"რას ვეძებთ ევროპაში - განავლის ძეგლებს, თუ მიქელანჯელოს?!" - კვირის პალიტრა

"რას ვეძებთ ევროპაში - განავლის ძეგლებს, თუ მიქელანჯელოს?!"

"სადისტი სააკაშვილის ყველაზე მძიმე დანაშაული გულმოწყალება ყოფილა, აბსურდი არ არის?!"

"დღევანდელ ხელისუფლებას მრავალი ნაკლი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ თავის სტრატეგიას ის ტოტალურ შიშსა და ტერორზე არ აგებს. იმის შედარება წარსულთან, რაც ახლა ხდება, არ შეიძლება"

მწერალი კოტე ჯანდიერი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. რატომ იღებენ მოსამართლეები აბსურდულ გადაწყვეტილებებს, უნდა დაისაჯონ თუ არა მოძალადე სამართალდამცველები, საით მიდის ჩვენი ქვეყანა... - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ის ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" ესაუბრა. მწერალთან საუბარი პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტით დავიწყეთ:

- "აი, ისინიც, ცუდი დღეები..." - ასე იწყება ზვიად რატიანის ლექსი, რომელიც 2008 წლის ავბედით აგვისტოშია დაწერილი. ძნელი სათქმელია, ამ უმძაფრესი ტკივილით სავსე ლექსში რა უფრო ჭარბობს, მომავლის რწმენა თუ დაუნდობელი თვითირონია და დანაშაულის განცდა... "ჩემი გული სავსეა რწმენით, რომ მეც, ჩემებიც გადავრჩებით, მორიგი ჭურვი სხვა სახლს მოხვდება, თუნდაც იმას - მოპირდაპირეს, ხოლო ჩვენი–გადარჩება. მე ცას ავყურებ, საიდანაც მოველი საფრთხეს, საიდანაც მოველი შველას"... - ავტორი სწორედ ამ წამიერ ადამიანურ სისუსტეს ვერ პატიობს საკუთარ თავს და თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს იმ კოშმარზე, რაც ირგვლივ ხდება. ჩემი აზრით, პოეტურ ოსტატობასთან ერთად ამ გულწრფელ, მწარე სტრიქონებში ჩანს ზვიადის ზნეობრივი უკომპრომისობა, უპირველესად საკუთარი თავის მიმართ. მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ლაღიც მინახავს და სევდიანიც, მთვრალიც და ფხიზელიც. ჩემს ნაცნობებში ძნელად თუ მახსენდება უფრო თავმდაბალი, ჩუმი და მორიდებული ადამიანი. რა უნდა მომხდარიყო დეკემბრის იმ ღამეს, საპოლიციო რეიდის დროს, რომ ზვიად რატიანი ასეთ მდგომარეობაში გვენახა: ნაცემი, შეურაცხყოფილი, უსამართლობისგან ჭკუიდან გადასული ადამიანი უკანასკნელი სიტყვებით აგინებს პოლიციელებს, რომლებიც ფარისევლურად, ხაზგასმით კორექტულად მას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და უფრო მეტიც, ღელავენ, ემანდ, სათვალე არ დაგიზიანდეთო! ეს იყო სამარცხვინო ვიდეოფაბრიკაცია, რომლის მიზანიც გასაგებია - უნდა მოეხდინათ სამართალდამცავების მიერ ნაცემ-ნაბეგვი ადამიანის დემონიზაცია და საზოგადოების რისხვა დაზარალებულისკენ მიემართათ.

მეორე უბედურებაა, როდესაც ქართული ტელეარხები სხვადასხვა მოტივაციით ამას ეთერში უშვებენ. ზვიად რატიანს არა მარტო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, არამედ ყველა არხმა უნდა მოუბოდიშოს. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხისმგებლობა განსაკუთრებულია, უპირველესად ის უნდა ამკვიდრებდეს მაღალპროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს მედიასივრცეში.

