"ისევ მუშაობს სატელეფონო თხოვნების და ნათესაობის "ინსტიტუტები" - კვირის პალიტრა

"ისევ მუშაობს სატელეფონო თხოვნების და ნათესაობის "ინსტიტუტები"

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედაც კორუფციულ გარიგებებთან გვაქვს საქმე. საერთოდ, ტენდერების სფეროში კატასტროფული მდგომარეობაა"

ავტორიტეტულმა ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა "ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა" სათაურით "ნატოს წევრი საქართველო შეერთებული შტატებისა და ევროპის ინტერესებშია" სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის ავტორის, ლუკ კოფის განმარტებით, 2008 წლის ომისა და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, მოსკოვმა თბილისს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან გადახვევა ვერ აიძულა. ანგარიშში ავტორი პირდაპირ წერს, რომ ალიანსს შეუძლია დააჩქაროს საქართველოს გაწევრება ერთი დათქმით: ოკუპირებულ რეგიონებზე ნატოს წესდების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს, მით უმეტეს, რომ მსგავსი პრეცედენტი 1951 წელს ალიანსმა საბერძნეთისა და თურქეთის შემთხვევაში დაუშვა.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ დროებითი ზომა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება", - ნათქვამია ანგარიშში. რას ემსახურება ამერიკელ ექსპერტთა მოსაზრებები? ეს უნდა განვიხილოთ აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირების კონტექსტში, თუ მივიჩნიოთ საქართველოს ნატოსთან დაახლოების ახალ ეტაპად? - ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

- როგორც ვნახეთ, ანგარიშში ნატოსთან დაახლოებასა და მაპ-ზე აღარ არის ლაპარაკი. ღია ტექსტით არის მოხსენიებული საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხი. ეს ანგარიში ორ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: პირველი - ნატოში საქართველოს მიღების საკითხი მართლაც დადგეს ალიანსის გაზაფხულის სამიტზე; და მეორე - ჯერჯერობით მხოლოდ ამ საკითხისთვის ნიადაგის მოსინჯვასთან გვქონდეს საქმე, ანუ განსაზღვრულ ამერიკულ წრეებს აინტერესებდეთ, როგორი შეფასება მოჰყვება ამას არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და საქართველოში. ასეთი რამ პოლიტიკაში მიღებულია. მოგეხსენებათ, ნატოს წევრი ვერ გახდება ქვეყანა, თუ არ იქნება მისი წევრი ქვეყნების კონსოლიდირებული გადაწყვეტილება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ის დიდი ძალისხმევის შემთხვევაშიც კი, ალიანსის რამდენიმე ქვეყანა კატეგორიულად შეეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრებას, იმის მიუხედავად, რა პირობაც უნდა დათქვან ამერიკელებმა.

ფონდის ანგარიშშიც არის აღნიშნული, რომ მე-5 მუხლის ამოქმედების ნაწილობრივ შეჩერების პრეცედენტი ნატოს ახსოვს - საბერძნეთისა და თურქეთის დაპირისპირების დროს ნატომ გაითვალისწინა ტერიტორიული დავა და ერთიც და მეორეც მიიღო თავის რიგებში, თუმცა მას მერე დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა, დღეს მნიშვნელოვნად სხვა რეალობაა მსოფლიოში.

მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ ხისტი პოლიტიკიდან, რაც რუსეთს აქვს საქართველოს საკითხში. ყველაფერი გააკეთა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ იმისთვის, რომ კრემლის პოლიტიკა როგორმე შეცვლილიყო, მაგრამ რუსებმა თავისი ვერ მოიშალეს. არაფრის დათმობა არ უნდათ. ის, რომ საქართველო დღეს ნატოსკენ გიგანტური ნაბიჯებით მიდის, არა მხოლოდ ჩვენი დასავლური ვექტორისა და აშშ-თან მჭიდრო კავშირის დამსახურება, არამედ კრემლის პოლიტიკის ბრალიც.

- თუ მართლაც დაჩქარდა ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრება, სავარაუდოდ, რუსეთის რეაქცია მწვავე იქნება.

- საქართველო დღეს გრდემლსა და უროს შორის არის მოქცეული. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ იმ გზაზე, რასაც ვადგავართ, უარს ვერ ვიტყვით.

