ვანო მერაბიშვილმა გათამამებულ თანამშრომლებს ლაგამი ამოსდო? - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილმა გათამამებულ თანამშრომლებს ლაგამი ამოსდო?

შსს-ს ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც საგზაო წესებს დაარღვევს და  თავის დაძვრენის მიზნით პატრულს "სავიზიტო ბარათს" (მოწმობას) წარუდგენს, სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრება, - ასეთმა ინფორმაციამ გამოჟონა ვანო მერაბიშვილის უწყებიდან.

"კვირის პალიტრამ" სცადა გაერკვია, რამ გამოიწვია ვანო მერაბიშვილის ასე გამკაცრება. ინკოგნიტო რესპონდენტის თქმით, პატრულსა და საგზაო წესების დამრღვევ თანამშრომელს შორის დღემდე არაერთი ინციდენტი მომხდარა:

"იყო შემთხვევა, როცა შსს-ს გამომძიებელსა და პატრულს შორის შელაპარაკება მუშტი-კრივშიც გადაზრდილა, რასაც გამომძიებლის დაკავება მოჰყვა. ადრე შსს-ს თანამშრომლები საგზაო წესებს არად დაგიდევდნენ და ახლა მერაბიშვილის სიტყვიერმა ბრძანებამ მათ ლაგამი ამოსდო".

ხომ არ მოჰყვება ამ ბრძანებას საპატრულო რგოლის კიდევ უფრო გაძლიერება, რამაც შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს. ამის თაობაზე უშიშროების პოლკოვნიკი ბესო ალადაშვილი გვესაუბრა.

- კანონის დარღვევის უფლება არა აქვს  არც უფროს და არც უმცროს თანამშრომელს. ასე რომ, მინისტრის ბრძანება კურიოზულია. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მერაბიშვილმა სიტყვიერი მითითება მისცა პატრულს, გენინსპექციისთვის გადაეცა იმ თანამშრომელთა სია, რომლებიც თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და პატრულზე ზემოქმედებას ცდილობენ.

უცხოეთში ვერც სამუშაო, ვერც ფული ან პოპულარობა ვერ გახდება დამცავი მექანიზმი. მაგალითად, ცნობილი მოკრივე მუჰამედ ალი რამდენჯერმე  მოხვდა პოლიციის განყოფილებაში იმის გამო, რომ საჭეს ნასვამი მართავდა. ახლახან ერთი საკმაოდ ცნობილი მაღალი თანამდებობის პირი დააჯარიმეს გერმანიაში იმის გამო, რომ მოძრაობის წესები დაარღვია. ერთ-ერთ ქვეყანაში ტრანსპორტის მინისტრი თანამდებობიდან იმის გამო  გადადგა, საავტომობილო ტრასაზე დაშვებულზე მეტი სიჩქარით მიდიოდა.

აი, ქართველებს კი კანონმორჩილება გვიჭირს. ასე რომ, მინისტრის ახალმა ბრძანებამ შესაძლოა, სისტემაში დაპირისპირება წარმოშვას. არ არის გამორიცხული, ვანო მერაბიშვილის სიმკაცრე ობიექტური ფაქტორებითაც იყოს განპირობებული, რაც შსს-ს თანამშრომლების მიერ საგზაო წესების დარღვევების მომრავლებას უკავშირდება. შესაძლოა, სუბიექტური ფაქტორიც არის, ვთქვათ, ისეთი, როგორიცაა პატრულსა და შსს-ს თანამშრომელს შორის უსიამოვნო ინციდენტი.

რამდენად თავსდება კანონის ჩარჩოში საგზაო წესების დამრღვევი თანამშრომლის არა ადმინისტრაციული სასჯელით დასჯა, არამედ სამსახურიდან გათავისუფლება, ამის გარკვევა  შსს-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ზურაბ გვენეტაძესთან ვცადეთ.

- თუ შსს-ს თანამშრომელი საგზაო წესებს დაარღვევს, მასაც ისეთივე ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება, როგორიც ნებისმიერ მოქალაქეს.

- ე. ი. საგზაო წესების დამრღვევთა ვინაობას გენინსპექციას არ გადასცემენ და არც სამსახურიდან გაათავისუფლებენ?

- არა, შსს-ს წარმომადგენელს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.

- და თუ ის პატრულზე ზემოქმედების მიზნით შსს-ს მოწმობას წარადგენს?

- ამის უფლება არა აქვს. ეს აკრძალულია.

- რას ნიშნავს, იკრძალება? მინისტრის სიტყვიერი ბრძანება კრძალავს ასეთ ქმედებას თუ კანონით ისჯება?

- პატრულისთვის შსს-ს წარმომადგენლის საშვის წარდგენას აზრი არა აქვს, პატრული მაინც დააჯარიმებს.