ფეხბურთი და პოლიტიკა, ანუ "უჰ, რა მომენტია?" - კვირის პალიტრა

ფეხბურთი და პოლიტიკა, ანუ "უჰ, რა მომენტია?"

"თუუგულავა ასეთი კარგია და ყველაფრის გამოსწორება უნდა, დაუბრუნოს მთაწმინდის პარკი პატარკაციშვილის ოჯახს"

"ეს ხელისუფლება ჩვენ გავაფუჭეთ"

"რწმენის დაკარგვამ და შიშმა ხალხი სახლში გამოკეტა"

"როდესაც ეს ხელისუფლება წავა, ცოცხალი თუ ვიქენი, არც ერთ პარტიას არ დავუჭერ მხარს"

ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილთან შეხვედრაზე მისულს კიდევ უფრო განმიმტკიცდა აზრი, რომ  ჩემპიონატის პერიოდში საქართველო (ისევე როგორც მსოფლიო) ფეხბურთით ცხოვრობს. ქალბატონმა ნონამ წინასწარ მითხრა, თან ფეხბურთს ვუყურებ და ისე ვისაუბროთო:

- უფეხბურთოდ ცხოვრება უინტერესო იქნებოდა. პრობლემებით დახუნძლულ ცხოვრებას ფეხბურთი ალამაზებს. სტადიონზე 5 წლიდან დავდიოდი. ფეხბურთი არა მარტო მიყვარს, არამედ კარგადაც ვიცი. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს იმით გამოვარჩევ, რომ ძალიან უცნაური შედეგები ფიქსირდება, ტოტალიზატორები გაკეთდნენ.

იმედია, ესპანეთი და არგენტინა ფინალში გავლენ. საფრანგეთი, რომლის გულშემატკივარი დიდი ხანია ვარ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, ცუდად თამაშობს და ეს მწვრთნელის დანაშაულად მიმაჩნია, - მეუბნება ნონა გაფრინდაშვილი და თვალს არ აცილებს ტელეეკრანს. მართლაც ეტყობა, რომ ის, რაც სტადიონზე ხდება, თავდავიწყებით უყვარს.

- სპორტსა და პოლიტიკას ხშირად აკავშირებენ ერთმანეთთან, ხედავთ მათ შორის  საერთოს?

- თუ სპორტსმენს პოლიტიკაში ცუდი მიზნებისთვის გამოიყენებ, ცუდია. ჩვენს ქვეყანაში უკვე სპორტსმენებს კი არა, შოუბიზნესსა და კულტურას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისათვის. თუ ადამიანს რაღაცაზე უარის თქმა არ შეუძლია, სჯობს განზე გადგეს და გაჩუმდეს, ვიდრე ცუდ ამბებს დაუჭიროს მხარი.

- წარმომადგენლობითი სახალხო კრების იდეა, რომლის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბრძანდებით, პოლიტიკასთან არის კავშირში. უდიდესმა საჭადრაკო გამოცდილებამ  რაიმე სვლა თუ გიკარნახათ?

- ისეთი ხელისუფლება გვყავს და ისეა დაშინებული ხალხი, ვერაფერს დავგეგმავ. ამ ხელისუფლების მმართველობა ძალადობაზეა აგებული, მაგრამ შეუძლებელია პასიური დამკვირვებლის როლში ყოფნა, როდესაც ხელისუფლების არაადეკვატური მოქმედებების გამო ქვეყანა დაღუპვის პირას დგას. ერთი შემთხვევა მახსენდება. საბჭოთა დროს იყო, აღარ მახსოვს მერამდენე გზის მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი, რომ გაზეთ "ნედელიაში" ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა.

ინტერვიუში განვაცხადე, იურიდიული ლიტერატურა მაინტერესებს-მეთქი და უცნობმა ადამიანებმა ძალიან საინტერესო წიგნები გამომიგზავნეს. ერთ-ერთში იყო ცნობილი ადვოკატების გამოსვლები სასამართლო პროცესებზე. ამ წიგნიდან ერთი ეპიზოდი ჩამრჩა მეხსიერებაში. ასამართლებდნენ კუზიანს, რომელმაც მოკლა კაცი. მას წლების განმავლობაში შეურაცხყოფდნენ, ფიზიკური ნაკლის გამო დასცინოდნენ.

