ვის სიამოვნებს საკუთარი თავის სარკეში დანახვა?! - კვირის პალიტრა

ვის სიამოვნებს საკუთარი თავის სარკეში დანახვა?!

რა გახდა, ქვეყანაში, რომელიც დღითი დღე "შენდება და მშვენდება", საჯარო ინფორმაციის გაცემა

"გამჭვირვალე სახელმწიფო შენობების" არსებობა ნურავის აფიქრებინებს, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიდი, უხილავი და ყრუ კედელი არ არის აღმართული. ხშირად სწორედ ასეთი გამჭვირვალე შენობებია ყველაზე მეტად დახურული. ამ წერილით არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ნებისმიერი ადამიანის უფლების დაცვა მინდა, რომელსაც კანონი ანიჭებს უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საჯარო ინფორმაციაზე.

ისე კი, რასაკვირველია, თავადაც მიმზიდველად მეჩვენება სახელმწიფო შენობების ფართო, შემინული შესასვლელები სარკისებური ეფექტით. მოგეხსენებათ, სარკეს ერთი კარგი თვისება აქვს, ადამიანს საკუთარი თავის დანახვის შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ სიამოვნებს კი ხელისუფლებას საკუთარი თავის დანახვა?! საჯარო ინფორმაციის მასობრივად დაბლოკვა მაშინ ხდება, როცა ხელისუფლება "სარკეში ჩახედვის" სურვილს არ ამჟღავნებს...

საოცრად "მრავლისმეტყველია" ძველი, დაგვიანებული ან  სულაც პასუხგაუცემელი  წერილები. მაგალითად, ჯერ კიდევ 2008 წლის 1-ელ დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს მარიკა კვანტრიშვილს წერილობით მივმართე და მოვითხოვე პრეზიდენტის #767 ბრძანების ასლი, რაც საჯარო ინფორმაცია გახლდათ.

პასუხი, ერთი თვის შემდეგ მივიღე, ე.ი. მაშინ, როცა კანონით განსაზღვრულმა ათმა სამუშაო დღემ ჩაიარა. ერთი თვის შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურმა ინფორმაციის მოწოდებაზე უარი მითხრა. ასეთ შემთხვევაში მას კანონით გათვალისწინებულ ვადაში (არა უგვიანეს სამი დღისა),  უნდა განემარტა უარის საფუძველი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, ჩემ მიერ მოთხოვილი ინფორმაცია (მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ბრძანება იყო), პირთა იდენტიფიკაციის შემცველი გახლდათ, რის გამოც საჯაროდ თურმე ვერ ჩაითვლება. მარტივად რომ ვთქვათ, საჯარო კი იყო ის, რასაც პრეზიდენტი ბრძანებდა, მაგრამ  შეწყალებულ პირთა სია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი აღარ გახლდათ(?!). ბრძანება კი შესაწყალებელ პირთა ჩამონათვალზე იყო მიბმული, ე.ი. ერთ დოკუმენტს წარმოადგენდა და მისი შუაზე გაყოფა ან გახევა ვერ მოხერხდა.

იძულებული გავხდი, კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დამეწერა, რომ პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა. კულუარული ინფორმაცია კი სულ მალე რეალობად იქცა. მაშინ რაღა საჭირო იყო ამ ინფორმაციის დაბლოკვა? როგორც ჩანს, ერთი მხრივ  ხელისუფლებამ პრესას ჭორებზე აგებულის იმიჯი შესძინა, მეორე მხრივ კი საზოგადოებას აჩვენა, რომ მისი ძალაუფლება შეუზღუდავია...

არცთუ დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, მერიისთვის მიმემართა შეკითხვით, თუ რა თანხა დაიხარჯა დედაქალაქის ბიუჯეტიდან საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის (ჩვენი ინფორმაციით, ლტოლვილებისათვის პროდუქტებს თურმე თბილისის მერიაც ყიდულობდა. არადა, ამისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2008 წლის აგვისტოში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2 მილიონამდე ლარი  ჰქონდა გამოყოფილი.)

როცა მერიის გამჭვირვალე, შემინული შესასვლელი გავიარე, უზარმაზარ ფოიეში შევედი და იქვე მდგარ ავტომატზე რიგის აღმნიშვნელი ნომერი ავიღე, ელდა მეცა, 734-ე გახლდით. ცხადი იყო, მერიის კანცელარიისთვის წერილის ჩაბარებას სამუშაო საათების დასრულებამდე ვერ შევძლებდი, თუმცა ნაცნობ-მეგობრების წყალობით შეუძლებელი მოვახერხე. მერიამ სამახსოვრო ბარათიც მომცა და სარეგისტრაციო ნომერიც მომანიჭა, მაგრამ...