- ძალადობა წინა ხელისუფლების ყველაზე მანკიერ მხარედ მიგაჩნდათ და გმობდით. ამ გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებთ ძალოვანი უწყებების ქმედებებს, თუნდაც პანკისის სპეცოპერაციას?

- სისტემური ძალადობა, რომელიც სააკაშვილმა დაამკვიდრა, სრულიად ლოგიკური იყო, სხვაგვარად მოსახლეობაში ტოტალურ შიშს ვერ დანერგავდნენ. ანუ, ძალადობა სააკაშვილისთვის იყო არა უბრალოდ სადისტური მიდრეკილებების დაკმაყოფილება, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ძალოვან სტრუქტურებსა და პენიტენციარულ სისტემაში სადიზმს ხელს უწყობდნენ, ხდებოდა მისი კულტივაცია...

დღევანდელ ხელისუფლებას მრავალი ნაკლი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ თავის სტრატეგიას ის ტოტალურ შიშსა და ტერორზე არ აგებს. იმის შედარება წარსულთან, რაც ახლა ხდება, არ შეიძლება. ზვიად რატიანის შელახული უფლებების დასაცავად გამოსულ მწერალთა, გამომცემელთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრების რიგები სააკაშვილის დროს ასეთი მრავალრიცხოვანი ვერ იქნებოდა.

რაც შეეხება პანკისის სპეცოპერაციას, არ ვიცი, სინამდვილეში იქ რა მოხდა. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ძალოვანებს მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ საზოგადოებასთან, რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები.

დღევანდელ პირობებში მოძალადე სამართალდამცველების დაუსჯელობა არა მარტო ამორალურ, ალოგიკურ და საკუთარი პოლიტიკისა თუ ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებად მიმაჩნია, რომელიც პრაგმატული თვალსაზრისითაც კი იდიოტურად გამოიყურება. იმედია, ვისაც ეს ეხება, კარგად ესმის, რასაც ვამბობ.

ველი, რომ მოძალადეები, ბოლოს და ბოლოს, დაისჯებიან და რატიანის ცემაც და მისი დაკავების "მოდელირებული ქრონიკაც" წარსულის სამარცხვინო რეციდივად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

- თქვენ მოითხოვდით წინა ხელისუფლების გასამართლებას, რომელმაც, თქვენივე სიტყვებით, "ჩვენი სამშობლო მხეცური სისასტიკის არენად" გადააქცია. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა ეს?

- 2004-2012 წლებში მმართველი პარტიის წევრების, მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა მრავალგვარი უფლებრივი, ქონებრივი და სისხლის სამართლის დანაშაულების დაუსჯელობა, სისტემატურობა და მასშტაბი, მრავალრიცხოვან მოწმეთა ჩვენებები, მორალურად, ფიზიკურად და ქონებრივად დაზარალებულ, აგრეთვე გარდაცვლილ მოქალაქეთა დიდი რაოდენობა ადასტურებს დანაშაულების სისტემურ ხასიათს. ამდენად, ის სისტემურ ანალიზს საჭიროებს. ამ ყველაფრის, როგორც მთლიანი მექანიზმის გააზრება უნდა მომხდარიყო, უნდა ყოფილიყო დადგენილი და ყველასთვის გასაგებ ენაზე ახსნილი სისტემის შემოქმედთა მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შერჩეული გზები, ხერხები და მეთოდები. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო განვლილი პერიოდის სამართლებრივი შეფასება. ეს არ გაკეთებულა და შედეგად მივიღეთ რამდენიმე პატიმარი, რომლებსაც რაღაც კონკრეტული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ქმედებებისთვის ედავებიან და, თანაც ისე არაკვალიფიციურად, რომ პირსისხლიან დამნაშავეებს საშუალება ეძლევათ მათ მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე ილაპარაკონ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა სანდრო გირგვლიანის წამებისა და მკვლელობის შემსრულებელთა შეწყალებისთვის. არაკომპეტენტურობის, უაზრობის თუ კიდევ არ ვიცი, რის გამო,

ამ ჯალათსა და მოძალადეს სისტემური დანაშაულის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის ბრალი ვერ წაუყენეს! ასამართლებენ კონკრეტულ დამნაშავეთა შეწყალებისათვის, რისი სრული უფლებაც მას კანონმდებლობიდან გამომდინარე ჰქონდა. ამის მერე უნდა გაგვიკვირდეს, თუ სტრასბურგის სასამართლომ გაამართლა სააკაშვილი და გაამტყუნა საქართველო?!

