"ის რუსი კაცისთვის სანიმუშო მოდელია - წელზემოთ შიშველი თავის ჭკუაზე დააჭენებს­ ცხენს" - იქცევა პუტინი რუს აიათოლად?! - კვირის პალიტრა

"ის რუსი კაცისთვის სანიმუშო მოდელია - წელზემოთ შიშველი თავის ჭკუაზე დააჭენებს­ ცხენს" - იქცევა პუტინი რუს აიათოლად?!

"უკრაინასა და საქართველოში რთული პროცესები მიმდინარეობს. ვფიქრობ, მთელი ეს სააკაშვილის საგა ორივე ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს უყურებს და ეღიმება, ვლადიმირ პუტინია"

თუ კრემლის პოლიტიკასა და საზოგადოდ, პოსტსაბჭოთა სივრცეს ადევნებთ თვალს, ბრაიან უითმორის მოკლე, მაგრამ, როგორც ჩვენში იტყვიან, ჯიგრიანი ტელეჩართვებიც არ გამოგრჩებოდათ."რადიო "თავისუფლებისა" და გადაცემა "ძალაუფლების ვერტიკალის" წამყვანს პრაღაში დავუკავშირდით და ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე, მარადიულ პრეზიდენტ პუტინსა და მათ "თბილ, მეგობრულ" ურთიერთობაზე ვესაუბრეთ.

- ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საგით დავიწყოთ - მისი პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო, ალბათ, იმიტომ, რომ ფარდის მიღმა პოლიტიკური ვაჭრობა გაჭიანურდა.

- უკრაინასა და საქართველოში რთული პროცესები მიმდინარეობს. ვფიქრობ, მთელი ეს საგა ორივე ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს უყურებს და ეღიმება, ვლადიმირ პუტინია.

- სააკაშვილი ამბობს, რომ ყველა პრობლემა პუტინისა და საქართველოსა თუ უკრაინაში მისი ოლიგარქი დამქაშების დამსახურებაა.

- არ ვფიქრობ, რომ მთელი ეს სიტუაცია კრემლმა შექმნა, მაგრამ სათავისოდ იყენებს. ეს მის წისქვილზე ასხამს წყალს.

- რა გავლენას ახდენს უკრაინის მოვლენები სააკაშვილის რეპუტაციაზე ევროპასა და შტატებში?

- ცხადია, ევროპასა და შტატებში ყველას მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი პრესტიჟი შემცირდა.

- ვთქვათ, მართლაც მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში, ეს მოახდენს გავლენას ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე?

- ეს შესაძლოა დესტაბილიზაციის მიზეზი გახდეს საქართველოსა და უკრაინაში. მას კიდევ ჰყავს მომხრეები საქართველოში და შესაძლოა ამას სახალხო მღელვარება მოჰყვეს. ის, რაც უკრაინასა და საქართველოში ხდება, უმნიშვნელოვანესია პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის განვითარებისათვის...

- "ფრიდომ ჰაუსის" ბოლო ანგარიშში საქართველოში მიმდინარე პროცესების საინტერესო შეფასებაა, რომ ქართული დემოკრატია საგანგებო დაკვირვებას საჭიროებს და შემდეგი წელი გადამწყვეტი იქნება, გააგრძელებს თუ არა ქვეყანა დემოკრატიული განვითარებისკენ სვლას. ეთანხმებით ამ პოზიციას?

- შემაშფოთებელ ნიშნებს ვხედავ. განსაკუთრებით კონსტიტუციური რეფორმების საკითხებში. მიუხედავად ამისა, საქართველო დემოკრატიის ბილიკს ადგას, მაგრამ უკანასკნელ ხანებში შემაშფოთებელი მოვლენების მომსწრენი გავხდით...

- როდესაც ალექსეი ნავალნის უარი უთხრეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, უკმაყოფილო იყავით. ვფიქრობ, მთავარი შეკითხვა, რაც საქართველოსა და უკრაინაში ნავალნის შესახებ შეიძლება დაისვას, არის შემდეგი: გადახედავს თუ არა ჩვენი ე.წ. გამოყოფილი რეგიონების საკითხს? შეიცვლებოდა თუ არა რამე, ნავალნი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი? გაბედავდა ეთქვა, რომ ეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიაო?

