"სამწუხაროდ, საქართველოში კვლავაც ბევრია იარაღის სამალავი" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, საქართველოში კვლავაც ბევრია იარაღის სამალავი"

უბედურება ის არის, რომ ჩვენში კანონის უზენაესობა ისევ პრობლემაა. ეს უპირველესად საზოგადოების პრობლემაა და ხელისუფლებამ არაფრით არ უნდა დაუშვას მისი კიდევ უფრო გაღრმავება

საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით მსოფლიო მასშტაბით უკუსვლაა. საქართველო კი ცხრა ქვეყანასთან ერთად აღმოჩნდა ჯგუფში, რომელსაც, ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებული სიფრთხილით სჭირდება დაკვირვება, რადგან 2018 წელი, მათი მტკიცებით, "ქვეყნის დემოკრატიული კურსისთვის შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს". გარდა ამისა, ჩვენი საზოგადოების ყურადღება მიიქცია გასულ კვირას მომხდარმა მძიმე დანაშაულებმა, რამაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება აშკარად გართულებულია. საზოგადოება შეშფოთებულია და, ბუნებრივია, ხელისუფლებას სთხოვს პასუხს. რა ფაქტორები ახალისებს კრიმინალს და რამდენად ადეკვატურად მოქმედებენ სამართალდამცავი უწყებები, გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- ვიდრე ჩვენი ინტერვიუს მთავარ თემებზე გადავალ, მინდა გავიხსენო ერთი ადამიანი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ მივაბარეთ მიწას - გია ჭანტურიას ვგულისხმობ. რაღაცნაირად უმადური ხალხი ვართ ქართველები. საოცარია, რომ მის დაკრძალვაზე მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ მობრძანებულა, ვერც მედიაში ვნახე სათანადო გამოხმაურებები. არადა, გია ჭანტურია იყო ადამიანი, რომლის გარეშეც ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიცაა "ბაქო-სუფსა", "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი", "შაჰდენიზი-თბილისი-ერზრუმი" არ განხორციელდებოდა. მან უმძიმეს წლებში პირველმა შექმნა ქვეყანაში ევროპული ტიპის წარმატებული კომპანია. ის პირველი ელჩი იყო აზერბაიჯანში და ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. შეიძლება ადამიანი პიროვნულად მოგწონდეს ან არა, მაგრამ მისი ღვაწლი ობიექტურად უნდა შეაფასო. სამწუხაროდ, ქართველების ყველაზე დიდი ნაკლი უმადურობაა.

რაც შეეხება ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას, ბოლო კვირების განმავლობაში მართლაც რამდენიმე მძიმე დანაშაულის მოწმენი გავხდით, რასაც საზოგადოების შეშფოთება მოჰყვა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გამიჭირდება იმის თქმა, რომ ქვეყანაში კრიმინალს დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს. ვის დაჭერასაც ახერხებენ, იჭერენ და პასუხსაც აგებინებენ, მათ შორის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსაც, თუმცა რამდენად კვალიფიციურად მოქმედებენ სამართალდამცავები ოპერატიული თუ პრევენციული ღონისძიებებისას, აქ ნამდვილად შეიძლება გაჩნდეს კითხვები.

ჩვენ ვნახეთ, რომ შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმაც აღიარა დანაშაულის მატების ტენდენცია, მაგრამ, იმედია, ამას დროულად მოევლება. ამას აქვს თავისი მიზეზები: ჯერ ერთი,

ხელისუფლების ლიბერალური მიდგომების გამო ბევრმა მსჯავრდადებულმა დატოვა საპატიმრო, ბევრიც პრეზიდენტმა შეიწყალა, თან ზოგ შემთხვევაზე კითხვებიც გაჩნდა, ისე, ამას ემატება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე პროკურატურაში კადრების კვალიფიკაციის პრობლემებიც.

სიმართლე გითხრათ, შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლას დიდწილად სწორედ ამ ყველაფერს ვუკავშირებ.