ერთ თვეზე მეტი გავიდა და დღესაც უიმედოდ ველი პასუხს! (დროდადრო ილიკო ჩიგოგიძის სამძიმრის წერილივით ამოვიღებ ამ სამახსოვრო ბარათს, დავხედავ, ამოვიოხრებ და ისევ საგულდაგულოდ შევინახავ...). არც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაიღო "მოწყალება". საომარი ღონისძიებების ფარგლებში მათ მიერ გახარჯული თანხის თაობაზე ინფორმაციაც ვერა და ვერ მოვიპოვე. წერილზე პასუხს ორი თვე ველოდე, შემდეგ კი პრესსამსახურის მეშვეობით ვცადე  ვითარებაში გარკვევა. მირჩიეს, ხელმეორედ  დამეწერა წერილი და კანცელარიისთვის ჩამებარებინა. ე.ი. ჩემი პირველი წერილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არც მეორე წერილზე მიპასუხა(?!).

საზოგადოდ, საჯარო ინფორმაციას არა მარტო მაშინ ბლოკავენ, როცა მისი გამოაშკარავება ხელისუფლებას ხელს არ აძლევს, არამედ მაშინაც, როცა მისი გაცემა სრულიად "უვნებელია". მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ჩვენს წერილზე (ირიცხებოდა თუ არა ერთ-ერთი სპორტული მოედანი #123 სკოლის ბალანსზე) პასუხი ძალიან დიდი ძალისხმევით, თანაც ერთთვიანი პაუზის შემდეგ მივიღეთ.

დაგვიანებით, თუმცა მაინც გვიპასუხა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომლის წერილითაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა შევიტყვეთ (რაოდენობა ორჯერ მცირე იყო იმ რიცხვთან შედარებით, რომელსაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გვისახელებდა).

ინფორმაციის დაბლოკვას ხელს ბუნდოვანი საკანონმდებლო ცვლილებებიც უწყობს. მაგალითად, ადრე თუ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ადვილად გაარკვევდით, ვინ იყო ამა თუ იმ შპს-ს დამფუძნებელი, რა წილს ფლობდა და ა.შ., დღეს ეს შეუძლებელია. სამეწარმეო რეესტრიდან მხოლოდ  საწარმოს ხელმძღვანელი პირის, დირექტორის შესახებ ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. "ინფორმაცია დამფუძნებელთა წილობრივი მონაცემების შესახებ საჯარო აღარ არის", - გვეუბნებიან სამეწარმეო რეესტრში და  გვგზავნიან საწარმოს ხელმძღვანელ პირებთან, რომლებიც არასოდეს უპასუხებენ ჩვენს კითხვებს.

როგორც ამბობენ, ასეთი საკანონმდებლო ცვლილება ერთმა საყურადღებო გარემოებამ გამოიწვია. კერძოდ, მომგებიანი ბიზნესკომპანიების დამფუძნებლებად რატომღაც სულ უფრო ხშირად მაღალჩინოსანთა ოჯახის წევრები, მშობლები, დები, ძმები, მეუღლეები, ზოგჯერ კი სიდედრებიც გვევლინებიან. მათ კი საზოგადოებისთვის თავიანთი სახელის გახმაურება დიდად არ ეპიტნავებათ.

იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ინფორმაციის დაბლოკვას გავაპროტესტებ და სასამართლოს მივმართავ, 100 ლარის გადახდა მომიწევს, თანაც ამ წერილების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, სულ ცოტა, 1000 ლარის წყალში გადაყრა მომიხდება.

ამ ხარჯის გარდა წინ ბიუროკრატია, თვეების განმავლობაში საქმის განხილვის მოლოდინი  და კიდევ ათასი  "სიამოვნება"  მელის. ალბათ, ამიტომ  ინფორმაციის მოუწოდებლობას ვერ გავასაჩივრებ, მაგრამ არ მინდა ეს წერილიც მგლის თავზე წაკითხულ კიდევ ერთ  სახარებას დაემსგავსოს. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა, ქვეყანაში, რომელიც დღითი დღე "შენდება და მშვენდება", საჯარო ინფორმაციის გაცემა.