"ყველა დათმობა კრიმინალთან, რომელიც უკავშირდება მძიმე დანაშაულს, ახალი დანაშაულებების პროვოცირებას უწყობს ხელს" - კვირის პალიტრა

"ყველა დათმობა კრიმინალთან, რომელიც უკავშირდება მძიმე დანაშაულს, ახალი დანაშაულებების პროვოცირებას უწყობს ხელს"

"საზოგადოებაში ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი და აქ მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ დანაშაული შეიძლება მეორე და მესამე ადამიანმაც ჩაიდინოს, ამან შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგობრივად მიგვიყვანოს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნა-გააქტიურებასთან"

"როგორც სამართალდამცველები და სპეცსამსახურები აკვირდებიან ოპერატიულ ვითარებას, ისე აკვირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კრიმინალური სამყაროც"

"ყველა ვინც სჩადის დანაშაულს, მან პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ჰყავს თუ არა მას პატრონი, აქვს თუ არა თანამდებობა"

ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ კრიმინალურ მოვლენებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღე არ გავა, მედიაში არ გავრცელდეს ინფორმაცია, რომ მოხდა მკვლელობა, დაჭრა, ავარია. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მოზარდებში გაზრდილია ძალადობის ფაქტები, თუმცა ამაზე სათანადო რეაგირება ჯერ არ ჩანს. სპეციალისტები საუბრობენ დაუსჯელობის სინდრომზეც, რაც ახალისებს პოტენციურ დამნაშავეებს.

დავით კუხალაშვილი, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დირექტორი:

- ვფიქრობ, ყველა ფაქტი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ, სამწუხაროდ, უკვე წლებია მიმდინარეობს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რომელსაც თავისი უარყოფითი შედეგი აქვს.

სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მუშაობა კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში სტაბილური ვითარების მიღწევა რთული იქნება. ერთი მხრივ საშიშია ამ სტრუქტურებზე წერტილოვანი დარტყმები, რაც საზოგადოებას მათდამი ურყოფითად განაწყობს, მეორე მხრივ კი ამას ემატება მაღალი ალბათობით ის ნიშნები, რომ ამ უწყებებშიც ვითარება მთლად ჯანსაღი ვერ არის.

ამის დამადასტურებელი გახლავთ ის გარემოება, რომ სახელმწიფომ 2012 წლის შემდგომ, უარი არ თქვა იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც პრაქტიკულად სახელმწიფოს და ყოფილი ხელისუფლების კომპრომეტაციას ხელი შეუწყვეს. ესენი არიან თანამშრომლები, რომლებიც აქტიური ფორმით ჩართული იყვნენ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საკითხებში და ე.წ. ზონდერ ჯგუფებს წარმოადგენდნენ.

- რამდენიმე დღის წინ, კლუბ "ბასიანთან" მომხდარის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდამ სამი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი დაჭრა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ის 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, რასაც ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ინსტანციის სასმართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ასეთი მაგალითები დანაშაულს ხომ არ ახალისებს?

- ახლობლების მტკიცება, რომ თურმე დანა უბრალოდ მოიქნია, ანგარიშგასაწევი არ არის, მთავარია, რომ მოიქნია და ის ვის მოხვდა, პოლიციელს თუ რიგით ადამიანს, ამას ამ წუთში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დანაშაულის წახალისება არ შეიძლება, სამწუხაროდ, მოქმედებს ორმაგი სტანდარტი, ეს არის პრაქტიკულად დასამარება ოპერატიული საქმიანობის და იწვევს ოპერატიული ვითარების კიდევ ერთხელ დამძიმებას. ამიტომ უნდა არსებობდეს ერთი სტანდარტი - ვინც ამ დანაშაულს სჩადის, ყველა უნდა იყოს თანაბარი კანონის წინაშე. ყველა დათმობა კრიმინალთან, რომელიც უკავშირდება მძიმე დანაშაულს, ახალი დანაშაულებების პროვოცირებას უწყობს ხელს.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- საზოგადოებაში ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი და აქ მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ დანაშაული შეიძლება მეორე, მესამე ადამიანმაც ჩაიდინოს, ამან შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგობრივად მიგვიყვანოს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნა-გააქტიურებასთან. როგორც სამართალდამცველები და სპეცსამსახურები აკვირდებიან ოპერატიულ ვითარებას, ისე აკვირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კრიმინალური სამყაროც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან. თუ ისინი ჩათვლიან, რომ რეალურად სახელმწიფო სუსტია ამ მიმართულებით, შეიძლება ფონი უფრო დამძიმდეს და შეიქმნას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები. ამას ხელს უწყობს არა მარტო კრიმინალთან დათმობა, არამედ ე.წ. სახელისუფლო ლობი ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც შეიძლება თავიანთი მიზნებისთვის ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფები საფარქვეშ დაიყენონ.

- ახსენეთ დაუსჯელობის სინდრომი, რა ფაქტორები ახალისებს მას?