გარდა ამისა, მე არ ვიცი, რომელ სამართალში წერია, რომ ქვეყნის პირველი პირი შეიძლება გაასამართლო ადამიანის შეწყალების გამო?! სადისტი სააკაშვილის ყველაზე მძიმე დანაშაული გულმოწყალება ყოფილა, აბსურდი არ არის?!

სასამართლო ხელისუფლება ჩვენი ყველაზე დიდი თავის ტკივილია. ჩემი აზრით, აქ პრობლემა არა იმდენად პოლიტიკურ მიკერძოებაში, არამედ პროფესიონალიზმისა და ინტელექტის კატასტროფულ დეფიციტშია.

იმავე ზვიად რატიანის მოსამართლის კომენტარი თავისივე განაჩენზე გამაოგნებელია თავისი არაკვალიფიციურობითა და უაზრობით. ამას თუ მურუსიძისა და რამდენიმე მისი მსგავსი მოსამართლის რეპუტაციასაც დავუმატებთ, გეკითხებით, რა ნდობით შეიძლება სარგებლობდეს ქართული სასამართლო ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ?!

რა დააშავა უამრავმა კვალიფიციურმა, ჭკვიანმა და პატიოსანმა მოსამართლემ, რომელსაც ასეთების გვერდით უხდება მუშაობა?! ეს ყველაფერი ახარებს წინა ხელისუფლების მომხრეებს, ვინაიდან გამოძიების, ბრალდებისა და მთლიანად სასამართლოს არაკომპეტენტურობა და ზედაპირულობა მათ უიოლებს თავის მართლებას სტრასბურგში.

- საინტერესოა მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებებიც. როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყანა სათანადოდ უწყობს ფეხს ამ ცვლილებებს?! ზოგს ხელისუფლებისგან მეტი აქტიურობა სურს ამ მიმართულებით და ხშირად მას უმოქმედობაში ადანაშაულებს, რაც ოპონენტთა აზრით, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებზეც აისახება. ზოგს პირიქით, მიაჩნია, რომ ხელისუფლება ზომიერად და დიპლომატიურად მოქმედებს...

- 2012 წელს სააკაშვილი რომ არ ჩამოგვეცილებინა ხელისუფლებისთვის, საქართველო-რუსეთის მორიგი ომი გარდაუვალი იქნებოდა.

ამას რუსეთის ხუთწლიანი განსაკუთრებით აგრესიული საგარეო პოლიტიკა მოწმობს (მაგალითად, ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენები). რუსული საოკუპაციო ზონების ერთგვარი გაფართოება, მავთულხლართების გადმოტანა, გაუთავებელი პროვოკაციები ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ იმაზე მეტყველებს, რომ პუტინს, სავარაუდოდ, საქართველოსთან მორიგი, ხანმოკლე და წარმატებული ომი აწყობდა. საბედნიეროდ, მოვლენების ამგვარი განვითარება თავიდან იქნა აცილებული. პარალელურად მოხერხდა მითის გაქარწყლება საქართველოს ახალი, ვითომდა პრორუსული ორიენტაციის შესახებ, რომელიც წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდი ძალისხმევით იყო გავრცელებული ევროპასა და ამერიკაში, მოხერხდა ვიზალიბერალიზაციის მოპოვება და სხვ.

სხვა საკითხია, რამდენად ადეკვატურია ქართული სახელმწიფო და საზოგადოება იმ გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და განსაკუთრებით, მენტალური ძვრების მიმართ, რომლებიც მსოფლიოში ხდება. მახლობელი აღმოსავლეთის რუკა და ძალთა განლაგება იცვლება. რადიკალურადაა შეცვლილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ჩვენს მეზობელ თურქეთში; სომხეთი და აზერბაიჯანი რამდენჯერმე იდგნენ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე; არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები ირანში. საქართველოსთვის თითოეული ამ მიმართულებით გაზრდილია რისკები და ამ დროს ქვეყანაში არ არსებობს რეგიონული და გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევების კვლევითი ცენტრები, სადაც კვალიფიციური მეცნიერები მუდმივად იმუშავებენ, დააკვირდებიან, დაადგენენ მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებს და ხელისუფლებას მიაწვდიან რეკომენდაციებს, თუ როგორ დაიყვანონ მინიმუმამდე ეს რისკები.

დარწმუნებული ვარ, არც ჩვენი მთავრობა, არც საზოგადოება მზად არ არის მომენტისთვის, თუ მაგალითად, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა თურქეთში, სადაც სამოქალაქო ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა და ჩვენს საზღვარს აჭარაში ათიათასობით ლტოლვილი მოაწყდა, რას ვშვრებით?!

ვკეტავთ საზღვარს თუ ვაღებთ?! ყველას განურჩევლად ვმასპინძლობთ, თუ შერჩევით ვიღებთ?! თუ ვუშვებთ საზღვრის აქეთ, სად ვათავსებთ? როგორ აისახება ეს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე, ჩვენი პარტნიორების ინტერესებზე?! თუკი ეს ბორბალი დატრიალდა, ამგვარ კითხვებზე სწრაფი პასუხები იქნება გასაცემი, ჩვენ კი, ვფიქრობ, ამისთვის მზად არა ვართ.

ნუთუ არ შეიძლება გარკვეული თანხა მოვაკლოთ კონცერტების ორგანიზებას, ილუმინაციებს და უნივერსიტეტებში შევქმნათ ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც მახლობელი აღმოსავლეთის, რუსეთის, ამიერკავკასიის, ჩინეთის, ევროპისა და ამერიკის მიმართულებით იმუშავებენ;

მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან ერთმანეთთან და პერიოდულად მოგვცემენ დღევანდელი არასტაბილური და ცვალებადი სამყაროს სურათს, მონიშნავენ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ორიენტირებს, გათვლიან მოსალოდნელ რისკებსა და სარგებელს, ერთი სიტყვით, გამუდმებით შეასრულებენ იმ ინტელექტუალურ სამუშაოს, რისი გაკეთებაც არ შეუძლია და არც მოეთხოვება ყოველდღიური პრობლემებით დაკავებულ მთავრობას...

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს ტერიტორია ამერიკის, ევროკავშირის, რუსეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესის სფეროა, მაგრამ არც პოლიტიკურ, არც აკადემიურ წრეებში და არც მედიაში საერთოდ არ მიმდინარეობს კვალიფიციური დისკუსია, თუ სახელდობრ რაში მდგომარეობს ეს ინტერესები. ოკუპანტ რუსეთს რომ თავი დავანებოთ, იმით ხომ მაინც შეიძლება დავინტერესდეთ, კერძოდ რა სტრატეგიულ სარგებელს ელოდებიან საქართველოსგან ჩვენი პარტნიორები მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

ქართული საინფორმაციო ველი და მენტალური სივრცე მთლიანად ჩაძირულია ყოველდღიური წვრილმანების, ერთდღიანი სენსაციების, არაფრისმომცემი პოლიტიკური კინკლაობისა და საყოველთაო უზრდელობის ჭაობში.

ჩემი თვალსაზრისით, ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ისტებლიშმენტს, მედიას, მთელ ჩვენს საზოგადოებას და პირადად მეც, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე საბედისწერო ცვლილებებზე. მულტიკულტურალიზმის ფაქტობრივი კრახი, ლტოლვილთა უწყვეტი ნაკადები აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ულტრამემარჯვენე ძალების პოპულარობის სწრაფი ზრდა, ბრიტანული ბრექსიტი, ვიშეგრადის ოთხეულის აშკარა დაპირისპირება ბრიუსელთან ნათელი მომავლის იმედს ნაკლებად იძლევა.