ეს, ფაქტობრივად, ჩვენი ერთადერთი გამოსავალია. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან უყურადღებოდ დარჩა ერთი თემა, რომელიც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატრანსპორტო დერეფნებს, ანუ დოკუმენტს, რომელიც 2011 წელს არის ხელმოწერილი და რომლის მიხედვითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე გამავალი ტვირთების მონიტორინგი უნდა გაეწია შვეიცარიულ კომპანიას. ეს დოკუმენტი რუსეთისა და საქართველოს თანხმობით შედგა, მაგრამ უცებ რუსებმა გადაწყვიტეს, შეეცვალათ დოკუმენტის შინაარსი ისე, რომ სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელმძღვანელობას აძლევენ საბაჟო კონტროლის საშუალებას. დაიწყეს საერთაშორისო დოკუმენტის შეცვლა, რაზეც ურცხვად ლაპარაკობს კარასინი. რუსეთი არ მოერიდა კიდევ ერთხელ საკუთარ დისკრედიტაციას და კოჭი გაუგორა მარიონეტულ რეჟიმებს.

ყოველთვის რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურების მომხრე ვიყავი, ახლაც მომხრე ვარ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ჩვენი ინტერესების დათმობის ხარჯზე.

დოკუმენტს საქართველო ხელს არ მოაწერს, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც იყო. კი აშენებენ ამ ვითომ საბაჟო პუნქტებს, მაგრამ გაუგებარია, რისთვის, არანაირი ტვირთბრუნვა არ არსებობს. რისთვის სჭირდებათ, იმ მოქალაქეების შესამოწმებლად, რომელთაც ადმინისტრაციულ საზღვარზე მწვანილი და კვერცხი გადააქვთ? ხომ ცხადია, რომ ეს საქართველოს ჯიბრზე გააკეთეს და კიდევ ამ კვაზისახელმწიფოებისთვის ვითომ სახელმწიფო ატრიბუტიკის შესაქმნელად.

ერთი საკითხიც - მიმაჩნია და ვამბობ კიდეც, რომ ჩვენმა სავაჭრო კონტაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ანუ ზოგიერთი მიმართულებით უკვე დამოკიდებული გავხდით რუსეთიდან შემოტანილ თუ იქ გატანილ პროდუქციაზე.

დივერსიფიკაცია იმიტომ არსებობს, რომ შევარჩიოთ სხვადასხვა პარტნიორი, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ პარტნიორსა და მისი ხასიათის ცვლილებებზე. ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რაც ნატოში გაწევრების შესახებ ამერიკელი ექსპერტების ასეთ ნიშანდობლივ განცხადებებს ვისმენთ. არ არის გამორიცხული, ამის საპასუხოდ რუსეთმა საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ისევ ემბარგო დაუწესოს.

- რადგან რუსეთზე ვლაპარაკობთ, გავიხსენოთ რუსულ სამხედრო ნაწარმზე აშშ-ის სანქციები და აგრეთვე ამერიკის მიერ გამოქვეყნებული ე. წ. კრემლის ანგარიში, ანუ პუტინთან დაახლოებულ პირთა სია, რომელთაც სანქციებით დაემუქრნენ.

- "კრემლის ანგარიშში" შეყვანილ პირებზე სანქციები ჯერაც რომ არ დაწესებულა, ვფიქრობ, ამით უფრო პუტინს მისცეს კოზირი. რუსეთის ხელისუფლება ამ სიას, ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამოყენებს ოლიგარქების წინააღმდეგ. სხვათა შორის, რაც მალე მოხდება ამ პირთა სანქცირება, მით უკეთესი შედეგი მოჰყვება აშშ-სთვის, ხოლო თუკი გაიწელება, რუსეთი იხეირებს. საერთოდაც, ის სანქციები, რომელთაც რუსეთს უწესებენ, სანახევროა, ამიტომაც არ მოაქვს ის შედეგი, რაც დაგეგმილი იყო.

ვფიქრობ, ახალი შეზღუდვები მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ აისახება, იქ ყველაფერი გადაწყვეტილია. პუტინს უკვე დაგეგმილი აქვს პრეზიდენტობის ახალი ვადის ძირეული ცვლილებებით დაწყება. ჩვენ გვექნება ბედნიერება, კარასინი აღარ ვიხილოთ რუსეთის მთავრობაში.

- გასულ კვირას ისევ გააქტიურდა პანკისის ხეობისა და იქ ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხი, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს მთავარი პროკურორი თბილისში შეხვდა... ხეობიდან კვლავ ისმოდა მუქარაA, ნუ გვაიძულებთ, სამართალი ჩვენი ძალებით ვეძებოთო.

