"შრომის უსაფრთხოების კუთხით იმ სტანდარტებს ვერ დავაწესებთ, რაც ევროპის ქვეყნებშია - უბრალოდ, არ გვექნება სამუშაო ადგილები" - კვირის პალიტრა

"შრომის უსაფრთხოების კუთხით იმ სტანდარტებს ვერ დავაწესებთ, რაც ევროპის ქვეყნებშია - უბრალოდ, არ გვექნება სამუშაო ადგილები"

"შრომის უსაფრთხოების კუთხით ჩვენ იმ სტანდარტებს ვერ დავაწესებთ, რაც ევროპის ქვეყნებშია - უბრალოდ, არ გვექნება სამუშაო ადგილები", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ იმ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განუცხადა, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად გასული წლის მაისში წარუდგინა და ჯერ მხოლოდ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზეა მიღებული.

ზოიძის განმარტებით, საკითხი ძალიან დელიკატურია და განხილვის თემაა, როგორი შეიძლება იყოს პროცედურები, რომელ საწარმოებში უნდა ჰქონდეს შრომის ინსპექციას გაუფრთხილებად შესვლის უფლება, რა ტიპის საწარმოებისთვის რა მოთხოვნების და რეკომენდაციების დაყენება შეიძლება მოხდეს. დეპუტატის თქმით, ზედმეტი ბარიერების შექმნა აისახება ან პროდუქციის ფასში ან სამუშაო ადგილის ღირებულებაში და თუკი ბიზნესის წინაშე ზედმეტი მოთხოვნები იქნება დაყენებული, ის აღარ დაასაქმებს.

ამასთან, ზოიძის ინფორმაციით, 1-ელ თებერვალს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა გაიმართება, სავარაუდოდ 2 თებერვალს პროექტზე კომიტეტი იმსჯელებს და საგაზაფხულო სესიის გახსნისას, საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავა.

"აღნიშნულ კანონპროექტზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა ბიზნესის ინტერესებსა და დასაქმებულის ინტერესებს შორის, რათა ისეთი მოთხოვნები არ დავაყენოთ, რაც ბიზნესისთვის იმდენად ხარჯთტევადი იქნება, რომ საერთოდ არავინ დაასაქმოს და სამუშაო ადგილები არ გავაუქმოთ. თავად მთავრობაშიც, სხვადასხვა სამინისტროებს შორის პოზიციები ამ კუთხით გარკვეულწილად არც არის ბოლომდე შეჯერებული. მას შემდეგ, რაც კანონოპროექტი პარლამენტში შემოვიდა, მოხდა იმ ვარიანტის სერიოზული გადახედვა, რაც მთავრობამ შემოიტანა - არ შეიძლება ერთი და იგივე სანქცია იყოს დიდი და მცირე ზომის საწარმოებსა და ბიზნესებზე. საუბარია იმაზე, თუ როდიდან შეიძლება კანონი გავრცელდეს არა მარტო შრომის უსაფრთხოების პირობებზე, არამედ შრომის უფლებებზეც, რაც ვალდებულებაც გვაქვს აღებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. არის ბევრი სხვა საკითხი, რომელზეც პოზიციების შეჯერება სხვადასხვა წრეებთან მიმდინარეობს", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

"შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი, რომელიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას უკავშირდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით 1-ელ ნოემბერს მიიღო.

კანონპროექტი მთავრობის მიერ არის წარდგენილი და არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.

როგორც მთავრობა განმარტავს, კანონპროექტის ძირითადი არსია, განსაზღვროს შრომის ბაზარზე არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი, გაიმიჯნოს და დაკონკრეტდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობები და ა.შ.

კანონი არ ვრცელდება შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და მათ დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებზე, ასევე შრომით საქმიანობაზე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.