გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ - NDI-ის კვლევის შედეგები - კვირის პალიტრა

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ - NDI-ის კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მორიგი კვლევის შედეგები გაავრცელა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული ეკონომიკური ხასიათისაა.

კერძოდ, გამოკითხულთა 54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ასახელებს სამუშაო ადგილებს, 35% - ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% - სიღარიბეს, 25% - პენსიებს, 23% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. მხოლოდ შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა 23%-ით.

გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 40% კი დასაქმებულად თვლის. აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული (მთავარია საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი).

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი - 72%-ია იმ გამოკითხული ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დასაქმებულად არ თვლის უმცირესობათა დასახლებებში.

გამოკითხულთა 53% არსებული მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ კარგად, 53% - საშუალოდ, 32% - ცუდად, 2% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

ამასთან, უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვიდრე - ნატო-ში.

კერძოდ, გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 21%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება ნატო-ს, გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, 26%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ მომხრეა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8% არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს, ხოლო 3% ამბობს, რომ არ იცის, რომელ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას უჭერს მხარს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა უფრო ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით - რუსეთი თუ აშშ, პასუხები ასე გადანაწილდა, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ რუსეთი, 36% აცხადებს, რომ აშშ, 15%-ის აზრით, თანაბარი სიძლიერის არიან, ხოლო 8% აცხადებს, რომ არ იცის.

აღსანიშნავია, რომ ეს კითხვა კვლევების განმავლობაში პირველად დაისვა.

როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა 26 % მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% - საქართველო საერთოდ არ იცვლება, 39% - საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 3%-მა უპასუხა, რომ არ იცის.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით