ლენინი ფინეთის ვაგზალზე - კვირის პალიტრა

ლენინი ფინეთის ვაგზალზე

ლენინი მიუნხენში შეკრებილმა ქართველმა რევოლუციონერებმა გამახსენეს. ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის იდეის დამარცხების შემდეგ იმ ძალებს, ვინც გამოსავალს მხოლოდ რევოლუციაში ხედავს, ფართო ასპარეზი მიეცათ.

ისინიც გააქტიურდნენ და კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ. კონკრეტული ქმედებები ამ ეტაპზე კონკრეტული ქმედებებისთვის გეგმის შემუშავებას გულისხმობს. განა გეგმის შემუშავება სადმე თბილისში, ვთქვათ, ავლაბარში არ შეიძლებოდა, მაინც რევოლუციური წარსულითაა გაჟღენთილიო, იკითხავთ თქვენ. არ შეიძლებოდა! იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი რევოლუციონერი ლენინივით ემიგრაციაში იმყოფება, ჰოდა, ჩააკითხეს აქედან ბიჭებმა.

ბურჯანაძე აქ დარჩა, ჯერ ჩემს თავს ვერანაირ გაერთიანებაში ვერ ვხედავო. თუმცა ვარაუდობენ, რომ სწორედ ის იქნება ამ გაერთიანების ლიდერი და არა ოქრუაშვილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ, რომ ემიგრაციაშია და რევოლუციას უჭერს მხარს, ლენინს შევადარე. თუმცა, ალბათ, ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება რევოლუციური გაერთიანების ლიდერი.

მთავარია, შედგება თუ არა გაერთიანება და დაუჭერს თუ არა მხარს ხალხი კიდევ ერთი რევოლუციის იდეას. დღეს ოპოზიციური სპექტრი ორ ძირითად ნაწილად გაიყო: ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, და ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ სააკაშვილს მხოლოდ რევოლუციით თუ დაამარცხებ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ორივე მეთოდი უკვე რამდენჯერმე სცადეს ჩვენმა ოპოზიციონერებმა და ვერც არჩევნების და ვერც რევოლუციის აგორების ცდით სააკაშვილი ვერ დააქვეითეს. მაგრამ რა ქნან, ბუნებაში ხელისუფლების შეცვლის სხვა მეთოდი არ არსებობს და ესენიც წრეზე დადიან:

რევოლუციის იდეა ჩავარდება, მოდი, არჩევნებზე წავიდეთო, იტყვიან არჩევნების მომხრეები;  არჩევნებზე ოპოზიცია წააგებს,  ხომ ხედავთ, მარტო რევოლუცია თუ გვიშველისო, იხუვლებენ რევოლუციონერები და ა. შ.

ახლა რევოლუციონერების ჯერია. არჩევნები 2012 წლამდე ჩანიშნული არ არის. ჰოდა, მანამდე როგორმე უნდა მოხერხდეს მინავლებული რევოლუციური მუხტის თავიდან გაღვივება, ნიადაგის შემზადება და როცა დრო მოვა, ემიგრაციიდან პეტროგრადში დაბრუნებული ლენინივით, რომელიც ჯავშნოსანზე შეხტა და პირდაპირ ფინეთის ვაგზალზე გამართა მიტინგი, ოქრუაშვილიც ალბათ აეროპორტში მიმართავს გაბრწყინების გზაზე შემდგარ საქართველოს.

მერე, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, რევოლუციით შთაგონებული რომელიმე მხატვარი დახატავს ნახატს "ოქრო-ბიჭი თბილისის აეროპორტში", იქვე ძეგლსაც დაუდგამენ და იქნება ყველაფერი გაბრწყინებული. საკმარისად გაბრწყინებული საიმისოდ, რომ ვიღაცამ მერე ახალ რევოლუციაზე იფიქროს.

