"პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?! - კვირის პალიტრა

"პატრონიანთა" და "უპატრონოთა" შერჩევითი სამართალი?!

"რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება"

"თავს იჩენს ასეთი მანკიერი შეკითხვები: თუ ვიღაცას ეპატია მძიმე დანაშაული, რატომ არ უნდა მაპატიონ მეც?"

ალბათ, სულ არ გვჭირდება სტატისტიკა ან ოფიციალური ციფრები იმის დასანახად, რომ ბოლო პერიოდის კრიმინალურმა ფაქტებმა შეგვაშფოთოს - თუნდაც მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებს გადავავლოთ თვალი: ზაჰესში ცოლ-ქმარი საკუთარ მაღაზიაში დახოცეს; ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე, დღისით, მზისით, კაბინეტში, სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღით მოკლეს; გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში, სამი კაცი დაჭრეს; ხაშურში შელაპარაკებისას ორი მოზარდი დაიჭრა; თამაზ ქვლივიძემ კლუბ "ბასიანთან" სამი კაცი, მათ შორის, ერთი პოლიციელი დაჭრა... ეს რაც გახმაურდა, თორემ ვინ იცის, იქნებ კიდევ დაჭრეს ვინმე ან მოსაკლავად გაიმეტეს ისე, რომ დამნაშავე მოსალოდნელმა სასჯელმა არ შეაშინა...

სპეციალისტების აზრით, საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს შეგრძნება, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია, დაუსჯელობა კი ნებისმიერ კრიმინალურ შემთხვევაზე დიდი დანაშაულია, რაც აუცილებლად წარმოშობს ახალ-ახალ, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულს, მათ შორის, საჯარო მოხელეების ჩართულობით.

"კანონით მანიპულირება დანაშაულია"

სამოქალაქო სექტორი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ძალოვანი სტრუქტურები დანაშაულის სტატისტიკას სრულყოფილად არ აქვეყნებენ ან აქვეყნებენ სხვადასხვა მანიპულირებით მიღებულ ციფრებს, რაც ქვეყანაში არსებულ რეალობას არ ასახავს და რასაც მივყავართ იქამდე, რომ არა გვაქვს ინფორმაცია დანაშაულის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული ტენდენციების შესახებ.

სულხან სალაძე, საია-ს თავმჯდომარე: - სანამ სახელმწიფოს არ ექნება ეფექტიანი დამოუკიდებელი მექანიზმი კრიმინალური ფაქტების სათანადოდ გამოსაძიებლად, კითხვები კიდევ უფრო მწვავე გახდება. ფაქტია, გვაქვს შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. არც ისე დიდი ხნის წინ ზუგდიდში ვიცავდით მოქალაქეს. მას სამართალდამცავებმა სცემეს და როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის იჩივლა, რეალობის დადგენის ნაცვლად, საგამოძიებო პროცედურები არ ჩატარებულა და საბოლოოდ, საქმე ცრუ დასმენად გადაკვალიფიცირდა. დღეს მოქალაქე, რომელიც პოლიციელებს ცემაში სდებდა ბრალს, თავად იხდის სასჯელს ცრუ დასმენისთვის. მსგავსი შემთხვევები ბადებს აზრს დაუსჯელობის სინდრომზე.

- საზოგადოების ნაწილის აზრით, მუხლის გადაკვალიფიცირება არა მხოლოდ სამართალდამცავების სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას, რიგითი მოქალაქეების მიერ მძიმე დანაშაულის ჩადენისას, მათ შორის, პოლიციელზე თავდასხმისას, ფიქსირდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია "ბასიანის" საქმეც - სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი შედარებით მსუბუქი მუხლებით წაუყენა, საქალაქო სასამართლომ კი 30-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

- მუხლების გადაკვალიფიცირებისა და ამ გზით გამოძიებისას სხვადასხვა მანიპულაცია მართლაც ცხადყოფს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

საბოლოოდ ამას მივყავართ იმ შედეგამდე, რომ მოქალაქეებში უნდობლობა ჩნდება როგორც საგამოძიებო სტრუქტურების, ისე ხელისუფლების მიმართ და თავს იჩენს ასეთი მანკიერი შეკითხვები: თუ ვიღაცას ეპატია მძიმე დანაშაული, რატომ არ უნდა მაპატიონ მეც? ან თუ "პატრონს" მოვძებნი, პასუხისმგებლობისგან მეც გამათავისუფლებენ... სწორედ ამიტომ ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს ნებისმიერი საქმის ობიექტური გამოძიება.

