" რაღაც ტილაობებით ნუ არის დაკავებული.ჩემი გეგმა წაიღოს, უსინდისო ვიყო, თუ დავაყვედრო" - კვირის პალიტრა

" რაღაც ტილაობებით ნუ არის დაკავებული.ჩემი გეგმა წაიღოს, უსინდისო ვიყო, თუ დავაყვედრო"

დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მისი კონკურენტის და არჩეული მერის, კახა კალაძის საქმიანობას აფასებს.

როგორც ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებს ვერ აგვარებს და მხოლოდ პიარით არის დაკავებული.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კულტურა უნდა დავამკვიდროთ - ყველა ახალარჩეულ ადამიანს არ შეიძლება მეორე დღეს ეძგერო და დაუწყო კრიტიკა, უნდა გამოაჩინოს თავი, რისი შნო ჰქონდა და არ ჰქონდა. 100 დღის თავზე შემიძლიათ გითხრათ, რომ სერიოზული არაფერი გაკეთებულა. მე რასაც ვუყურებ, არის გაშმაგებული პიარი, ასე მოვრეცხეთ, ისე მოვრეცხეთ". კარგია, მორეცხეთ, მაგრამ მთავარი გამოწვევების მოგვარების პირს მე ვერ ვხედავ. გავიხსენოთ ის, თუ რა არის მთავარი გამოწვევები, ამ ქალაქში არის შხამიანი ჰაერი, კატასტროფული მდგომარეობაა საცობების თვალსაზრისით, სატრანსპორტო მოძრობა ძალიან ცუდადაა ორგანიზებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაფრად ვარგა და მშენებლობები არის ქაოსში. კი, სამ თვესა და 100 დღეში ამ პრობლემებს ვერ გამოასწორებ, მაგრამ ტენდენციებს გამოსწორების მხრივ ვერ ვხედავ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა კახა კალაძის ერთ-ერთ ინიციატივას, რომლის მიხედვით, მერმა თქვა, რომ სატვირთო და დისტრიბუციის მანქანებმა განსზაღვრულ საათებში უნდა იმოძრაონ. ელისაშვილის აზრით, კალაძის ეს ინიციატივა ტრანსპორტთან დაკავშირებით ქალაქში არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს და ახალ მერს ტრანსპორტის კუთხით არსებულ მის გეგმას სთავაზობს.

"ასეთ რაღაცას ვეტყვი კახი კალაძეს, რაღაც ტილაობებით ნუ არის დაკავებული. ტრანსპორტთან და ზოგადად, დიდ პრობლემებთან დაკავშირებით, რითაც არის დაკავებული, არის ტილაობები. ჩემი გეგმა წაიღოს, უსინდისო ვიყო, თუ დავაყვედრო. ჩემს გარშემო იყვნენ გუნდში პროფესიონალები, მათ შორის, სატრანსპორტო თვალსაზრისითაც. იმ გეგმის გარეშე, რომელზეც მე ვლაპარაკობდი, გამორიცხულია საცობების მოწესრიგება", - აღნიშნა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილს პრეტენზიები გააჩნია კახა კალაძის გუნდთან დაკავშირებით. მისი თქმით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი ამ თანამდებობისთვის "ცუდი კადრია".

"ამ გუნდთან დაკავშირებით მაქვს ძალიან სერიოზული პრეტენზია, ყველაზე ცუდი რაც ხდება ეს არის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. მე მორატორიუმი დავარღვიე 2 კვირის წინ და დავწერე, რომ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის დაძირვა ხდება. ძალიან ცუდი კანდიდატურა ჰყავს შერჩეული მთავარ არქიტექტორად. ჯერ ერთი, ეს კაცი პრეფესიით იურისტია, ვგულისხმობ ბოლოთაშვილს. ის არის ძალიან ცუდი კადრი, ის იყო მთავარი არქიტექტორის მოადგილე. მაშინ რომ ვერეფერი გააკეთა, ახლა რატომ გააკეთებს?!", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, გადაცემაში ალეკო ელისაშვილი მასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მოსაზრებებსაც გამოეხმაურა. "ფეისბუქში" ვკითხულობდი, სად არის ელისაშვილი?! ფული აიღო და გაჩუმდაო. ახალი წელი იყო და ახალწლებზე ყველა რასაც აკეთებს, იმას ვაკეთებდი მეც, ახლობლებთან ურთიერთობით... რა თქმა უნდა, სისულელეა, რომ "ფული აიღო", ყველას ეს აქვს ტვინში", - აღნიშნა ელისაშვილმა.