი ნორმები ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის არსსა და იდეას სრულად უკარგავს. განსაკუთრებით სახიფათოა რამდენიმე პუნქტი, მათ შორის, შესყიდვების გამარტივება და სტარტაპების დაფინანსების უფლება. ასეთ შემთხვევაში მენეჯმენტი ყოველგვარი რეგულირების სფეროდან გავა და საბჭოსთან შეთანხმების გარეშე სუბიექტურად შეძლებს ფინანსების განკარგვას, ანუ, თუ ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენითაც დაამტკიცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ექნებათ ბიუჯეტის თანხა მათთვის სასურველ სუბიექტსა თუ კომპანიას გადაურიცხონ, თანაც ისე, რომ სამართლებრივად ვერავინ გააკონტროლებს გარიგების კორუფციულ რისკებს. ცვლილებების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო მხოლოდ ფორმალური ორგანო გახდება და ამას საბჭო ბევრჯერ ინანებს.

- სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია და მედია პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ვეტო ვერ დასძლიოს?..

- თუ გავითვალისწინებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ეწინააღმდეგება სახიფათო ცვლილებებს, ვეტოს შAემთხვევაში დიდია ალბათობა, პარლამენტს მისი დაძლევა გაუჭირდეს. მაშინ, როცა კომერციული ბაზარი მცირდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება კი სულ უფრო მატულობს, თანაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უკვე შეადგენს მთლიანი სარეკლამო ბაზრის 50%-ს, მენეჯმენტი კერძო სექტორიდან დამატებით დაახლოებით 2 მილიონი ლარის გატანას აპირებს. ასევე ითხოვს სასპონსორო უფლებამოსილების გაზრდას, რაც ასევე სერიოზული კორუფციული რისკის შემცველია - გასული წლების სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკმაოდ დიდი დრო გაყიდა სპორტული თუ სხვა გასართობი შოუების პერიოდში რეკლამის სახით, თუმცა მცირე თანხა დაილექა მის ბიუჯეტში, დანარჩენი ფული შუამავალ კომპანიებში გადანაწილდა. ამასთან, მეტი შესაძლებლობა ექნებათ ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოვიდნენ და პრობლემა შეუქმნან კერძო ტელევიზიებს, ეს საფრთხეა დაბალბიუჯეტიანი ტელევიზიებისთვის.

- ხელმძღვანელობა არხის უფლებამოსილების გაფართოებას კონკურენტუნარიანობისა და რეიტინგის გაზრდასა და ახალი შენობისთვის რესურსების მობილიზებას უკავშირებს.

- მომავალ წელს მას 53 მილიონი გარანტირებული ექნება, 2019 წელს და შემდგომ წლებში კი ეს დაფინანსებაც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის პროპორციულად გაიზრდება. გარანტირებული დაფინანსების ტელევიზიას როგორ უნდა გავუთანაბროთ კერძო ტელევიზიის პირობები, მათ ხომ თითოეული ლარის მოსაპოვებლად უდიდესი შრომა უწევთ? კონკურენცია არც უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოტივაცია, მას სხვა ამოცანები აქვს საზოგადოების წინაშე.

თუ თითქმის 50 მილიონით ვერ უმკლავდები გამოწვევებს, დაფინანსების მცირედით გაზრდა ვერ იქნება გარანტია, რომ ტელევიზიის რეიტინგი გაიზრდება.

არაერთი ტელევიზიაა, რომელსაც ბევრად მცირე ბიუჯეტი აქვს, რეიტინგი კი ბევრად დიდია. თავიდანვე ნათელი იყო, არხი რა გეზს აიღებდა. პირველად ამის ნიშნები მაშინ გამოჩნდა, როდესაც ხელმძღვანელის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა წარადგინეს და არჩევნებიც გაუმჭვირვალედ წარიმართა.

პროცესი იმით გაგრძელდა, რომ დაანონსებული გაუგებარი რეფორმები რამდენჯერმე შეიცვალა და ათეულობით გადაცემის დახურვის შემდეგ, მაინც ვერ გავიგეთ, რა კონცეფცია აქვს არხს. მენეჯმენტის არათანამიმდევრულობა მაშინაც გამოჩნდა, როცა მაღლაფერიძემ განაცხადა, წლის ბოლოს ცალკე სპორტული არხი გვექნებაო, თუმცა გაირკვა, რომ სამეთვალყურეო საბჭოში ამაზე არც უმსჯელიათ. პროცესის გვირგვინი იყო ბრიუსელის ბიუროში ქაოსი. ჯერ ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას განუცხადეს, რომ ბიურო უნდა დახურულიყო, რადგან მისი შენახვის რესურსი თურმე არ გააჩნდათ. შემდეგ კი მენეჯმენტი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. ჩვენი ინფორმაციით, ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი თებერვლიდან საქართველოში უნდა დაბრუნდეს, ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოში განხილულ ახალ პროექტში ბრიუსელის ბიურო არც ყოფილა გათვალისწინებული, გაუგებარია, როგორ აანონსებს მაღლაფერიძე ბრიუსელის ბიუროს გაფართოებას და თანაც, იქ მომუშავე ჟურნალისტის გარეშე.

ფაქტობრივად, ბრიუსელის ბიუროს დახურვის ინიციატივა პოლიტიკური განაცხადია, რადგან ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირის ცენტრალური ოფისებია, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს ამბობს კონტაქტში იყოს ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებთან. არადა, არხს აქვს რესურსი იყოს წარმოდგენილი იქ, სადაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. ფინანსების უქონლობაზე გვესაუბრება არხის მენეჯმენტი მაშინ, როცა ბათუმის ოფისის მოსაწყობად მილიონი ლარი გამოყო...

- მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ არხის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი დამონტაჟებული ვიდეორგოლის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს...

- უცნაურია, რომ შსს-სგან არხმა ეს ვიდეორგოლი გამოითხოვა და მოთხოვნა იმ დღესვე დაუკმაყოფილეს, როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში არ გვაწვდიან საჯარო ინფორმაციას...

მასალა დამონტაჟებული იყო და არ ასახავდა სრულ ვითარებას. არც სამეურვეო საბჭოს, არც გენდირექტორს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და რა ვალდებულებას გრძნობს ამ გაუგონარი ფაქტის გამო. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს არხის სახიფათო კურსსა და სარედაქციო პოლიტიკაზე.

რუსუდან შელია