რას ამბობს შს მინისტრი გროზნოს მერის საქართველოში ვიზიტზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს შს მინისტრი გროზნოს მერის საქართველოში ვიზიტზე?

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ გროზნოს მერი მუსლიმ ხუჩიევი საქართველოში ტურისტის სტატუსით შემოვიდა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხუჩიევი საქართველოში შემოსვლის რაიმე ამკრძალავ სიაში შეყვანილი არ ყოფილა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, რომ გროზნოს მერი აგვისტომის ომის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მონაცემებით, არის აგვისტოს ომის დამნაშავე, არის თუ არა მის შესახებ ინფორმაცია გადაცემული სპეცსამსახურებისთვის, გახარიას თქმით, ამ ინფორმაციის შესახებ პირველად გაიგო და აუცილებლად გადაამოწმებს.

"ეს ინფორმაცია ახლა თქვენგან პირველად მესმის. ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ. ეს ადამიანი წლებია, არც ერთ სიაში შეყვანილი არ ყოფილა. შესაბამისად, არ ვიცი, რა ფორმით, მაგრამ ალბათ, როგორც ტურისტი შემოვიდა და გავიდა. თქვენ რაც ახლა ბრძანეთ, ამას გადავამოწმებთ და თუ დადასტურდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ", - განაცხადა გახარიამ.

გროზნოს მერი "კურიერმა" ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიღო, თუმცა საქართველოში ყოფნის მიზეზებზე მას არ უსაუბრია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მუსლიმ ხუჩიევს შეხვედრები თბილისსა და ბათუმში ჰქონდა, თუმცა ვის შეხვდა და რა თემაზე ესაუბრა, გასაიდუმლოებულია.

"მოვუწოდებ ლეგენდების მძებნელებს ჩააცხრონ ბობოქარი ფანტაზია"- რას ამბობს გროზნოს მერი საქართველოში ვიზიტზე ?

"ინტერპრესნიუსი"