"საპრეზიდენტო კანდიდატი ”ქართულ ოცნებას” არ ჰყავს და მათი მესიჯი არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი" - კვირის პალიტრა

"საპრეზიდენტო კანდიდატი ”ქართულ ოცნებას” არ ჰყავს და მათი მესიჯი არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი"

"ქართულმა ოცნებამ" ამ სიუჟეტებით, კომენტარებით გვაჩვენა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ და მათი მესიჯი არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარია პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებულთა საქმეებზე.

როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ეს არის შავი პიარი პრეზიდენტის წინააღმდეგ. "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია. "ქართულმა ოცნებამ" ამ სიუჟეტებით, კომენტარებით გვაჩვენა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ და მათი მესიჯი არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი და ასეთი სახის იქნება საარჩევნო კამპანია. მე მათ შინაგან განცდებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ის, რასაც თქვენ უყურეთ, იყო საარჩევნო კამპანია, შავი პიარი პრეზიდენტის წინააღმდეგ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, არ დაიწყებს იმაზე საუბარს, თუ რა იყო ლოგიკა კონკრეტულ საქმეზე შეწყალების. "ძალიან პრინციპულად, არა ერთხელ ყოფილა მცდელობა, დავჯდე ეთერში და განვიხილო ხოლმე რომელიმე კონკრეტული საქმე როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულის კუთხით. ამ სიბინძურეში არასდროს მიმიღია მონაწილეობა ძალიან სერიოზული ზეწოლის და წნეხის შემთხვევაშიც. ამორალურად მიმაჩნია კონკრეტული საქმეები ვარჩიოთ პირდაპირ ეთერში და ამას ვერავინ მაიძულებს დავჯდე და დავიწყო მოყოლა იმ ტრაგედიების, რომელსაც ვისმენ. ტრაგედიები ორივე მხარეს არის ხოლმე, დაზარალებულის მხარესაც და კრიმინალის მხარესაც. სიუჟეტი მოწოდებული იყო, რომ შეიწყალეს და ქუჩაში დადიან თურმე კრიმინალები. ლაპარაკი იყო 15-წლიან, 20-წლიან მუხლებზე, სადაც წელიწადნახევარი ან რამდენიმე თვე მოაკლდა. შეუმცირდათ სასჯელი და ამის მიზეზებს და ლოგიკას არ განვიხილავ. ყველა საქმე, რომელიც იყო ნახსენები, იყო კომისიის რეკომენდაციით. იქ სხედან ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ჰუმანურობიდან გამომდინარე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მას ესმის დაზარალებული ოჯახების ტრაგედია და ტკივილი. "მინდა გარვეულწილად შევეხმიანო იმ ადამიანებს ვინც სიუჟეტში იყო ჩართული. იყო იქ ადამიანების ტკივილიც, ვინც დაზარალებულები არიან. მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა კრიმინალის შედეგად დაზარალდა, ხოლო კრიმინალის ჩამდენები ამა თუ იმ ფორმით ყოფილან ან იქნებიან შეწყალებულები. ძალიან მესმის თქვენი ტკივილის, ძალიან მძიმეა, როდესაც ოჯახის წევრის ან რომელიმე ახლობელი ადამიანის მიმართ არის განხორციელებული ძალადობა. ის დღეები, როდესაც ვიხილავ შეწყალების საქმეებს, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, რადგან ძალიან ბევრი ძალადობის, ჩაგვრის შესახებ მიხდება ხოლმე ამბის მოსმენა. მე მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ თქვენი ტკვილი როგორც ჩემთვის, ისე კომისიის წევრებისთვის არის გასაგები. შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ვინმე ეუბნება, რომ ისინი არიან უდანაშაულოები, შეწყალება არ ნიშნავს, რომ ვინმე ამბობს, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. შეწყალება არის ჰუმანური აქტი, რომელიც გულისხმობს რაიმე ტიპის შანსის მიცემას. არავინ თქვენს შეურაცხყოფას არ აპირებს და არავის ეს გულში არ აქვს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.