აშკარაა, რომ დოგმებად ქცეული ლიბერალური ფასეულობები გარკვეულ კრიზისს განიცდის. ზოგიერთ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდიან დემოკრატიის პრინციპებთან, ტრადიციულ დასავლურ ფასეულობებთან და უბრალოდ, საღ აზრთანაც კი. 2009 წელს ცნობილი მწერალი, საბჭოთა კავშირში დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი მოთავე, ინგლისში მცხოვრები ვლადიმირ ბუკოვსკი წერდა:

"პოლიტკორექტულობა, როგორც საერთაშორისო მოვლენა, 1990-იანი წლებიდან იწყება, თუმცა, როგორც გარკვეული მოძრაობა, ადრეც არსებობდა. პირველად მე მას 1983 თუ 1984 წელს შევეჩეხე - ჩემს ლაბორატორიაში შევდიოდი, კიბეზე კი ზემოდან ორი ქალიშვილი ჩამოდიოდა. მე ღია კარი დავიჭირე, რათა ისინი გამეტარებინა, მათ კი ზიზღით შემომხედეს და მომახალეს: "შოვინისტურ-მამაკაცური ღორი". ვერაფერი გავიგე და ძალიანაც გამიკვირდა. როცა კოლეგებს ეს ამბავი მოვუყევი, სიცილი დაიწყეს - ეგენი ბერკლის უნივერსიტეტიდან არიან. ყოველგვარი მემარცხენე რადიკალიზმი მანდედან მოდის. ეგ რაღაც ახალი მოდაა... ისინი ამტკიცებენ, რომ როცა ჩვენ, მამაკაცები, ქალებს ვექცევით როგორც ქალებს, ამით მათ ვამცირებთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ... ბერკლის უნივერსიტეტში დაბადებული ეს კონცეფცია მყისიერად გავრცელდა. 1984 წელს ჩვენ ამაზე ვიცინოდით, მაგრამ 10 წლის შემდეგ ამგვარმა შეხედულებამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ყველა უნივერსიტეტში დაფუძნდა "გენდერული კვლევები". მე თუ მკითხავთ, სქესთა შორის ურთიერთობებში მილიონობით წელია, არც არაფერი შეცვლილა, მაგრამ მამაკაცურ ცოდვათა შესახებ შექმნილი ეს ცრუმეცნიერება საშინელი სისწრაფით იკრებს ძალას და დაიწყო წმინდა წყლის ორუელი: არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართოთ ქალს ასე - "მის" ან "მისის", რადგან ამგვარ მიმართვებში ჩანს მისი ოჯახური (ცოლქმრული) სტატუსი. ამის ნაცვლად მკვიდრდება ინგლისური ენისათვის სრულიად წარმოუდგენელი "მიზ"... ისინი განუწყვეტლივ იგონებენ ახალ-ახალ სიტყვებს, აწესებენ, თუ როგორ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, ცოდვილმა მამაკაცებმა და, თუ დავარღვევთ მათ მიერ შექმნილ ქცევის ახალ წესებს, მაშინვე "მამაკაცურ-შოვინისტურ ღორებად" გადავიქცევით. ბიბლიის გადაწერაც კი დაიწყეს, სადაც ღმერთი მდედრობითი სქესის სახელთა მაწარმოებლითაა წარმოდგენილი".

