გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი - როგორია NDI-ის კვლევის შედეგები? - კვირის პალიტრა

გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი - როგორია NDI-ის კვლევის შედეგები?

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", 27%-თ "ქართული ოცნება" ლიდერობს.

აღნიშნულ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა - "ქართული ოცნება" - 27%; არც ერთი პარტია - 24%; არ ვიცი - 15%; უარი პასუხზე - 13%; "ნაციონალური მოძრაობა" – 10%; "ევროპული საქართველო" – 3%; სხვა - 7%.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა - არ იცის.

გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება" დგას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება"– 31%, არც ერთი პარტია - 30%, უარი პასუხზე - 12%, "ნაციონალური მოძრაობა"- 10%, არ ვიცი - 5%, "ევროპული საქართველო"- 4%, "პატრიოტთა ალიანსი"- 3%, სხვა - 1%.

"ინტერპრესნიუსი"