"მსოფლიოში უამრავი მსგავსი არაპოლიტკორექტული სამხედრო მემორიალია" - შოტლანდიაში აფხაზთა ხსოვნის მემორიალი უცვლელად დააბრუნეს - კვირის პალიტრა

"მსოფლიოში უამრავი მსგავსი არაპოლიტკორექტული სამხედრო მემორიალია" - შოტლანდიაში აფხაზთა ხსოვნის მემორიალი უცვლელად დააბრუნეს

"ვერავინ დამაჯერებს, რომ მემორიალების აღება-დადგმა კონსტრუქციული პოლიტიკაა კონფლიქტის მოსაგვარებლად"

წინასაახალწლოდ შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში 10 ნოემბერს აღებული აფხაზთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ძველ ადგილზე უცვლელად დაბრუნდა.

ეს ის მემორიალია, რომლის აღებაც ნოემბერში საქართველოს საელჩომ ქართული დიპლომატიის გამარჯვებად გამოაცხადა, რადგან მემორიალზე ე.წ. აფხაზეთის დროშა იყო გამოსახული. ბრიტანულმა მხარემ ბოდიშიც მოიხადა გამოწვეული გაუგებრობისთვის და ამ საკითხის პოლიტიზებაც დაგმო, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ამასობაში პოლიტიკური ნარატივი თავისი გზით განვითარდა - მემორიალის გაქრობას აფხაზების აღშფოთება და აღდგენის პეტიცია მოჰყვა, პარალელურად კი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე მომუშავე ექსპერტთა და მკვლევართა ჯგუფმა საერთო მიმართვა გაავრცელა, სადაც მემორიალის აღება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მსგავსი ნაბიჯები რეგიონში სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს.

მიმართვაზე ხელისმომწერთა შორის იყო პროფესორი ბრუნო კოპიეტერსიც, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების ცნობილი სპეციალისტი და რამდენიმე წიგნის ავტორი საქართველოზე, რომელსაც "კვირის პალიტრა" ბრიუსელში ესაუბრა:

- თქვენსა და თქვენი კოლეგების გავრცელებულ მიმართვაში წერია, ენა, სახელები, სიმბოლოები ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება და ამიტომ ომში დაღუპულთა მემორიალის პოლიტიზება მშვიდობასთან არ დაგვაახლოებსო. ნება მიბოძეთ, მარტივი შეკითხვა დაგისვათ, განა მემორიალზე ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახვა პოლიტიკური ჟესტი არ არის? თუ პოლიტიზებაზე მიდგა საქმე, თითი ჯერ აფხაზებისკენ უნდა გაგეშვირათ.

- ეს მემორიალი მრავალი წელი იდგა და არავის შეუნიშნავს, სანამ არ გაქრა. ხომ აშკარაა, რომ აფხაზეთის მთავრობა იტყვის: აი, ჩვენ საქართველოს კიდევ ერთი აგრესიის მსხვერპლი გავხდითო. მსოფლიოში უამრავი მსგავსი არაპოლიტკორექტული სამხედრო მემორიალია, მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილია. უკეთესი იქნება, თუ საერთოდ ახალი მემორიალი დაიდგმება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. საქართველოში ფიქრობენ, რომ მემორიალები ან, მაგალითად, სასწავლო გაცვლითი პროგრამები უნივერსიტეტებს შორის შეიძლება მცოცავი აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს. ფაქტია, რომ აფხაზეთს არავინ აღიარებს. უმჯობესი იქნებოდა, ამდენივე ძალისხმევა ისეთ პოზიტიურ ინიციატივებზე დაგეხარჯათ, რაც აფხაზებისთვისაც მისაღები იქნება.

- როდესაც მედიამ ეს ამბავი გაავრცელა, სოციალურ ქსელში იკითხეს, საქართველოში რომ ფოლკლენდის კონფლიქტის მსხვერპლებისადმი მიძღვნილი მემორიალი დავდგათ და ზედ არგენტინის დროშა დავახატოთ, ბრიტანეთის მთავრობას მოეწონებაო?

- მოდი, შეკითხვა ასე დავსვათ - დაგვაახლოებს კი შერიგებასთან ამ მემორიალის აღება ან მასზე დროშის მოშლა? არა. ერთადერთი, რასაც ეს მოიტანს, ის არის, რომ რომელიმე მხარე გულს მოიფხანს და ფიქციური გამარჯვებით გახარებული საკუთარ თავს ერთ ქულას დაუწერს.

როგორც ვიცი, მემორიალის დემონტაჟს არც ფიქრობდნენ. მთელი ეს საგა კი გამოიწვია იმ შიშმა და ბრაზმა, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთისადმი აქვთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ მემორიალების აღება-დადგმა კონსტრუქციული პოლიტიკაა კონფლიქტის მოსაგვარებლად.

- ამ ყველაფრის ფონზე როგორ შეაფასებდით საქართველოს არაღიარების პოლიტიკას?

- ერთია არაღიარების პოლიტიკა, მეორე - ჩართულობის. რაც შეეხება არაღიარებას, ამ მხრივ ეს პოლიტიკა წარმატებულია. აფხაზეთი ნამდვილად იზოლირებულია, მას მხოლოდ რამდენიმე პერიფერიული ქვეყანა აღიარებს. რაც შეეხება ჩართულობის პოლიტიკას, ამ კუთხით, სამწუხაროდ, წარმატებას ვერ ვხედავ. პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ურთულესია მუშაობა როგორც აფხაზ, ასევე ქართველ ხელისუფლებასთან.

უნდობლობა მხარეებს შორის ყველაფერს ასვამს დაღს, მათ შორის, იმ ინიციატივებს, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებაზეა გათვლილი. მე პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული საუნივერსიტეტო პროგრამაში - მიზანი იყო აფხაზი სტუდენტები სასწავლებლად გაგვეშვა ევროპაში, სადაც შეხვდებოდნენ ქართველ სტუდენტებს. ეს მარტივი ინიციატივა, დაუძლეველ ამოცანად იქცა, რადგან არც აფხაზებს და არც ქართველებს არაფრის დათმობა არ სურდათ. (გაგრძლება)