ნამდვილად არ იძლევა სიმშვიდის მიზეზს მოზარდებს შორის დაპირისპირებები და ის სისასტიკე, რისი მომსწრენიც გავხდით. განსაკუთრებით მაშფოთებს ის, რომ დანაშაულის თვითმხილველი არაერთია, მაგრამ ისინი პოლიციასთან არ თანამშრომლობენ, რაც მიანიშნებს, რომ პოლიციამ თავისი საკადრისი ადგილი საზოგადოების ცნობიერებაში ჯერაც ვერ დაიკავა, რიგითი მოქალაქის მოკავშირედ ვერ იქცა.

- კლუბ "ბასიანში" ინციდენტის გამო დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას საზოგადოების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მოგეხსენებათ, 27 წლის ახალგაზრდამ კლუბის დაცვის ორი თანამშრომელი და ერთიც პოლიციის მაღალჩინოსანი დაჭრა, თუმცა ის პირველი ინსტანციის სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ვარაუდობდნენ, რომ მსუბუქი განაჩენი ბრალდებულის გავლენიან ოჯახს უკავშირდებოდა და საქმე შერჩევით სამართალთან გვქონდა, რაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

- ვფიქრობ, საზოგადოების რეაქციამ და პროცესებმა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, გარკვეულწილად ცხადყო, რომ ამ ქვეყანაში, მით უფრო განვითარებული სოციალური ქსელების პირობებში, რაიმეს დამალვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ პროცესში თავდაპირველად მართლაც იყო დანაშაულის მიჩქმალვის ნიშნები, თუმცა მეეჭვება ამას ჰქონოდა სისტემური ხასიათი, ალბათ, ნაცნობ-მეგობრების იმედად ცდილობდნენ რაიმეს. ამისგან არაფერი გამოვიდა და ის ახალგაზრდა, რომელსაც სამი კაცის დაჭრა ედება ბრალად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეში შებრუნდა. შესაბამისად, შერჩევით სამართალზე ლაპარაკი ამ მაგალითით არ გამოვა. მიმაჩნია, რომ კანონმდებლობაშიც ბევრი რამ არის დასახვეწი, სისხლის სამართალი უფრო ადეკვატური უნდა გახდეს. იქ, სადაც საჭიროა, შერბილდეს, ხოლო მძიმე დანაშაულთან მეტად შეურიგებელი გახდეს...

დიდი იმედი მაქვს, რომ კანონმდებლობა მართლაც გამკაცრდება ნარკორეალიზატორებისთვის.

შემაშფოთებელია ისიც, თუ რა სიმშვიდით უყურებს კვლავაც საპატრულო პოლიცია ქუჩაში მძღოლების თავნებობას. ამას მეტი სიმკაცრე სჭირდება, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა არანაკლებ შემაშფოთებელია, ვიდრე კრიმინალის.

- თანდათან უფრო აქტუალური ხდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. გასულ კვირას გაჩნდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი თითქოსდა საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილსა და დავით სერგეენკოს შორის შეარჩევდა, თუმცა ორივემ კატეგორიულად უარყო კანდიდატობის შესაძლებლობა. თავის მხრივ, გამოითქვა ვარაუდი, რომ მომავალ არჩევნებში მეორე ვადით კენჭს იყრის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

- ასე მგონია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრი სიახლე და მოულოდნელობა გველის. გამიჭირდება რაიმე ვთქვა კვირიკაშვილსა და სერგეენკოზე, რადგან მათ გამორიცხეს ასეთი შესაძლებლობა. რაღა დაგიმალოთ და, ჯერჯერობით "ქართული ოცნების" წიაღში საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ვხედავ. ძალიან არ მინდა გაიმარჯვოს პარტიული წიაღიდან წამოსულმა კანდიდატმა. თუ ასეთი ვინმე გახდება პრეზიდენტი, ნებსით თუ უნებლიეთ, მას პარტიული დავალებების შესრულება მოუწევს, ან მარგველაშვილივით გადაუდგება პარტიას და მუდმივად დაპირისპირებული იქნება.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მან უკვე გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა. მის ბოლოდროინდელ აქტიურობას აშკარად წინასაარჩევნო ელფერი დაჰკრავს, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ის არჩევნებს ვერ მოიგებს.

