ჯორჯ სოროსი: "მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულება ჩემთვის მტკივნეული გაკვეთილია" - კვირის პალიტრა

ჯორჯ სოროსი: "მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულება ჩემთვის მტკივნეული გაკვეთილია"

"ვლადიმირ პუტინს არ ვუყვარვარ"

ბრიტანული გამოცემაში «Financial Times» გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "ჯორჯ სოროსი პოპულისტ მოწინააღმდეგეებს პასუხობს და შეცდომებსაც აღიარებს".

"ცნობილი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდი (OSF), რომელიც ოდესღაც ევროპაში დემოკრატიის გავრცელების სიმბოლო იყო, დღეს ნაციონალისტთა თავდასხმის ობიექტად იქცა", - აღნიშნულია ბრიტანული Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ენდრიუ ბირნი).

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"სოროსის ფონდი ამჟამად თითქმის 140 ქვეყანაში მოქმედებს და ხშირად მხარს უჭერს ისეთ ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ოპოზიციაში იმყოფებიან. სხვა მეცენატები და ქველმოქმედები ამგვარ პროდემოკრატიულ პრინციპებს თავს არიდებენ, ჯორჯ სოროსი კი პირიქით აკეთებს ხოლმე. იგი ასევე ითვლება აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ მსხვილ მხარდამჭერად. აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია ის, რომ ამერიკელი დემოკრატები პირადად ჯორჯ სოროსისაგან შეწირულებას იღებენ.

თუმცა, ზოგიერთების აზრით, ჯორჯ სოროსი ხშირად არასწორ აქცენტებს აკეთებს და წინააღმდეგობრივ ფიგურად წარმოჩინდება ხოლმე. ბოლო დროს მის მიმართ ბრალდებები გაისმა, რომ წლების წინ მილიარდერი ქართულ ოპოზიციას საქართველოს ხელისუფლების დამხობაში დაეხმარა, მისი კვალი ჩანს უკრაინაში და ამ რამდენიმე თვის წინ უნგრეთსა და მაკედონიაში მომხდარ ამბებში.

ამასთანავე, ჯორჯ სოროსი ბრალდებებს უარყოფს. მილიარდერის აზრით, მისი მისამართით განხორციელებული თავდახმების ინიციატორს რუსეთი წარმოადგენს, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტის პირადული მოტივებით ხსნის: "ვლადიმირ პუტინს არ ვუყვარვარ", - ამბობს ჯორჯ სოროსი და ამის მიზეზად იმ მხარდაჭერას ასახელებს, რომელიც მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაუწია, "ვარდების რევოლუციის" მოხდენისა და ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით 2003 წელს.

ამასთან, ჯორჯ სოროსი შეცდომებსაც აღიარებს: მაგალითად, საქართველოს ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც იგი ადრე მხარს უჭერდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არც ისეთი სანიმუშო ქომაგი აღმოჩნდა ღია საზოგადოების ფასეულობების ერთგულების საკითხში, როგორიც იგი ადრე, ოპოზიციაში ყოფნის დროს იყო", - წერდა ჯორჯ სოროსი 2011 წელს.

საერთოდ, ჯორჯ სოროსის დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობის შემდეგ უკრაინაში გუბერნატორი გახდა, ახლა კი სისხლის სამართლის დევნის ობიექტად იქცა, მილიარდერისათვის "მტკივნეული გაკვეთილი" იყო: როგორც იგი ამბობს, "სადაც ჩემი ფონდები მოქმედებს, იმ ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევისაგან თავი შორს უნდა დავიჭიროო". ჯორჯ სოროსი აღიარებს, რომ ბევრი პროექტი თეორიულად იოლად განსახორციელებელი ჩანს, თუმცა პრაქტიკაში უფრო რთულია. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