რაც შეეხება ქვლივიძის საქმეს, დასადგენია, საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად არგუმენტირებული იყო პროკურატურა და დასაბუთებულად ითხოვდა თუ არა ბრალდებულის დაკავებას; ასევე გამოსაკვლევია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების განსხვავებული გადაწყვეტილებების მიზეზი. მოგეხსენებათ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არა მხოლოდ უსამართლო, არათანამიმდევრულიც არის.

- ანუ ეჭვობთ, რომ შესაძლოა პროკურატურა ან შს სამინისტრო პირადი ინტერესებით მოქმედებენ. მაგალითად, თუ კონკრეტული პირის დაკავების სურვილი გამოძიებას არა აქვს, რადგან შესაძლოა ბრალდებულს "პატრონი" ჰყავს, საქმე არაადეკვატური ბრალდებებით იგზავნება სასამართლოში და მოსამართლეს ეძლევა შესაძლებლობა პირი პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლოს?

- ამას მხოლოდ დაშვების დონეზე ვამბობ, თუმცა ქვლივიძის საქმეს უფრო ღრმა კვლევა სჭირდება, რადგან "ბასიანის" ინციდენტმა უამრავი კითხვა გააჩინა. ქვეყანაში მსგავსი ვითარება მართლმსაჯულების რეფორმის არარსებობამ განაპირობა. ხელისუფლება მხოლოდ ფრაგმენტულ ცვლილებებს გვთავაზობდა და დღემდე ასეა, რამაც სისტემა ვერ გააჯანსაღა, პირიქით, მეტი პრობლემა გაჩნდა, რაზეც არა მხოლოდ ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიგვანიშნებენ. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ მოსამართლეობის კანდიდატების უმრავლესობამ გასაუბრების დახურვა მოითხოვა, რაც, ბუნებრივია, უნდობლობას იწვევს, რადგან არ ვიცით, კონკრეტული პირი მოსამართლედ რა კრიტერიუმით აირჩიეს, გამოვლინდა თუ არა გასაუბრებისას ნეპოტიზმის ნიშნები, თუ ვინმე მოსამართლედ იმის გამო აირჩიეს, რომ მასზე ზეგავლენა დაინტერესებული ჯგუფისთვის იოლი იქნება.

მარტივი ფორმულაა - თუ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს, სახელმწიფო ავტომატურად ჩამოშლისთვისაა განწირული. თუ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენისას "პატრონიანისა" და "უპატრონოს" დეფინიცია ჩნდება, ამას დანაშაულის მასობრივად წახალისებამდე მივყავართ.

"ეს ორგანიზებული დანაშაულის აყვავებამდე მიგვიყვანს!"

დავით კუხალაშვილი, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის დირექტორი: -თამაზ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე საზოგადოებას ხმა რომ არ ამოეღო, შესაძლოა, მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობისა და სანაცნობო წრის გათვალისწინებით, პოტენციურ მკვლელს დღეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონოდა.

- ეჭვი, რომ სანაცნობო წრე თუ ფული "საქმეებს აგვარებს" ძალოვან სტრუქტურებში, მიანიშნებს, რომ სისტემურ დანაშაულსა და კორუფციასთან გვაქვს საქმე, რაც დანაშაულის წახალისებამდე მიგვიყვანს?

