"საქართველოში და უკრაინაში ჩვენ ოლიგარქები უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას" - კვირის პალიტრა

"საქართველოში და უკრაინაში ჩვენ ოლიგარქები უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას"

მათ ეშიანიათ არ ჩავიდე რეგიონებში და ხალხი არ გამოვიყვანო, მათ ეშინიათ წალენჯიხის ავტობუსის ეფექტის, – ასე შეაფასა უკრაინის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შინაპატიმრობის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–თან ინტერვიუში.

"მათ გააკეთეს მინიმალური შეზღუდვა, რაც შეეძლოთ. ამაზე მინიმალური შეზღუდვა არ არსებობს. ხალხი შეიძლება თვითონ მოვიდეს და გამათავისუფლოს. ამიტომ რაც გააკეთეს არის ის, რომ ღამე იყავი სახლშიო. ღამე სახლში ისედაც ვარ, როგორც წესი. ეს არის შეშინებული, დამფრთხალი ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც ბევრს ვერაფერს ვერ ბედავს", – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოშიც და უკრაინაშიც ხელისუფლებას ოლიგარქები უნდა ჩამოშორდნენ.

"ისინი კი არ გვიყენებენ ბრალს, ჩვენ ვუყენებთ მათ ბრალს. პოროშენკო დღეგამოშვებით რაღაც ახალ სკანდალში და შარშია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა საქართველოშიც და უკრაინაშიც. საქართველოში და უკრაინაში ჩვენ ოლიგარქები უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. უკრაინაში ისინი ძარცვავენ ყველაფერს, რისი მოპარვაც შეუძლიათ. საქართველოში ივანიშვილმა ხომ ხედავთ რა გააკეთა?! თავისი საამქრო გახსნა ბიტკოინების და უფასოდ ჭრის ამ აფერისტულ ვალუტას და მდიდრდება. თბილისის ცენტრი დაამახინჯა. ეს იმ დროს, როცა მე არაფერი პირადი საკუთრება არ გამაჩნია საქართველოში და თითზე გადასახვევი არ წამომიღია. ამ კაცმა კი დააპრივატა თბილისის ცენტრი, დააპრივატა საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ბიტკოინების საამქროთი. ამ კაცმა დააპრივატა უკვე საქართველოს მთელი ტყეები", – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"