- პირველ რიგში კორუფცია, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საკანონმდებლო და სასამართლოშიც. კორუფციამ სამივე დონეზე შესაძლებელია უმძიმესი შედეგი მოიტანოს. დაუსჯელობის სინდრომს ახლისებს ასევე ლიბერალური კანონმდებლობაც.

- როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბოლო შეწყალებისას, განზრახ მკვლელობასა და ორგანიზებულ დანაშაულში მსჯავრდებული შეიწყალა, რომელსაც სასჯელი 1/3-ით შეუმცირდა. რამდენად შესაძლებელია დაუსჯელობის სინდრომი წაახალისოს პრეზიდენტის შეწყალებამაც?

- არც ეს არის გამორიცხული. არსებობს საფრთხე, რომ დანაშაულებრივი ლობირება კონკრეტული მიზნებისათვის განახორციელდეს. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა ერთ ფაქტორს, შესაძლებელია, თვითონ კრიმინალები გარკვეულ ზეგავლენას ახორციელებენ პრეზიდენტზე ან რომელიმე პოლიტიკური პარტია ახდენდეს ზეგავლენას მასზე...

შეიძლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწყობდეთ, რომ საქართველოში კრიმინალური ვითარება დაიძაბოს და ამას უწყობდნენ ხელს. ასეთ შემთხვევაში მათაც აწყობთ კრიმინალების საპატიმრო ვადაზე ადრე გათავისუფლება.

- გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისთვის შეწყალება ემოციურ მიდგომებზეა დამოკიდებული...

-  ზოგადად ემოციები პრეზიდენტს არ უნდა ახასიათებდეს. როდესაც ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებს, როგორმე ემოციებზე უარი უნდა თქვას...

- თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდა, რა ასახვას პოვებს ეს ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე?

- მინდა გითხრათ, რომ 90-იანი წლების პერიოდის ბევრ ნიშანს ვხედავ დღევანდელ დღეს, მკითხავთ ალბათ რატომ? -  პირველ რიგში, იმიტომ, რომ ქვეყანაში აშკარად მიდის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა, როდესაც უმეტეს შემთხვევაში მიმდინარეობს სპეცსამსახურების სტრუქტურების თანამშრომლების დისკრედიტაცია, ამის პარალელურად სახელმწიფოს არ გააჩნია კონტრსაწინააღმდეგო პროპაგანდის საშუალებები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ დასაქმებული თანამშრომლები განიცდიან გარკვეულ დისკომფორტს. ფსიქოლოგიური განწყობა იქმნება ისეთი, რომ პრაქტიკულად ისინი უკვე შიშის ქვეშაც კი არიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონის ფარგლებში რაიმეს მოიმოქმედებენ, შეიძლება ამისთვის მათ პასუხი მოსთხოვონ.

90-იანი წლები შეინიშნება იმ კუთხითაც, რომ არც სახელისუფლო წრეებში და არც პოლიტიკურ პარტიებში ავტორიტეტები აღარ არსებობენ, რაც გამოწვეულია მიზანმიმართული დისკრედიტაციის პროცესებით. ფაქტობრივად, არც პოლიტიკური და არც სახელისუფლო ლიდერი არ ჩანს, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა გაჰყვება. სწორედ ეს შეიძლება გახდეს კრიმინალური დაჯგუფებების შექმნის პროვოცირების მიზეზიც. "ბირჟების", "საძმოების" და ათასი უბედურების ეპოქა უკვე გავიარეთ... სადაც ხელისუფლება არ არის ავტორიტეტი, იმ სახელმწიფოებში ასეთი რაღაცეების პროვოცირება ხდება და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და შეიძლება სოციალური ტერორიზმის მიმართულებითაც ცუდი შედეგი მივიღოთ.

თუ სახელმწიფომ უარი არ თქვა იმ ბიოგრაფიის მქონე ადამიანებზე, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით უახლოეს ისტორიაში ჩაიდინეს ან მონაწილეობდნენ დანაშაულის ჩადენაში და ისინი კვლავ მაღალ თანამდებობებზე რჩებიან, ამ შემთხვევაში ერთიანობა და თანხმობა ვერ იქნება და ეს გახდება კრიმინალური ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის საფუძველი. ამას გარდა, ყველა ვინც სჩადის დანაშაულს, მან პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ჰყავს თუ არა მას პატრონი, აქვს თუ არა თანამდებობა. ამას არ აქვს მნიშვნელობა.

საზოგადოება კრიმინალთა ბრძოლისას სახელმწიფოსთან სოლიდარული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და დანაშაულზე რეაგირება ხდება თანაბარად, სხვა შემთხვევაში გამეფდება უსამართლობის განცდა...

"ვარკეთილის მეტროსთან ჩემი თვალით ვუყურებ, როგორ ატერორებენ გარე მოვაჭრეებს" - შემწყნარებელი პრეზიდენტი და გაზრდილი დანაშაული

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)