ადვოკატი მეგობრებს დაენაძლევა, ამ საქმეს რამდენიმე წინადადებით მოვიგებო. დაიწყო სასამართლო პროცესი და ადვოკატი ხმას არ იღებს. უცებ სრულიად უადგილოდ მიმართა მოსამართლეს. მოსამართლემ უპასუხა, ცუდ დროს მაჩერებო. ადვოკატმა მეორედაც იგივე გააკეთა და  კიდევ მისცა შენიშვნა მოსამართლემ. მესამედაც იგივე რომ განმეორდა, მოთმინებადაკარგულმა მოსამართლემ ხმას აუწია.

ადვოკატმა მოუბოდიშა და გაჩუმდა. როდესაც სიტყვა მისცეს, ადვოკატმა თქვა, ბატონო მოსამართლე, ზრდილობიანად მოგმართეთ, რაღაცის თქმა დავაპირე და ეს ვერ აიტანეთ, წარმოიდგინეთ ახლა იმ კუზიანის მდგომარეობა, რომელსაც ფიზიკური ნაკლის გამო წლების განმავლობაში დასცინოდნენო. მოსამართლემ კუზიანი გაამართლა.

ამდენი შეურაცხყოფის შემდეგ ჩვენი ხალხი რომ გაბრაზებულია, არ უნდა გაუკვირდეს ხელისუფლებას. სააკაშვილმა არ შეასრულა ვალდებულებები, რომლებიც რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგაც იკისრა. სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია, თითქმის ყველა მედიასაშუალება ხელისუფლებას აქვს ოკუპირებული და აკონტროლებს, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქონების კონფისკაცია. ბიუჯეტი როგორ იხარჯება, გასაიდუმლოებულია, პოლიცია მოსახლეობაზე ძალადობს.

მკვლელობები, წამება, უკანონო დაპატიმრებები ისევ გრძელდება. დამნაშავეები კი არ ისჯებიან, რადგან ამ დანაშაულებს დანაშაულის ჩამდენი რეჟიმი იძიებს. ხალხს ხმა მაშინ უნდა ამოეღო, როდესაც  პირველად მიაყენეს შეურაცხყოფა. ხმის ამოღების ნაცვლად, შეურაცხყოფა ჩავყლაპეთ. როდესაც უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, მათ ოჯახებს გვერდში არ დავუდექით; როდესაც მოქალაქეებს სახლები დაუნგრიეს, შევეგუეთ;

მხარი არ დავუჭირეთ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც განათლების სისტემის ნგრევას აპროტესტებდნენ და ამის გამო ათასგვარ შეურაცხყოფას აყენებდნენ; იმასაც მოვუყრუეთ, პროფესორები უნივერსიტეტიდან პატრულის დახმარებით  რომ გააძევეს. როდესაც ამდენ უმსგავსობაზე ვდუმდით,  ეს ხელისუფლება ჩვენ გავაფუჭეთ, - ამდენ დანაშაულს რომ წავუყრუეთ, იფიქრეს, ამ ხალხთან ძალადობით ყველაფერს გავხდებითო.

როდესაც გამოვფხიზლდით და ერთმანეთის გვერდით დგომა გადავწყვიტეთ, პროცესი იმდენად შორს იყო წასული, შედეგს ვეღარ მივაღწიეთ - ხალხიც დაითრგუნა და ოპოზიციაც. ხალხი უკვე აღარ ენდობა ოპოზიციას, რომელსაც მართლა უნდა  ხელისუფლების შეცვლა. ხალხს ოპოზიციისა და ბრძოლის რწმენას ჭორების დაგდებით უკარგავენ. ხშირად გვესმის, ეს იმას გაურიგდა, ამან ფული აიღოო. ამას არ დავიჯერებ და მით უმეტეს, არც გავიმეორებ. რწმენის დაკარგვამ და შიშმა ხალხი სახლში გამოკეტა.

- მაგრამ იყო დრო, როცა 200 ათასი კაციც გამოვიდა ქუჩაში.

- ისეთი მასშტაბის უკანონობა ჩაიდინა ამ ხელისუფლებამ, 200 ათასი არ კმარა მის მოსაცილებლად. ხელისუფლება იმდენად გათავხედდა, ახლა მთელი ერის დარაზმვაა საჭირო.  როდესაც ეს ხელისუფლება წავა, ცოცხალი თუ ვიქენი, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ დავუჭერ მხარს. წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიზანი ვადამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მიღწევაა, ამასობაში პოლიტიკოსებმა საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის უნდა იბრძოლონ.

- საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლამდე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა შეცდომა იყო?

- რა თქმა უნდა. ამით ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნები და არსებობა "გაუპრავა", უცხოელებს კი ათქმევინა, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყოო. არჩევნებზე ათასნაირი დარღვევა იყო და როგორ შეიძლება პირველივე დღეს გამარჯვება მიულოცო ხელისუფლებას და პროცესები დიპლომატიურ ჭრილში გადაიყვანო?

თუ უგულავა ასეთი კარგია და ყველაფრის გამოსწორება უნდა, დაუბრუნოს მთაწმინდის პარკი პატარკაციშვილის ოჯახს.

ჩვენ ხომ ვიცით, რა შესანიშნავი პარკი გააკეთა იმ კაცმა და რამხელა თანხა დახარჯა ამისთვის? არ არის საკმარისი, სიცოცხლე რომ შესწირა ამათ? ბადრის ოჯახი სასამართლო პროცესებს იგებს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ამ ხელისუფლების ხელში მიუღწეველი გახდა. შეხედეთ, რას დაამგვანეს "იმედი"?!

ამ ტელეკომპანიის გამო დავა უკვე დასრულებულია და უცხოური სასამართლოს გადაწყვეტილებით ის პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაა, მაგრამ ხელისუფლებას სასამართლოს გადაწყვეტილებები არ აინტერესებს. უგულავასთან შეხვედრისას ან დებატებზე რატომ არ დასვა ეს საკითხები ოპოზიციამ?  პოლიტიკოსებთან საუბარიM მხოლოდ სახალხო კრების მოწყობის თაობაზე მექნება. მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან ვითანამშრომლებ, რომელთაც არსებული ხელისუფლების შეცვლა და  ვადამდე არჩევნები უნდათ.

ქალბატონ ნონას მზერა ისე დაეძაბა, ვატყობ, სტადიონზე რაღაც სასწაული ხდება.

- აუ, წითელი! კლოზე გააგდეს?!

ბადრი რომ გარდაიცვალა, ვთქვი, პოლიტიკაში აღარ ვარ-მეთქი და მას შემდეგ ნეიტრალიტეტს ვიცავ. საჯაროდ არასოდეს მითქვამს, ვის ვემხრობი და რატომ... უჰ, გოლი! მე სერბეთს ვემხრობი... (ემოციას ვერ მალავს ქალბატონი ნონა. - ავტ.).

სახალხო კრების ძალისხმევით ვადამდე არჩევნებს თუ მივაღწიეთ, განზე გავდგები, ჩემს აზრს გულში დავიტოვებ და არც ერთი პარტიის მხარდამჭერ განცხადებას არ გავაკეთებ.

- კარგა ხნის წინ პრესაში წავიკითხე, გიგა ბოკერიას არ უყვარს ნონა გაფრინდაშვილი, რადგან ნანა ალექსანდრია მის გამო ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონიო.

- ეს ვიღაცის ცუდი ხუმრობა იყო. ასეთი რამის დაწერა როგორ შეიძლება? არა მგონია, გიგას ეს ეთქვას. მე და ნანას შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, თუმც პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ. უფრო სწორად, რაღაც ეტაპამდე ვლაპარაკობთ და მერე ვჩერდებით.

არ შეიძლება უიმედოდ ცხოვრება და ძალმომრეობასთან შეგუება. შვილიშვილები მყავს და მინდა მათ სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ. თუ გეშინია და ამის გამო ხმას არ იღებ, უარესი მოგივა. ხომ ხედავთ, სააკაშვილი ადრე ამბობდა, 30 წლით მოვედით ხელისუფლებაშიო, ახლა კი გამოაცხადა, იაპონიაში 60 წელი პარტიული მმართველობა იყოო. 2013 ან 2033 წელს კი არა, სააკაშვილის გუნდი 60 წლის მერეც არ ფიქრობს წასვლას... უჰ, რა მომენტია! დარტყმა, ეჰჰ!.. დარტყმა, ეჰჰ!.. რას გადარჩა გერმანია?

- ქალბატონო ნონა, დიდი მადლობა. იმედია, ჩვენც გადავრჩებით.