რევოლუციები საუკუნეში ერთხელ ხდება... - კვირის პალიტრა

რევოლუციები საუკუნეში ერთხელ ხდება...

"მაშინ, როდესაც ჩვენი ინიციატივით ტელევიზიებს ჩამოვაწერეთ ფინანსური დავალიანებები, გამორიცხულია პრესის მდგომარეობა დამძიმდეს"

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ აქტუალური თემა მოსალოდნელი საკადრო გადაადგილებები გახდა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან საუბარი საკადრო ცვლილებების მიზეზითა და ადგილობრივი არჩევნებით დავიწყეთ:

- ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლებას ორი მთავარი ამოცანა ჰქონდა: არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილიყო სამართლიანობის განცდა და მეორე - ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორებისათვის მიგვეწოდებინა სიგნალი, რომ საქართველოში  ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებზე ორივე ეს ამოცანა შესრულდა.  მადლობას ვუხდი ამ არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს.

თუ წინა არჩევნებზე აქცენტი პერსონალურ შეტევებსა და ლანძღვა-გინებაზე იყო, ამ არჩევნებში ყველა მონაწილე იმ თემებზე ლაპარაკობდა, რომელიც ხალხს აწუხებს. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. წინგადადგმული ნაბიჯია იმითაც, რომ ოპოზიციამ აღიარა არჩევნების შედეგები და მათმა უმრავლესობამ გამოთქვა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი. თბილისის საკრებულოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა უკვე დაიწყო.

- ოპოზიციის ნაწილს მტკიცედ სჯერა, რომ არჩევნებით ეს ხელისუფლება არასოდეს შეიცვლება.

- ეს ძალიან ცუდი ფორმულირებაა. მე რომ ვიყო ოპოზიციაში, არასოდეს ვიტყოდი, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებას ვერ შევცვლით. ფაქტობრივად, ეს იმის აღიარებაა, რომ ხალხის მხარდაჭერით ვერ შეცვლი ხელისუფლებას. ნებისმიერი ხელისუფლების შეცვლა სწორედ ოპონირებით შეიძლება. ამ არჩევნებშიც, სადაც ხელისუფლებამ გაიმარჯვა, ოპოზიციამ დიდი რაოდენობით ხმა მიიღო და მიიღო არა იმიტომ, რომ ლანძღვა-გინებაზე იყო ფოკუსირებული, არამედ იმიტომ, რომ პრობლემებზე ლაპარაკობდა.

ნებისმიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მოუწევს შეგუება იმ აზრთან, რომ თუ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით სურთ, ნაკლებად უნდა ილანძღონ, მეტად დაფიქრდნენ სამოქმედო პროგრამებზე, რა წინადადებებით მიდიან ამომრჩეველთან.

- არჩევნები რომ მშვიდად ჩატარდა, ამაზე არც ოპოზიცია დაობს. თუმც იყო სიახლეც, არნახულად აქტიური კოორდინატორი ქალები, რომელთაც გუბაზ სანიკიძემ ამორძალი-კოორდინატორები უწოდა.

- პოლიტიკოსები რაც ნაკლებად მივაყენებთ ამომრჩეველს შეურაცხყოფას, მით მეტ ხმას მივიღებთ არჩევნებზე.  როდესაც ადამიანს შეურაცხყოფ, არ უნდა გიკვირდეს, რომ ხმას აღარ გაძლევს არჩევნებზე. აქტივისტები არჩევნებზე მიღებული პრაქტიკაა. თუ ვინმემ ეს არ იცის, ვურჩევ, ნახოს ამერიკაში კონგრესის შუალედური არჩევნები. თუ ვინმეს ამ არჩევნებზე დაკვირვების სურვილი ექნება, დავეხმარებით მიწვევის მიღებასა და აშშ-ში გამგზავრებაში.

ნახავს, რომ ეს აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკაა დემოკრატიულ ქვეყნებსა და აშშ-ში, საიდანაც გვქონდა წამოღებული ჩვენი პოლიტიკური კამპანიის ძლიერი ელემენტები, მათ შორის ე.წ. კარდაკარი. კარდაკარის ერთ-ერთი ელემენტია არჩევნების დღეს ამომრჩევლის მობილიზაცია. პარტიის ეფექტურობის მაჩვენებელი კრიტერიუმია, თუ რამდენად ახერხებს ის თავისი ამომრჩევლების მობილიზებას არჩევნების დღეს.

- პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებამ, რომ იაპონიაში ერთი პარტია 60 წელი მართავდა ქვეყანას, ოპოზიციას აფიქრებინა, "ნაციონალებიც" 60 წლით არიან მოსული ხელისუფლებაშიო.