რისხვა, თანაც ყურძნის

გინახავთ თქვენ განრისხებული ყურძენი? არა? ძალიან ცუდი. აი, ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებს უნახავთ. შაბათს ვზივარ და ჩემს "ფიქრებს" ვწერ. ორ საათზე ჩავრთე "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა" და ვუსმენ. ვფიქრობ, იქნებ სადმე მიშა გამოვიდა და თავისებურად რაღაც დააბრეხვა, არ გამომრჩეს, როგორც ყოველთვის, კარგ მასალას მომცემს-მეთქი. შენც არ მომიკვდე, მიშას იმ დღეს დაუსვენია. არსად არაფერი გაუხსნია და არც არაფერი უთქვამს.

ის იყო გულდაწყვეტილი ტელევიზორის გამორთვას ვაპირებდი, რომ "იმედის" წამყვანმა მამცნო: ნიუ-იორკში ცნობილი მწერლის ჯონ სტაინბეკის ნივთებს და ხელნაწერებს აუქციონზე გაყიდიანო. ერთი წუთით შევყოვნდი, რაღაც გამოუქვეყნებელი ნაწარმოებიც გამოუტანიათ, რომელიც ნამდვილ სენსაციად იქცაო, გვითხრა "იმედმა". ბოლოს სტაინბეკის შესახებ რამდენიმე სიტყვის თქმაც გადაწყვიტეს და მოგვახსენეს, რომ იგი ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომლის მთავარი ნაწარმოებია "ყურძნის რისხვა".

სტაინბეკი რომ საქართველოში უცნობი მწერალი იყოს, კიდევ გასაგებია, მაგრამ მისი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქმნილება ქართულად ნათარგმნია. თავადაც იყო საქართველოში. ერთ დროს თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი რომანი "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა". ის რომანიც, რომლის სახელწოდებაც ასე დაამახინჯეს, ქართულად ადრევეა ნათარგმნი. რომანს სინამდვილეში "მრისხანების მტევნები" ეწოდება.

აბა, სად "ყურძნის რისხვა" და სად "მრისხანების მტევნები". ამ "ნიუსმა", სულ ცოტა, სამი კაცის ხელში ხომ გაიარა? ერთი იმ ჟურნალისტის, ვინც ინგლისურიდან თარგმნა; მეორე - რედაქტორის და მესამე  - წამყვანის, ნუთუ ერთს მაინც არ სმენია ამ ნაწარმოების სწორი სახელწოდება, ან ეჭვი მაინც არ გაუჩნდა, "ყურძნის რისხვა" ნეტა რას უნდა ნიშნავდესო? შემდეგ საგანგებოდ მოვუსმინე ხუთსაათიან გამოშვებასაც, იქაც იგივე გაიმეორეს. კი მაგრამ, ხელმძღვანელობიდანაც არავინ მოისმინა, რომ შეცდომაზე მიეთითებინა? შეიძლება, ვინმემ თქვას, ნეტავ ეგ იყოს "იმედის" მთავარი პრობლემაო. მე კი ვფიქრობ "ეგ" ქართული ჟურნალისტიკის მთავარი პრობლემაა.

დაშლა-არმოშლას გაუმარჯოს

ამ წერილს ასე ნამდვილად ვერ დავიწყებ: - "ალიანსი" რომ დაიშალა, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი-მეთქი. არა, ბატონებო, "ალიანსმა" ეპოქის შექმნა ვერ მოახერხა. არც დრო და, სამწუხაროდ, არც უნარი ამ გაერთიანებას ქართულ პოლიტიკაში ახალი ეპოქის შესაქმნელად არ აღმოაჩნდა. თავიდან ბევრი უყურებდა მას იმედის თვალით: მეტ-ნაკლებად სერიოზული ხალხი შეიკრიბა და იქნებ რაღაც გამოვიდეს, ოპოზიციურ ფლანგზე სოლიდური და სტაბილური ჯგუფი ჩამოყალიბდესო, მაგრამ დიდი ბოდიში - "ალიანსმა" ერთ სერიოზულ გამოცდასაც ვერ გაუძლო. ისევე როგორც ბევრი სხვა ოპოზიციური გაერთიანება, "ალიანსიც" მკვდრადშობილი, ჩანასახშივე განწირული აღმოჩნდა.

