"ვარკეთილის მეტროსთან ჩემი თვალით ვუყურებ, როგორ ატერორებენ გარე მოვაჭრეებს" - შემწყნარებელი პრეზიდენტი და გაზრდილი დანაშაული - კვირის პალიტრა

"ვარკეთილის მეტროსთან ჩემი თვალით ვუყურებ, როგორ ატერორებენ გარე მოვაჭრეებს" - შემწყნარებელი პრეზიდენტი და გაზრდილი დანაშაული

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ამბებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრეზიდენტის მიერ მსჯავრდადებულების შეწყალება გახდა. როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის 14 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით შეწყალების საკითხთა კომისიამ 1182 პირის საქმე განიხილა

შედეგად პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 187 მსჯავრდადებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალბატონს და 3 არასრულწლოვანს. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდადებული, აქედან 8 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანი. შეწყალების აქტით, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან 4 ქალბატონს და 2 არასრულწლოვანს. ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სხვა დანარჩენებთან ერთად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულებიც შეიწყალა, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. განსაკუთრებული გაღიზიანება მზია გორტიშვილის მკვლელის, თ.ბ-ს გათავისუფლებამ გამოიწვია.

გიორგი ფეიქრიშვილი, 25 წლის, მენეჯერი:

- ვფიქრობ, ძალიან ცუდი პრეცედენტი მოხდა. მე მოვისმინე, მზია გორტიშვილის მეუღლის, ვახტანგ თედიაშვილის საუბარი. როგორც საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, მისი მეუღლე, ვითომ გასაყიდ ბინაში მიიტყუეს და თანხის მიტაცების მიზნით მოკლეს. ამ სისასტიკის ჩამდენი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. ბატონმა ვახტანგმა გიორგი მარგველაშვილს კითხვით მიმართა, - თქვენი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულები რომ შეეწყალებინათ, თავად რას იზამდითო? მეც მაინტერესებს, როგორი პასუხი ექნება ამ კითხვაზე მარგველაშვილს. მკვლელის მიმართ გამოვლენილი ლმობიერების შემდეგ მკვლელებსა და ბანდიტებს დანაშაულის ჩადენა აღარ გაუჭირდებათ. მათ უკვე იციან, რომ ციხეში სასტიკად არავინ მოეპყრობა. ახლა იმის იმედიც ექნებათ, რომ `კეთილი" პრეზიდენტის წყალობით შესაძლოა, ციხეს დროზე ადრეც კი დააღწიონ თავი.

მაყვალა ცირეკიძე, მეწარმე, 50 წლის:

- ვარ შეშინებული და აღშფოთებული, შესაძლოა გულიც გამისკდეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ექვსი თუ შვიდი მკვლელობა მოხდა. ყაჩაღობასა და ქურდობაზე აღარაფერს ვამბობ. ვარკეთილის მეტროსთან მაქვს მაღაზია. ჩემი თვალით ვუყურებ, როგორ ატერორებენ გარე მოვაჭრეებს. შევარდნაძის დროს რომ იყო, მოკრიმინალო ელემენტები ზუსტად ისე "აწერენ" ხალხს ფულს. ალბათ მალე მაღაზიების მფლობელებსაც დაგვატერორებენ. ძალიან გახშირებულია ჯიბის ქურდობაც, ყაჩაღობაც. ბანდიტებსა და ყაჩაღებს დანაშაულის ჩადენის ისედაც აღარ ეშინიათ. ამათ კიდევ იმის გაგება უნდოდათ, რომ პრეზიდენტმა მძიმე დანაშაულში ბრალდებულები შეიწყალა? ღმერთმა იცის, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი.

...

ელენე ნიგურიანი, იურისტი, 29 წლის:

- აღშფოთებული ვარ, სიტყვებიც კი არ მყოფნის. ვფიქრობ, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების შეწყალებით ქვეყანაში კრიმინალს ვახალისებთ. მაშინ როდესაც, საინფორმაციო საშუალებები, თითქმის ყოველდღე გვატყობინებენ მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებს, პრეზიდენტს ასეთი ლოიალობა არ უნდა გამოეჩინა. სააკაშვილის ხელისუფლებამ სწორედ ნულოვანი ტოლერანტობის წყალობით მოახერხა ახალგაზრდებში ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრა. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს მიღწევა სულ წყალში ჩაყარა. ხომ ხედავთ, უკვე ისევ ცუდ ტონად ითვლება პოლიციასთან თანამშრომლობა.

- ფიქრობთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საზოგადოება პოლიციასთან თანამშრომლობას თავს არ არიდებდა?

- არიდებდა? ვერაფერსაც ვერ არიდებდა. ნებით თუ არა, ძალით მაინც უწევდათ ამის გაკეთება.

- თქვენი აზრით, ეს კარგი იყო?

- ნამდვილად კარგი იყო. აბა, ეს გახშირებული მკვლელობები და ძარცვებია კარგი? თუ მკვლელსა და ბანდიტს დასჯის შიში არ ექნება, რა შეაკავებს? ფაქტი სახეზეა, კრიმინალებისადმი შემწყნარებულმა პოლიტიკამ ქვეყანაში დანაშაული საგრძნობლად გაზარდა.

"ყველა დათმობა კრიმინალთან, რომელიც უკავშირდება მძიმე დანაშაულს, ახალი დანაშაულებების პროვოცირებას უწყობს ხელს"

წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 18 იანვრის ნომერში

ხათუნა ბახტურიძე