მარგველაშვილი ცდება, თუ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში უნდა იყოს მთავარი პოლიტიკური ფიგურა, მას არა აქვს აღმასრულებელი ფუნქცია, შესაბამისად, უნდა იქცეს წარმომადგენლობით ფიგურად, სოციალურ მოვლენად. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ვისურვებდი აბსოლუტურად აპოლიტიკურ ფიგურას, უპარტიოს, მაგრამ მსოფლიოში ცნობილ პირს.

მოკლედ, მიმაჩნია, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს მოკრძალებული ადამიანი და, ბოლოს და ბოლოს, გამოვიდეს იმ საშინელი სასახლიდან. არ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია თეთრ სახლზე ბევრად დიდი იყოს.

მარგველაშვილის მთავარ ფუნქციად იქცა ვეტოების დადება, ზოგჯერ სწორად, ზოგჯერ კი არასწორად. მაგალითად, ეს ბოლო ვეტო, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ კანონპროექტზე გამოიყენა, სრულიად გამართლებულია და დიდი იმედი მაქვს, "ქართული ოცნება" მის დაძლევაზე არ იზრუნებს. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არის საზოგადოების ნაწილი, მის ხარჯზე ცხოვრობს, ამიტომაც კეთილინებოს და ბიუჯეტიდან გამოყოფილი უზარმაზარი ფულით უზრუნველყოს ხარისხი. ჯერ დაამტკიცოს, რომ ღირსეული მოთამაშეა და სარეკლამო ბაზრიდან დამატებითი შემოსავლები მერე მოითხოვოს.

- შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" დასკვნა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, რომელშიც დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარების გაუარესებაზეა ლაპარაკი.

- "ფრიდომ ჰაუსი" ლაპარაკობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის კრიზისზე.

რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, "ფრიდომ ჰაუსი", ცოტა არ იყოს, აჭარბებს. დემოკრატიის მხრივ მართლაც არის პრობლემები ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი და ეს უკავშირდება ტერორიზმის გაზრდილ საფრთხეს.

ვერც ერთი ქვეყანა დემოკრატიული ფასეულობების სრული დაცვით ვერ ებრძვის ტერორიზმს. სამწუხაროდ, დღეს საკითხი ასე დგას - ან უსაფრთხოება, ან თავისუფლება. თუ უსაფრთხოება გინდა, მაშინ თავისუფლების ზოგიერთი ელემენტის დათმობა მოგიწევს.

საერთაშორისო ორგანიზაცია შეშფოთებულია საქართველოში რეიდებით და მოქალაქეთა მოულოდნელი ჩხრეკით, მაგრამ ისიც ვნახეთ, ამ რეიდების დროს რამდენი იარაღი ამოიღეს.

სამწუხაროდ, საქართველოში კვლავაც ბევრია იარაღის სამალავი, რასაც აუცილებლად სჭირდება განეიტრალება. ბოლოს და ბოლოს, ჩატაევს ამდენი იარაღი საიდან აღმოაჩნდა?

ეს კომპლექსური პრობლემაა და როგორმე უნდა მოინახოს შუალედი. გადავხედოთ, რა ხდება ირანში, თურქეთში... რეგიონული თვალსაზრისით გაცილებით გაუარესდა ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში ძალიან ადვილია ხელისუფლების გაკრიტიკება. ძალიან ძნელია გამოსავლის გამონახვა და საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

ასე დავსვათ კითხვა: ვგრძნობთ კი ამ ეტაპზე ქვეყნის მოქალაქეები განსაკუთრებულ შემოტევას ჩვენს თავისუფლებაზე? - მე ნამდვილად ვერ ვგრძნობ. მეეჭვება ან ის არასამთავრობო ორგანიზაციები გრძნობდნენ, რომლებიც უარყოფით დასკვნებს გზავნიან თავიანთ სათავო ოფისებში. მათ არავინ უშლის ამაში ხელს, არც მედიასა და სოციალურ ქსელებზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს ვინმე, ვისაც რა უნდა, იმას ამბობს.