- არ ვფიქრობ, რომ ნავალნი აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხის მიმართ მიდგომას შეცვლიდა. ეს კონფლიქტები ჯერ კიდევ ელცინის დროს დაიწყო, პუტინამდე და შესაბამისად, არავითარი მიზეზი არა გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ახალი პრეზიდენტი, ნავალნი იქნება თუ სხვა, განსხვავებულ პოლიტიკას გაატარებს.

- და მაინც, როგორი იქნებოდა ნავალნის რუსეთი? შეძლებდა ის რუსეთის დასავლურ ყაიდაზე გარდაქმნას?

- არ ვიცი, როგორი იქნება მისი რუსეთი. ვიცი, რომ ნაციონალისტური წარსული აქვს, მაგრამ ეს დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი არ არის, თანაც ძნელი წარმოსადგენია, ის რუსეთის პრეზიდენტად ვიხილოთ. ფაქტია, ის დღეს რუსული ოპოზიციის ლიდერია. ნავალნის რუსეთზე მტკიცებითი კილოთი საუბარი წმინდა სპეკულაციის საგანია, მე კი მკითხავი არა ვარ.

- სამაგიეროდ, მკითხაობა არ სჭირდება იმას, რომ პუტინი ისევ გახდება პრეზიდენტი. არც ის იწვევს ეჭვს, რომ მიუახლოვდა ეტაპს, როდესაც მემკვიდრე უნდა აირჩიოს.

- პუტინი, როგორც პრეზიდენტი, საკუთარი თავის ამოწურვისკენ მიდის. ეჭვგარეშეა, მარტში ის კიდევ ერთხელ გახდება პრეზიდენტი. რა მოხდება შემდეგ? მოსკოვში უკვე ბევრი ფიქრობს, რომ ეს მისი ბოლო პრეზიდენტობაა. შესაბამისად, პოლიტიკური ელიტა, კლანები და ლიდერები კრემლში ემზადებიან პოსტპუტინისეული რეალობისათვის. როდესაც რუსეთში მემკვიდრის პოვნის ხანა დგება, ეს პერიოდი, როგორც წესი, უკიდურესი არასტაბილურობით ხასიათდება. გაიხსენეთ ელცინის მმართველობის ბოლო ორი წელი - კლანური ბრძოლა კრემლის ელიტაში. 2007 წელი, როდესაც გაჩნდა მოლოდინი, რომ ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ პუტინი წასვლას აპირებდა. გვქონდა დაპირისპირება ძალოვანებს შორის... ახლა ცხარე დისკუსიებია იმის შესახებ, თუ რა როლი და ფუნქცია უნდა ჰქონდეს პუტინს პრეზიდენტობის შემდგომ. რუსული მედია საუბრობს პუტინის, როგორც რუსეთის აიათოლასმაგვარ ფიგურად წარმოჩენაზე. და ეს სავსებით შესაძლებელია, ამას დასჭირდება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც პუტინის, როგორც სახალხო ლიდერის როლს დაამკვიდრებს. ის რუსი კაცისთვის სანიმუშო მოდელია - წელზემოთ შიშველი თავის ჭკუაზე დააჭენებს ცხენს.

- საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთთან პრობლემები პუტინით იწყება და მთავრდება და როდესაც შეწყვეტს არსებობას ფიზიკური თუ პოლიტიკური ფორმით, რუსეთთან ურთიერთობაც შედარებით დალაგდება.

- ეს წმინდა წყლის ფანტასტიკაა. არა მგონია, პუტინის პერსონას ამხელა მნიშვნელობა ჰქონდეს. საქმე ის არის, ძლიერია რუსეთი თუ სუსტი. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამჟამად რუსეთს აქვს, ეკონომიკაა, რამაც შეიძლება, ასე ვთქვათ, ის დრო წაართვას, რასაც სხვა შემთხვევაში სამეზობლოს მოახმარდა, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ პუტინის წასვლით პრობლემები გაქრება.

ვაჟა თავბერიძე