- კონკრეტულად ამ ფაქტმა გამოავლინა, რომ სხვადასხვა სტრუქტურაში ჰყავთ კომპრომეტირებული თანამშრომლები, რომლებიც ყველა უკანონო ბრძანებას შეასრულებენ. ეჭვს, რომ ოჯახმა საქმე "ჩააწყო" ძალოვანებთან, რათა ქვლივიძე გირაოთი გაეთავისუფლებინათ, შემდეგ დასკვნამდე მივყავართ: თუ ხელი მიგიწვდება გადაწყვეტილების მიმღებ პირამდე, ის ბრალდების მუხლს შეამსუბუქებინებს მის დაქვემდებარებაში მყოფ კომპრომეტირებულ და შეშინებულ თანამშრომელს. საბოლოოდ ამ ჯაჭვში ებმება პროკურატურა, რომელიც უკეთეს შემთხვევაში სუსტი დასაბუთებებით მიდის სასამართლოში და ტოვებს ლავირების შესაძლებლობას, რომ მოსამართლემ გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულში ბრალდებული, ან მოსამართლეც თავიდანვე ჩაბმულია ჯაჭვში და იცის, რომ ვიღაცის ზარის საფუძველზე ბრალდებული უნდა გაათავისუფლოს.

ხომ არავის აქვს ილუზია, რომ რიგით მოქალაქეს სამი კაცი, მათ შორის პოლიციელი რომ დაეჭრა, ვინმე განზრახ მსუბუქი დანაშაულისთვის წაუყენებდა ბრალს?!

ორმაგი სტანდარტი ასამარებს ოპერატიულ სამსახურს და ანგრევს საგამოძიებო სისტემას.

- ეს ორმაგი სტანდარტი ქმნის თუ არა ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს, ან რა შეიძლება მოგვიტანოს ამ სტრუქტურულმა ჯაჭვმა?

- თუ საზოგადოებაში ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, ეს აუცილებლად მიგვიყვანს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების გააქტიურებამდე და აყვავებამდე. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სამართალდამცავებისა თუ სპეცსამსახურების გარდა, ქვეყანაში თუ მის საზღვრებს გარეთ კრიმინალურ ვითარებას აკვირდებიან კრიმინალური ავტორიტეტებიც, რომლებიც გაძლიერებას ცდილობენ.

მცირე ნიშანიც კი, რომ პოლიცია ან სახელმწიფო ვერ ერევა კრიმინალს, ან შესაძლოა არსებობენ სტრუქტურებში პირები, რომლებიც ვიღაცების ინტერესებს მეგობრობით, ნაცნობობით ან სულაც ფულის გამო ითვალისწინებენ, მწვანე შუქია ორგანიზებული დანაშაულისთვის.

ისინი, თავის მხრივ, საჯარო სტრუქტურებში ლობის მოძიებას შეეცდებიან, რათა სახელმწიფო მანქანა დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოიყენონ. სახელმწიფოს სისუსტის გამოვლენა ავტომატურად ნიშნავს სამართალდამცავი სტრუქტურების დემორალიზებას, კორუფციის რისკების გაჩენას და დანაშაულებრივი ჯგუფების გაძლიერებას, ანუ საბოლოოდ, სისტემის მორყევის შემთხვევაში, ყველა ხეირის ძიებას იწყებს, რაც დამახასიათებელი იყო 90-იანი წლებისთვის.

"მარგველაშვილი ხელის ერთი მოსმით იწყალებს საშიშ პირებს"

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: - მე მწვავე კითხვები მაქვს პრეზიდენტთან, რომელიც უპრეცედენტო სიხშირით გამოსცემს შეწყალების აქტებს, ამ საქმეში მან სააკაშვილის ტემპსაც კი რამდენჯერმე გადააჭარბა და რაც მთავარია, მარგველაშვილმა შეიწყალა განზრახ მკვლელობასა და ორგანიზებულ დანაშაულში მსჯავრდადებულები. ამასთან, ურცხვად გვეუბნება, გადაწყვეტილების მიღება ემოციებზეა დამოკიდებულიო. რომელ ემოციებზე გველაპარაკება, როდესაც ხელს აწერს მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულების შეწყალებას?

იქნებ იმ ადამიანების ემოციებიც მოიკითხოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებსაც შეწყალებულმა მსჯავრდადებულებმა ოჯახის წევრები დაუხოცეს, გაუუპატიურეს, დაუსახიჩრეს...