უბედურება ის არის, რომ ჩვენში კანონის უზენაესობა ისევ პრობლემაა. ეს უპირველესად საზოგადოების პრობლემაა და ხელისუფლებამ არაფრით არ უნდა დაუშვას მისი კიდევ უფრო გაღრმავება.

- საინტერესოა, რომ "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის საქართველოს ნაწილში მოხვდა შრომის უსაფრთხოების საკითხიც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად. უბედური შემთხვევა მშენებლობაზე ამ ორიოდე დღის წინაც მოხდა, რასაც მუშა ემსხვერპლა.

- ჩვენთან ვერა და ვერ შეიქმნა ორი უმნიშვნელოვანესი სამსახური: დასაქმების სააგენტო და შრომის ქმედითი ინსპექცია. ეს ორგანიზაცია აუცილებლად დამოუკიდებელი უნდა იყოს და არაფრით არ უნდა შედიოდეს ჯანდაცვის სტრუქტურაში. ხელისუფლებას რატომღაც ეშინია ინვესტორებთან, განსაკუთრებით კი შინაურ ინვესტორებთან ლაპარაკი. არადა, სახელმწიფო ძალიან ხისტად უნდა მოეკიდოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

- "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა: "ჩვენ იმ სტანდარტებს ვერ დავაწესებთ, რაც ევროპის ქვეყნებშია, რადგან, თუ ეს ბიზნესისთვის ზედმეტად ხარჯტევადი იქნება, უბრალოდ, არ გვექნება სამუშაო ადგილები".

- დიდ პატივს ვცემ აკაკი ზოიძეს, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები. ჩვენ ისეთივე შრომის უსაფრთხოების კრიტერიუმები უნდა გვქონდეს, როგორიც მსოფლიოშია. არსებობს სპეციალური ნორმები, რაც საქართველოშიც უნდა დაინერგოს. არაფრით არ შეიძლება ინვესტორებს ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე ვუგოროთ კოჭი. ადამიანის სიცოცხლე და მისი უსაფრთხოება უზენაესი უნდა იყოს ქვეყანაში.

- 18 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა მორიგი კვლევის პოლიტიკური ნაწილი, რომლის თანახმად, "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთა 31% უჭერს მხარს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 10%, "ევროპულ საქართველოს" - 4%, "პატრიოტთა ალიანსს" - 3%. გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.

- ვითარება ბევრად არ შეცვლილა. ფაქტობრივად, ადგილობრივ არჩევნებზე რა სურათიც იყო, იგივეა, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმის დაძლევას ვერც სახელისუფლებო და ვერც ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ. იმდენად ბევრია მერყევი ამომრჩევლის წილი ელექტორატში, რომ გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ფული ექნება, იოლად მოახერხებდა ძალთა ბალანსის დარღვევას.

- მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების მხარდამჭერთა რაოდენობა ტრადიციულად მაღალია, კითხვარში პირველ კითხვაზე, რომელი ქვეყანა უფრო ძლიერია სამხედრო კუთხით, რუსეთი თუ აშშ, პროცენტები ასე განაწილდაL - რუსეთს ძლიერად მიიჩნევს გამოკითხულთა 41%, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს - 36%.

- რატომ მოხვდა ეს საკითხი კითხვარში, საინტერესოა და ეგებ ჰკითხოთ მის ავტორებს. ჩემი აზრით, განაწილებული პროცენტები სრულიად უსაფუძვლოა. ამას იმით ავხსნიდი, რომ შიშს დიდი თვალები აქვს. დღევანდელი აშშ სამხედრო თვალსაზრისით ძლიერია რუსეთზე და ეს ძალიან ბევრ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მჟღავნდება.

ნათია დოლიძე