-  "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ზუსტად იმდენ ხანს იქნება, რამდენ წელსაც მისცემს ხმას მოსახლეობა. პრეზიდენტის მოყვანილი მაგალითები სწორედ იმას გულისხმობდა, რომ 6 წლის განმავლობაში არჩევნების მოგება არ არის განსაკუთრებული შემთხვევა. მაგალითად, ჰელმუტ კოლის დროს ქრისტიან-დემოკრატები გერმანიაში 17 წელი მართავდნენ ქვეყანას. ასე რომ, თუ ხელისუფლება ყველა არჩევნებზე არ იცვლება, საგანგაშო და არაბუნებრივი არაფერია.

- ფრანგულ პრესასთან საუბარში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული პრესა საზიზღარია. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- პრეზიდენტის ტერმინი "საზიზღარს" კი არა, უფრო "მწარეს" გულისხმობდა. თუ გადავხედავთ, რა ლანძღვა-გინებაა პრესაში პრეზიდენტზე, რომელიც ზოგჯერ ზრდილობის ფარგლებსაც  სცდება, აღარ მიკვირს ეს შეფასება. ეს არ ეხება ყველა გაზეთს, არ ეხება თქვენს გაზეთს, მაგრამ არის გაზეთები, სადაც პრეზიდენტისა და მისი ოჯახის შეურაცხმყოფელ არაერთ ეპითეტს ნახავთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჟურნალისტი მიიჩნევს, რაც უფრო უშვერად მოვიხსენიებ პრეზიდენტს ან სხვა თანამდებობის პირს, მით უფრო გამოვხატავ საკუთარ ძლიერებას როგორც ჟურნალისტიო.

- პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენიმე დღეში საგადასახადო კოდექსიდან გაქრა ის საგადასახადო შეღავათები, რაც პრესას ჰქონდა, ბევრმა ეს სწორედ პრეზიდენტის ნებას დაუკავშირა.

- თავისუფალი პრესა უპირველესად ქართველი საზოგადოების უდიდესი მიღწევაა. ჩვენ იმდენად თავისუფალი საზოგადოება გვაქვს, წარმოუდგენელია, ვინმემ საქართველოში ცენზურა შემოიღოს, პრესა და თავისუფალი აზრი შეზღუდოს. ხელისუფლებაში არავინ აპირებს პრესის შეზღუდვას და მასთან ბრძოლას.

ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს შეუძლია დაწეროს ის, რაც უნდა და მის წინააღმდეგ ვერავინ აღძრავს საქმეს სასამართლოში, ჟურნალისტს ვერ უჩივლებენ იმის გამო, რაც დაწერა, თუნდაც ეს შეურაცხყოფა და ტყუილი იყოს. გადახედეთ მეზობელ ქვეყნებს და ნახავთ, რამდენი ჟურნალისტია დაჭერილი და მოკლული. საქართველოში ამდაგვარი არაფერი ხდება.

- რას იტყვით საგადასახადო შეღავათების გაუქმების საფრთხეზე?

- თუკი გაზეთების სურვილი იქნება, რომ შეღავათები დარჩეს, მზად ვართ, ამ საკითხზე პარლამენტში ვიმსჯელოთ.

მაშინ, როდესაც ჩვენი ინიციატივით ტელევიზიებს ჩამოვაწერეთ ფინანსური დავალიანებები, გამორიცხულია პრესის მდგომარეობა დამძიმდეს. ამდაგვარი არაფერი იგეგმება. დარწმუნებით გეუბნებით, პრესას შეღავათები კვლავ დარჩება.

- რამდენიმე დღის წინ მიუნხენში ირაკლი ოქრუაშვილის, ნოღაიდელის, ლევან გაჩეჩილაძისა და ეროსი კიწმარიშვილის შეხვედრა გაიმართა და როგორც ითქვა, მათ ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე ისაუბრეს.

- რევოლუციები საუკუნეში ერთხელ ხდება. გადატრიალებები, სამოქალაქო ომი და სისხლის ღვრა საკმარისად ვნახეთ საქართველოში. ვხედავთ, რაც ხდება ბიშკეკში. საქართველოში ამის გამეორებას არ დავუშვებთ. ამიტომაც ყველა პოლიტიკოსისთვის ნათელი უნდა იყოს, - ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, უფრო რაციონალურად და საღად უყურონ ამ პროცესს.

- დასასრულ, მინდა მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე გკითხოთ. ამბობენ, რომ მთავრობის გადახალისება იგეგმება.

- გასაგებია თქვენი ინტერესი, რადგან საკადრო ცვლილებებს მუდმივად ახლავს ინტრიგა. საკადრო ცვლილებები იქნება, ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია. ჩვენი გუნდის ძალა ის არის, რომ არ გვეშინია ადამიანების შეცვლის, როდესაც ისინი თავიანთ ფუნქციას ვეღარ ასრულებენ.

ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩაკეტილი სისტემა ვიყოთ, სადაც იმის გამო, რომ  5 წლის წინ ხელში დროშა მეკავა ან პარტიის რომელიღაც ლიდერთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თანამდებობაზე ყოფნა ცხოვრების ბოლომდე გარანტირებული მქონდეს. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს  მთავრობის ცვლილებაა და პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა უნდა გამოაცხადონ.