იქნებ მათ ემოციებზეც დაფიქრდეს პრეზიდენტი, რომლებმაც საქმე გამოიძიეს და უზარმაზარი შრომა გასწიეს დამნაშავის დასაკავებლად?

ყველამ იცის, რომ დანაშაულის გამოსაძიებლად საჭიროა უამრავი მტკიცებულება, ბრალის დამტკიცება დიდ შრომასა და დროს მოითხოვს, მარგველაშვილი კი ხელის ერთი მოსმით იწყალებს საშიშ პირებს. რა ჰქვია ამას?

- პრეზიდენტის შეწყალების აქტები დანაშაულს ახალისებს?

- რა თქმა უნდა, და ამაზე პასუხისმგებლობას მარგველაშვილი ვერ აცნობიერებს. ამასთან, მისი გადაწყვეტილებები სამართალდამცავებს მოტივაციასაც უკარგავს, შესაძლოა კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა ჩათვალოს, რომ სულაც არ არის აუცილებელი დამნაშავის მოსაძებნად დიდი შრომის გაწევა, რადგან შესაძლოა ის მაინც შეიწყალონ.

ეს კომპლექსური პრობლემები ხრწნის სახელმწიფოს და პასუხი ყველას თანაბრად უნდა მოეკითხოს.

"წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ სასამართლო ისევ მურუსიძის დონეზე დარჩა"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - ქვლივიძის საქმემ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ დომინანტურ ფიგურებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაკონტროლების სურვილი აქვთ. სახელმწიფოც გარკვეულწილად თანახმაა მათ დაემორჩილოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში იხევს უკან, თუ ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვება.

ინტერესჯგუფების სურვილი, დადგნენ კანონზე მაღლა და ხელისუფლებას უკარნახონ თამაშის წესები, ნათელია. ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ყოფილმა პროკურორმა ფარცხალაძემ ხელი დაარტყა სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს. არავინ ჩათვალოს, რომ მან კონკრეტულად ლაშა თორდიაზე იძია შური, არა, მან ხელი ასწია სახელმწიფოს მიერ შექმნილ დოკუმენტზე, რომელიც ინტერესჯგუფისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რა რეაგირება მოჰყვა ამ კონკრეტულ ფაქტს? ფარცხალაძე დღესაც პრივილეგირებული კასტის წევრია და დიდი ალბათობით, თუ ხვალაც მიუღებელი აღმოჩნდება მისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება, იმავეს გაიმეორებს. ასე რომ, საჯარო სექტორში დისციპლინა მორღვეულია, პროცესი გახდა მყიფე და არც ისე დიდი ნაბიჯი გვაშორებს სისტემურ პრობლემამდე და ტოტალურ კორუფციამდე.

ამასთან, ქვეყანაში სამართლის აღსრულება რომ არ ხდება და მართლმსაჯულების მიმართ კითხვები არსებობს, იუსტიციის სამინისტროს დამსახურებაცაა - სწორედ თეა წულუკიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სასამართლოსადმი ნდობის ზრდა საზოგადოებაში ვერ მოხერხდა, ისევ მურუსიძის დონეზე დარჩა მთელი სისტემა და გაჯანსაღების ნაცვლად, სასამართლოს ლპობის ტენდენციას ვუყურებთ. სხვაგვარად ვერ შევაფასებ იმ ფაქტებს, რასაც მოსამართლეების გადაწყვეტილებებში ვხედავთ.

როგორც ჩანს, წულუკიანი საქმის კეთების ნაცვლად პიროვნულ კომფორტს უქმნის ვიღაცებს და ამიტომ ახერხებს ამ დრომდე მინისტრის პორტფელის შენარჩუნებას,

წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმალურ სახელმწიფოში მას იუსტიციის სამინისტროს დანიშვნიდან მეორე დღესვე ჩამოაცილებდნენ.

- როგორი იქნება ამ პროცესის საბოლოო პოლიტიკური ფასი?

- თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ხელისუფლებას ორი გზა აქვს: დაბრუნდეს წარსულში და თავს მოგვახვიოს 90-იანი წლების დღის წესრიგი, ან მივიდეს ნულოვან ტოლერანტობამდე, რომელიც მეორე უკიდურესობაა,

რადგან ორივე შემთხვევაში მსხვერპლნი უდანაშაულო ადამიანებიც ხდებიან. რაც შეეხება პოლიტიკურ ფასს, ორივე შემთხვევაში იმავე გზის გავლა მოუწევთ, რაც ჯერ შევარდნაძემ და შემდეგ სააკაშვილმა გაიარეს. ვფიქრობ,

ჯერ კიდევ არის დრო, ხელისუფლებამ ოქროს შუალედი გამონახოს და გაუჩნდეს პოლიტიკური ნება, მაფიოზურ თამაშის წესებს არ დაემორჩილოს, შეუვალი გახდეს ყველა იმ "მეგობრის" თუ პრივილეგირებული კასტის წარმომადგენლისთვის, რომლებიც სისტემის შეჭმას ცდილობენ. თუ ეს ბრძოლა მაფიოზების გამარჯვებით დასრულდა და ინტერესთა ჯგუფებმა მოახერხეს ხელისუფლებასთან შეზრდა, ყველა მიღწევა თუ წარმატება უკან დაგვრჩება და გავხდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მსხვერპლები. ამას კი ხალხის ადეკვატური პასუხი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოჰყვება. თუ საზოგადოება ვერ მიაღწევს სამართალს ინსტიტუციების საშუალებით, მიაღწევს მიზანს ქუჩიდან.

მეჩვენება, რომ ხელისუფლებას არა აქვს ზუსტი ხედვა და რისკებს სათანადოდ ვერ აფასებს. მეტიც, ზოგიერთი სეგმენტი მიდრეკილიცაა აღიაროს ინტერესთა ჯგუფები, თუმცა მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას შეეწინააღმდეგებიან - ფაქტობრივად, ახლა ომის ეტაპზე ვართ, რომელშიც საზოგადოებრივი ჩართულობა გადამწყვეტია. რაღაც "ყარს" ქვეყანაში და ამაზე თვალის დახუჭვა კატასტროფის ტოლფასი იქნება.

"დანაშაულს გადამდები ეფექტი აქვს..."

სოფო ხარატი, ფსიქოლოგი: - ფსიქოლოგიაში აქსიომადაა აღიარებული, რომ დანაშაულს გადამდები ეფექტი აქვს იმ ადამიანებში, რომლებსაც სუსტი ფსიქიკა აქვთ ან მიდრეკილი არიან კრიმინალისკენ. ყველამ ვიცით, რომ თვითმკვლელობის ერთი ფაქტის გახმაურებას თვითმკვლელობის სხვა შემთხვევების სერიები მოსდევს - ინფორმაცია გონებაში ილექება და ნებისმიერი, თუნდაც მცირე იმედგაცრუების შემთხვევაში, სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანის გონებაში პირველი სწორედ თვითმკვლელობის იდეა ტივტივდება, რადგან ცოტა ხნის წინ მოისმინა, რომ მისთვის სრულიად უცნობმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგივე ფორმულა ვრცელდება კრიმინალზეც - თუ მოქალაქე, განსაკუთრებით კი კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდი, ამჩნევს, რომ ვიღაცას დანაშაული, მით უმეტეს - მძიმე, აპატიეს, მის გონებაში ეს ინფორმაცია ილექება და რადგან ქვეცნობიერში უკვე აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ვიღაცამ შეიწყალოს ან სულაც ნაცნობის დახმარებით გათავისუფლდეს, პირველივე შემთხვევისთანავე, მიზანმიმართულად სჩადის დანაშაულს. ამ შემთხვევაში დაახლოებით იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც საგზაო მოძრაობისას - თუ ერთი მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მას სხვებიც ჰბაძავენ, და საგზაო წესების დარღვევა მძღოლებში უკვე ნორმად ყალიბდება.

რუსუდან შელია