"არ შეიძლება, პირი "სუბოტექსით" დადიოდეს და პასუხისმგებლობა არ დაეკისროს" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება, პირი "სუბოტექსით" დადიოდეს და პასუხისმგებლობა არ დაეკისროს"

"თეთრი ხმაური" მეტისმეტად ხმაურობს, ნაცვლად იმისა, განხილვაში საქმიანად ჩაერთოს"

რამდენიმეთვიანი სახალხო თუ შიდა განხილვებისა და ცხარე დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თითქოს შეთანხმდა, რომ ნარკოპოლიტიკა მეტისმეტად მკაცრია და ცვლილებებს მოითხოვს. პარლამენტში "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ინიცირებული კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტში პირველი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღეს, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, რა უნდა შეიცვალოს, მმართველი გუნდი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა.

კანონპროექტზე მსჯელობა რამდენიმე დღის წინ ისევ განახლდა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ შესაძლოა განხილვა აღარ გაგრძელდეს. ცნობილია, რომ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოც არ ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთათვის პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ ასევე ფიქრობს, რომ უნდა შეჩერდეს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რადგან ის არ ასახავს ნარკომანიასთან ბრძოლის რეალურ მექანიზმებს. რას აპირებს პარლამენტი, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა:

- მმართველი გუნდის პოზიცია ასეთია - არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევად კანონი, რომელიც არა მარტო ნარკომომხმარებლებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს ეხება. დიახ, ვიცით, რომ ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, თუმცა ინიციატივა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები გვთავაზობენ, ვფიქრობ, მეტ მუშაობას და ქართულ რეალობაზე მორგებას მოითხოვს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ მხრივ ბევრი რამ უკეთესობისკენ მართლაც შეიცვალა, კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამა ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ სარეცეპტო პროგრამაც, რომლის შედეგადაც "კრაკადილისა" თუ "ვინტის" მოხმარება 1%-ზე დაბალია, არადა, აფთიაქებში ამ ნარკოტიკების დასამზადებლად საჭირო ნივთიერებები თავისუფლად იყიდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მოვუხსენით ვალდებულება, ზედოზირების შემთხვევაში გამოძახება პოლიციისთვის აღარ შეეტყობინებინათ - 2014 წლამდე კი, თუ ზედოზირების შეტყობინება დაფიქსირდებოდა, ექიმთან ერთად პაციენტთან პოლიციელიც უნდა მისულიყო, რის გამოც ბევრი ექიმის დახმარებაზე უარს ამბობდა და შესაბამისად, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალი იყო. მაგალითად, თუ 2012 წელს ზედოზირებით სიკვდილის 39 შემთხვევა დაფიქსირდა, 2014 წელს მხოლოდ 5 იყო.

- მისასალმებელია ასეთი გადაწყვეტილებები, თუმცა თქვენც და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებსაც არაერთხელ შეგიფასებიათ არსებული ნარკოპოლიტიკა რეპრესიულად. არასამთავრობო ორგანიზაციები არგუმენტად იმას იშველიებენ, რომ ნარკომოხმარებისთვის სამი ათასზე მეტი მოქალაქე იხდის მრავალწლიან სასჯელს, ეს გამართლებულია?

- არასამთავრობო ორგანიზაციები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. სსკ-ის 273-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნარკოტიკების მოხმარებას, 486 პატიმარი იხდის სასჯელს, სამი ათასზე მეტი კი - კომბინირებული დანაშაულისთვის.

- არც 486-ია მცირე ციფრი.

- ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა დანაშაული ერთვის ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებას,

უშუალოდ ნარკოტიკების მოხმარებისთვის სასჯელს სულ რამდენიმე კაცი იხდის, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რამდენჯერმეა დაფიქსირებული მოხმარება.

ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტული მიზანი ამოძრავებთ, როდესაც დაჩქარებულად ითხოვენ კანონმდებლობის შეცვლას ისე, როგორც თავად წარმოუდგენიათ.

- დააკონკრეტეთ, რა მიზანი აქვს მათ მოთხოვნას?

- ეს მათ უნდა ვკითხოთ, თუმცა ორგანიზაცია "თეთრი ხმაური" მეტისმეტად ხმაურობს, ნაცვლად იმისა, განხილვაში საქმიანად ჩაერთოს.

- თუ არ ითვალისწინებთ მათ ინიციატივებს, თავად რისი შეცვლა მიგაჩნიათ აუცილებლობად, პირველი მოსმენით კომიტეტში ცვლილებები ხომ უკვე მიიღეთ?

- სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს. მაგალითად, არ შეიძლება ერთი აბი "სუბოტექსით" დადიოდეს პირი და მას პასუხისმგებლობა არ დაეკისროს, მით უმეტეს, თუ მის გადაგზავნას საზღვარგარეთ ან ქვეყანაში მის შემოტანას გეგმავს. არასამთავრობო ორგანიზაციები გვეუბნებიან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქე ასი ლარით დააჯარიმეთო, არადა, ერთი აბი "სუბოტექსი" 8-10 კაცისთვის საკმარისია ნარკოტიკული თრობის მასის დასამზადებლად, მისი ღირებულება კი მინიმუმ 700-800 ლარია. იმას კი არ ვამბობ, რომ სახელმწიფო ყულაბა უნდა შევავსოთ ჯარიმებით, მაგრამ ნივთიერების ღირებულების რვაჯერ ნაკლები ჯარიმა გამართლებულად მიაჩნია ვინმეს? ასეთ შემთხვევაში ხომ მოქალაქე მარტივად გადაიხდის ჯარიმას და იმდენ ნივთიერებას შემოიტანს, რამდენიც მოუნდება? ამიტომაც ვამბობ, რომ კანონპროექტის განხილვა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

რუსუდან შელია