ეს ვრცელი ციტატა აღებულია ბუკოვსკის წერილიდან, რომელსაც მრავლისმეტყველი სათაური აქვს: "პოლიტკორექტულობა ლენინიზმზე უარესია". ბუკოვსკი, რომელმაც საბჭოთა ციხეებში და ფსიქიატრიულ კლინიკებში 12 წელი გაატარა, სხვაზე კარგად იცნობს ტოტალიტარიზმის ბუნებას და ციტირებული წერილიც ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ ნებისმიერი იდეის ტოტალური დომინირება და შეუწყნარებლობა განსხვავებული თვალსაზრისისადმი, მით უმეტეს განსხვავებული აზრის დევნა ძირს უთხრის დემოკრატიას, ეწინააღმდეგება და ხიფათს უქმნის თავისუფალ საზოგადოებას, განურჩევლად იმისა, თუ რა იდეების გატოტალურებასთან გვაქვს საქმე: ფაშისტურის, კომუნისტურის, ფუნდამენტალისტურის თუ ლიბერალურის. ტოტალიტარული ლიბერალიზმი სხვა არაფერია, თუ არა უკიდურესი ანტილიბერალიზმი. იგივე აზრი იკითხება უმბერტო ეკოს გონებამახვილურ და ღრმა სტატიაში პოლიტკორექტულობის შესახებ...

ცოტა ხნის წინ მეგობარმა ინტერნეტში მაჩვენა საკმაოდ ცნობილი თანამედროვე მოქანდაკის ნამუშევარი - ბეტონის კვარცხლბეკზე წამოჭიმული განავლის გიგანტური სკულპტურა. მე ამას პოპკულტურის მორიგ სიბრიყვედ და უნიჭო გრიმასად ჩავთვლიდი, რომ არა ერთი გარემოება: თანამედროვე ხელოვნების ეს "შედევრი "წამომართულია ფლორენციაში, სენიორიის მოედანზე, პალაცო ვეკიოს ფონზე, ნეპტუნის შადრევნის, ბენვენუტო ჩელინის პერსევსისა და მიქელანჯელოს დავითის ასლის გვერდით. შესაძლოა ბევრმა იუმორის გრძნობა დაკარგულ, ჩამორჩენილ და გონებაჩლუნგ კონსერვატორად ჩამთვალოს, მაგრამ ჩემთვის ეს არის პოპკულტურის, როგორც ულტრამემარცხენე იდეოლოგიის სახელოვნებო იპოსტასის ბოღმა და ცოფი, მარქსისტულ-ტროცკისტული ზიზღი მთელი ანტიკური და, განსაკუთრებით, ქრისტიანული კულტურის (სწორედ კულტურის და არა კლერიკალობის) მიმართ.

იმავე ბუკოვსკის ცნობით, 2008 წელს ლონდონში აიკრძალა ქრისტეშობასთან დაკავშირებული ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება, ვინაიდან ბრიტანეთის დროშაზე წმინდა გიორგის ჯვარია გამოსახული, ეს თურმე მუსლიმებს ჯვაროსნულ ლაშქრობებს გაახსენებს და გაანაწყენებს. ამ დროს თვითონ ბრიტანელი მუსლიმები მსგავსს არაფერს მოითხოვდნენ, მაგრამ მათთვის აზრი არავის უკითხავს. საკითხავია, როდესაც მუსლიმებზე მზრუნველი ულტრამემარცხენეები ერთმანეთზე დატყეპებულ ფეკალიებს დგამენ სენიორიის მოედანზე, რითაც მილიონობით ქრისტიანული კულტურის მოყვარულს სულში აფურთხებენ, რა ჰქვია ამას, გარდა ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტისა?! როდესაც ტოლობის ნიშანს წერენ აღორძინების შედევრებსა და ექსკრემენტებს შორის, განა ეს პლასტიკის ენით გამოხატული სიძულვილის ენა არ არის?! ეს ჩემთვის თანამედროვე ვანდალიზმი და ბარბაროსობაა, ისეთივე ბარბაროსობა, როგორიც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების ტაბურეტებით ცემა.

ამ ორ სიგიჟეს შორის სავალი ვიწრო გზა მხოლოდ არადოგმატურ, კრიტიკულ, თავისუფალ აზროვნებაზე გადის. იქნებ ახლა მაინც დავანებოთ თავი გაუთავებელ, ჩლუნგ კინკლაობას, ერთმანეთისათვის იარლიყების მიწებებას და კარგად დავფიქრდეთ, რას ვეძებთ ევროპაში - განავლის ძეგლებს, თუ მიქელანჯელოს?! დღეს იქ ერთიც არის და მეორეც...

ეკა ასათიანი