არადა, თავიდან რა რიხით დაიწყეს: ჩვენ ვართ ხელისუფლების ერთადერთი სერიოზული ალტერნატივა, ჩვენ შევცვლითო და ა.შ. ეს ყველაფერი დღეს ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. განსაკუთრებით დავით გამყრელიძის მიერ ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება. საპრეზიდენტო არჩევნებს ვინ ჩივის, ამ გაერთიანებამ საპარლამენტომდეც ვერ მიაღწია და უკვე შეიძლება ისიც გაგვიკვირდეს, როგორ მიაღწია ადგილობრივ არჩევნებამდე. ალბათ, სული კბილებით ეჭირა და ფინიშის ხაზი როგორც კი გადალახა, ეგრევე განუტევა, ან გააცხო, ან გააფრთხო, როგორც მოგეწონებათ. მოკლედ, ჩაჰბარდა პატრონს.

პატრონი ამ შემთხვევაში ისტორიაა, რომლის ფურცლებზეც ეს გაერთიანება ერთ გვერდსაც ვერ დაიკავებს, ჰა- ჰა, ერთი აბზაცი ერგოს, ან შეიძლება მხოლოდ ერთი წინადადება: - ასეთი გაერთიანებაც არსებობდა, სახელწოდებით "ალიანსი საქართველოსთვის". დიახ, მხოლოდ არსებობდა. ეს გაერთიანება მარტო არსებობით თუ დაიკვეხნის, სხვა მან ვერაფერი შეძლო. მთავარი კითხვა ახლა ასე ჟღერს: რა აზრი ჰქონდა მის არსებობას, რითი იყო ის გამართლებული? ერთხელ ტუტანხამონის სამარხის აღმომჩენს უთქვამს, ამ ფარაონის მთავარი დამსახურება ის არის, რომ დაიბადა და მოკვდაო.

დიახ, ის რომ არ დაბადებულიყო, მეცნიერები იმ განძს ვერსად იპოვიდნენ, მაგრამ რა განძს უტოვებს ქართულ პოლიტიკას "ალიანსი"?  ალასანიას?  ფაქტია, "ალიანსის" დაშლა მისი გადაწყვეტილება იყო. რესპუბლიკელები და ახლები ამტკიცებენ, რომ მათ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია, ლამის ერთ პარტიად გადაქცევა სურდათ, მაგრამ ალასანიამ საკუთარი პარტიის გაძლიერება გადაწყვიტა. რა იყო ალასანიას მთავარი აქტივი, როდესაც იგი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა? სიახლის განცდა და ოპოზიციის, თუნდაც ერთი ნაწილის გამაერთიანებლისა და მისი ლიდერის სტატუსი. დღეს იგი უკვე ახალი აღარაა, აღარც გამაერთიანებელი. მაშინ რაღა დარჩა? მოდი, მას წარმატება ვუსურვოთ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამავეს უსურვებენ მას რესპუბლიკელები და "ახლებიც", თუმცა ეჭვი მაქვს, გულწრფელი არ არიან. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ეტყობათ, ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ იმედი, რომ ალასანია მათთან დაბრუნდება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფიქრობენ: წავა, ნახავს, რომ მარტო ვერაფერს მიაღწევს, ისევ ჩვენთან მოვა და გაერთიანებაც აღდგებაო. ერთხელ დავწერე, ჩვენს ოპოზიციას ამომრჩევლებისთვის ერთადერთი, რისი შეთავაზებაც შეუძლია, სხვადასხვა გაერთიანებაა, ამიტომ არჩევნების წინ იშლებიან და მერე სხვადასხვა კონფიგურაციით ისევ ერთიანდებიან, იშლებიან და ერთიანდებიან-მეთქი. როგორც ჩანს, ჩვენი ოპოზიცია დაშლა-გაერთიანებას არასდროს მოიშლის, ამიტომ მოდი, დასასრულს დაშლა-არმოშლის სადღეგრძელო შევსვათ.