"საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების გადაცემამ მოსკოვი ძალიან გააბოროტა" - რას ამბობს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ექსშეფი?! - კვირის პალიტრა

"საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების გადაცემამ მოსკოვი ძალიან გააბოროტა" - რას ამბობს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ექსშეფი?!

ამ დღეებში კიევში გამოვიდა მემუარული წიგნი სათაურით "უკრაინის სამხედრო დაზვერვა მეორე ათასწლეულის მიჯნაზე", რომლის ავტორია მზვერავი და დიპლომატი, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ გვოზდი. მან ინტერვიუ მისცა გაზეთ «Факты и комментарии»-ს კორესპონდენტს იგორ ოსიპჩუკს და, სხვა საკითხებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომში უკრაინის როლზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელად 2008 წელს დაინიშნეთ. აცნობიერებდით თუ არა იმ დროს, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნისათვის უპირველესი მტერია?

- რა თქმა უნდა. სწორედ იმ წელს შეიჭრნენ რუსეთის ჯარები საქართველოში. ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მხარი დაუჭირა და აუცილებელი საბრძოლო იარაღი მიაწოდა. მოსკოვი ყველაზე ძალიან გააბოროტა ჩვენს მიერ საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების გადაცემამ, რომელთა მეშვეობით რუსეთის რამდენიმე თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული.

იმ სიტუაციაში მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობის გამწვავების კიდევ ერთი მიზეზი გახდა რუსეთის მიერ შავი ზღვის ფლოტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევამ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ყირიმში, სევასტოპოლში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის ხომალდებმა საქართველოსთან ომში მონაწილეობის მიზნით სევასტოპოლი დატოვეს. უკრაინამ კი მტკიცე პროტესტი განაცხადა და აღნიშნა, რომ კიევს ჰქონდა უფლება საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობის მიმღები გემები უკან, სევასტოპოლის ბაზაში აღარ შეეშვა.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სევასტოპოლის ბაზაში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ხომალდებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის უფლება არ ჰქონდათ. მოსკოვმა კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინის მოთხოვნების შესრულებაზე. მეტსაც გეტყვით - შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეც იქმნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გემები სევასტოპოლისაკენ გაჭრას შეეცდებოდნენ.

იმ რთულ მომენტში უკრაინამ თავისი ინტერესების დაცვის დემონსტრაცია მოახდინა: რუსეთს აჩვენა, თუ რა შეუძლია - ჩაატარა სამხედრო-საზღვაო წრთვნები და უმოკლეს დროში ყირიმში მსხვილი სამხედრო ქვედანაყოფები გადაისროლა. რუსეთის სპეცსამსახურებმა მაშინ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი მკვეთრად გააძლიერეს: კერძოდ, აცხადებდნენ, რომ თბილისისათვის იარაღის გადაცემით "უკრაინა საქართველოს აგრესიას აქეზებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ". ამგვარი ხელოვნური ბრალდებით მოსკოვმა ხელი შეუშალა უკრაინის მონაწილეობას ქართულ-რუსული კონფლიქტის მოგვარებაში. ამის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ლიდერებთან ერთად, თბილისში სამშვიდობო მისიით მაინც ჩავიდა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