"ჩვენს რეგიონში მოქმედებს ისლამურ­ რადიკალიზმის იატაკქვეშა ქსელი, რომლის ერთი სეგმენტი ნოემბერში საქართველოში გამომზეურდა" - კვირის პალიტრა

"ჩვენს რეგიონში მოქმედებს ისლამურ­ რადიკალიზმის იატაკქვეშა ქსელი, რომლის ერთი სეგმენტი ნოემბერში საქართველოში გამომზეურდა"

"ავსტრიელებმა მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვეს, ეს პოლიტიკური კონიუნქტურით კი არ იყო გამოწვეული, არამედ მართლა ხიფათთან იყო დაკავშირებული"

გასულ კვირას ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას. 19 წლის ახალგაზრდა ტერორიზმის მხარდაჭერაში ხუთ სხვა პირთან ერთად იყო ბრალდებული. სპეცოპერაციაზე ბევრს ლაპარაკობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ექსპერტები, საქმეში ჩაუხედავი ადამიანები... თითქმის დუმდა გამოძიება და ხელისუფლება. ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო: "მოხდა თუ არა ძალის გადამეტება პანკისში სპეცოპერაციის ჩატარებისას?" შექმნილ ვითარებაზე "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თუ ხელისუფლების კრიტიკისთვის მიზეზებს ეძებ, შეიძლება ილაპარაკო ძალის გადამეტებაზეც და სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვაზეც, მაგრამ ობიექტურად თუ შეაფასებ და პარალელებს გაავლებ იმ სპეცოპერაციებთან, რომლებიც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ტარდება ხოლმე, აუცილებლად დაასკვნი, რომ სპეცოპერაცია უზადოდ ჩატარდა, გარდა ერთი სამწუხარო ეპიზოდისა, რომლის მსგავსი ჩვენზე განვითარებულ და ძლიერ ქვეყნებშიც ხდება.

სამწუხარო ფაქტია ახალგაზრდა კაცის სიკვდილი, მაგრამ რეალურად უნდა შევხედოთ ფაქტებს და ვთქვათ შემდეგი: მთელ ამ ამბავს, ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, მივყავართ დასკვნამდე, რომ ძალიან სერიოზულ ხიფათს გადარჩა საქართველო, თუმცა, ვფიქრობ, დროებით...

...

დარწმუნებული ვარ, ჩვენს რეგიონში მოქმედებს ისლამურ რადიკალიზმის იატაკქვეშა ქსელი, რომლის ერთი სეგმენტი ნოემბერში საქართველოში გამომზეურდა. ჩატაევი ცარიელ ადგილას არ მოსულა. მან კარგად იცოდა, სადაც მოდიოდა და ვისთანაც ჰქონდა საქმე.

დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებს, ვინც ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს, ერთნაირი კავშირი არ ჰქონდათ ჩატაევის ჯგუფთან. ჩემი ინფორმაციით, მათ სხვადასხვა მოვალეობა ეკისრებოდათ: ზოგი მეგზური იყო, ზოგი - საჭმლის მიმტანი, ზოგიც - ინფორმაციის მიმწოდებელი... არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებიდან რამდენიმეს თვალითაც არ ჰყავდეს ნანახი ჩატაევი. ზოგმა, შესაძლოა, ისიც არ იცოდა, რომ ის თბილისში იყო. მაგრამ ისინი გამოიყენეს იმ მისიის შესრულების პროცესში, რა მისიითაც იყო ჩატაევი ჩამოსული და რაც, საბედნიეროდ, ვერ შედგა...

...

საქართველოში დაკავებული ადამიანებისთვის პირდაპირ ხელის დადება, რომ ისინი მაინცდამაინც ტერაქტების დაგეგმვაში მონაწილეობდნენ და განხორციელებასაც აპირებდნენ, არ შეიძლება, მაგრამ ძალიან საშიშ ტერორისტულ ჯგუფთან რომ ჰქონდათ კონტაქტი, ეს ჩანს. მაჩალიკაშვილის ცნობილმა კადრებმა სწორედ ამაზე მიანიშნა.

რაც ვნახეთ, იქიდან აშკარად ჩანდა, რომ მას ჰქონდა მჭიდრო, შეიძლება ითქვას, მეგობრული ურთიერთობაც კი, ჩატაევის ტერორისტული ჯგუფის წევრებთან...

- თუ გავითვალისწინებთ ტერორისტული საფრთხის მასშტაბს, რამდენად სწორი იყო ის გამოხმაურება, რაც მომხდარს მოჰყვა? სწორად აღიქვამს ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეს?

- სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი საფრთხეს ვერ აღიქვამს და, შესაბამისად, ვერც აფასებს... მეტიც, არსებობს ჯგუფები, რომლებიც განზრახ იქცევიან ასე, იმიტომ, რომ მუშაობენ გარკვეული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ, დაკავშირებული არიან კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფებთან, მათი ნაწილი, შესაძლოა, ქვეყნის გარედანაც იმართება... შესაბამისად, მათ ვიწრო ინტერესებს არ შეესაბამება იმ რეალურ საფრთხეზე ყურადღების გამახვილება, რომელიც საქართველოსა და მთელი რეგიონის წინაშე დგას... არადა, მშვენივრად იციან, რაშიც არის საქმე...

...

მინდა გავიხსენო ავსტრიული წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაჭრილი მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე ავსტრიამ უარი ქვეყნის შს მინისტრის გადაწყვეტილებით თქვა. ეს არ გამკვირვებია... გაგახსენებთ, თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვთქვი, რომ ნოემბრის სპეცოპერაციის პარალელურად ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა ავსტრიაშიც, რომელიც თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა. დაკავებულთა შორის ორი ჩეჩენიც იყო. შესაბამისად,

როდესაც ავსტრიელებმა მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვეს, ეს პოლიტიკური კონიუნქტურით კი არ იყო გამოწვეული, არამედ მართლა ხიფათთან იყო დაკავშირებული.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად

ნათია დოლიძე