- რაღა დაგიმალოთ და, მიკვირს მთელი ეს ვითარება. მახსენდება ლაფანყურის სპეცოპერაცია და მისი შემდგომი პროცესი, როდესაც რამდენიმე მიცვალებული ჰყავდათ ხეობაში, რომელთა დასაფლავების უფლებაც კი არ მისცეს, აბუჩად აიგდეს მთელი ხეობა, მაგრამ მაშინ ასეთი ტექსტები არ მოგვისმენია. ობიექტურად რომ ვთქვათ, მთელმა ხეობამ იცოდა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ლოპოტაში დაიღუპნენ, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, თითქმის ძალით ჩამოიყვანა ევროპიდან, გამოიყენა და თვითონვე გაანადგურა, მაგრამ არ გვახსოვს მათგან ასეთი მძაფრი რეაქცია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ პროცესებს ვიღაც მართავს. რასაკვირველია, ეს მაჩალიკაშვილის ოჯახს არ ეხება, მათ თავისი დიდი უბედურება სჭირთ.

რაც შეეხება შეხვედრას მთავარ პროკურორთან, ძალიან ცუდია, რომ აქამდეც არ შედგა. ვისაც ეს ევალება, ყველამ კეთილი უნდა ინებოს, ჩავიდეს ხეობაში და მოსახლეობას აუხსნას, რა მოხდა რეალურად.

ვხედავ, რომ ზოგიერთი საზოგადოებრივი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ხელოვნურად ამწვავებს ვითარებას. ეს მხოლოდ მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას არ ეხება, ეს შეეხება მთელ სპეცოპერაციას პანკისის ხეობაშიც და გაბრიელ სალოსის გამზირზეც. ეს რომ სახელმწიფოს არყევს, ამაზე არავინ ფიქრობს, ყველა თავის კეთილდღეობაზე, პოლიტიკური ქულების მოხვეჭასა და გრანტებზე ფიქრობს.

- ვისგან შეიძლება იმართებოდეს ეს პროცესი?

- თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ძირითადად, სოციალური ქსელებით იმართება, რომლის უკანაც, როგორც უკვე ვთქვი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური ძალა დგას. არ დავაკონკრეტებ და არ გამოვრიცხავ, ამ პროცესის აჟიტირებას ქვეყნის გარედანაც უწყობდნენ ხელს.

- თუ მაჩალიკაშვილი მართლაც იყო ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში, რატომ ვერ ახერხებს პროკურატურა ამის დასაბუთებას?

- მას რომ კავშირი ჰქონდა ჩატაევის ჯგუფთან, ეს დამტკიცებულია, ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი უკვე ვნახეთ. სხვა საქმეა, რამდენად იყო ჩართული. კითხვები მართლაც არსებობს, როგორც იმაზე, თუ რა მოხდა სპეცოპერაციისას მაჩალიკაშვილების სახლში. შესაბამისად, ოჯახის კითხვები სრულიად ლეგიტიმურია. მათთან პრეტენზია არა მაქვს. მე ვლაპარაკობ დანარჩენებზე თბილისში თუ პანკისში, ვინც ამ აჟიოტაჟს ტეხს.

რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებას, ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ, თავიდანვე და თავის დროზე უნდა ჩასულიყვნენ პანკისში და ის ყველაფერი განემარტათ, რისი თქმაც ხმამაღლა შეიძლებოდა.

- მაჩალიკაშვილის მამის თქმით, სიმართლის დასადგენად სტრასბურგშიც კი იჩივლებს, ახსენა ასევე ჩეჩნური დიასპორის მხარდაჭერა.

- რაც შეეხება ოჯახის განცხადებას, რომ ამ საქმეს სტრასბურგამდე მიჰყვებიან, ეს მათი უფლებაა, აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია. აი, ჩეჩნური დიასპორისა და პანკისელებისგანაც ერთი რამ გამკვირვებია - რატომ მიიღეს და დაეხმარნენ აჰმედ ჩატაევს საქართველოში, როდესაც ეს კაცი ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ჩეჩნურმა დიასპორამ ევროპაში დაიბარა ახსნა-განმარტებისთვის, მაგრამ ის არ მივიდა შეხვედრაზე. ის ლაფანყურის შემდეგ დისკრედიტირებული იყო, ბრალს სდებდნენ, რომ არასწორად მოიქცა ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენებისას.

- შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირების მორიგი რაუნდი დაიწყო. პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" მის წინააღმდეგ შავ პიარს აწარმოებს, "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ მარგველაშვილი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და, ფაქტობრივად, უკვე წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

- არ ვიცი, გადაწყვიტა თუ არა მარგველაშვილმა მართლაც კიდევ ერთხელ კენჭისყრა, თუმცა ეს საკითხი მაინცდამაინც არც მაინტერესებს. ჩემი აზრით, მარგველაშვილის ამ პოსტზე ყოფნისას მოხდა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია, რადგან ის ფუნქცია, რაც პრეზიდენტს აქვს - იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სახე და იტვირთოს მედიატორის როლი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის - მან ვერ შეასრულა. ვერ ვხედავ, რამე პოზიტიური შედეგი ჰქონოდეს დღევანდლამდე მარგველაშვილის პრეზიდენტობას.

რაც შეეხება შეწყალების თემას, შავი პიარის აგორება არც უნდოდა, შეწყალების რამდენიმე ისეთი ფაქტი იყო, რომ ეს წარმოაჩენდა პრეზიდენტს ძალიან ნეგატიურად. თუმცა არც "ქართულ ოცნებაში" არიან ანგელოზები.

საკუთარი ჯგუფიდან კარგა ხანია განდგომილი ადამიანის შეფასებისას ზოგჯერ ძალიან აჭარბებენ.

მარგველაშვილი მოახერხებს თუ არა ოპოზიციური ძალების გაერთიანებას და მათზე დაყრდნობით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, არ ვიცი, თუმცა, რომც მოახერხოს, არა მგონია, მისთვის სასიამოვნო შედეგით დასრულდეს არჩევნები.

- ახალგარემონტებულ მეტრო "ვარკეთილში" ჩამონგრეულმა ჭერმა და არაერთი მოქალაქის დაშავებამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა საკითხი, რომ უმნიშვნელოვანეს პროექტებსაც კი დილეტანტები გეგმავენ და ახორციელებენ, რის უკანაც, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებები უნდა ვეძებოთ.

- რასაკვირველია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედაც კორუფციულ გარიგებებთან გვაქვს საქმე. საერთოდ, ტენდერების სფეროში კატასტროფული მდგომარეობაა. იქ კარგად შესრულებული სამუშაოც კი იკარგება არასწორად შესრულებული სამუშაოს ფონზე. რატომ იმარჯვებენ ტენდერებში გუშინ შექმნილი კომპანიები, ადამიანები, რომლებსაც ის საქმე, რაზეც კონკურსია გამოცხადებული, არასდროს უკეთებიათ?

მერამდენე ფაქტია, როცა ვიგებთ, რომ მერიამ უხარისხოდ შესრულებული ობიექტი ჩაიბარა. კალაძეს უხდება წინა მერის ნამუშევრის გამო თავის მართლება. ნარმანია ამბობს, ძირისძირობამდე უნდა ჩავყვეთ ამ საქმესო, მაშინ ჩაჰყოლოდა, როდესაც მერი იყო.

განგაშია ასატეხი, იმდენად უხარისხოდ აშენებენ. არაერთი დეველოპერული კომპანია სწორედ ამით არის ცნობილი. კონტროლის სამსახური არ არსებობს. არადა, სახელმწიფოს სიძლიერე დგას კონტროლზე, რომელიც კანონს ექვემდებარება.

რამდენიმე დღის წინ ხაშური-ხარაგაულის დამაკავშირებელი გვირაბი ჩამოინგრა და ხალხი მოიყოლა. რადგან ინვესტორი უცხოელია, ყველა დუმს. განა შეიძლება ამის გამო გაჩუმება?!

თანაც ასეთ შემთხვევებში ან დაბალი რგოლის მუშაკებს სჯიან, ან სულაც არავის. ეს პრაქტიკაც მოსაშლელია. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას სისასტიკის გამო ვაკრიტიკებდით, ეს ერთი უკიდურესობა იყო, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, მეორე უბედურებაა.

ისევ მუშაობს სატელეფონო თხოვნების, ნათესაობის, ნათელმირონობის "ინსტიტუტები", ბრიყვული ჰუმანურობა, რაც ჰუმანურობა სულაც არ არის და "ფეხებზე მკიდია" დამოკიდებულებაა ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ.

არ შეიძლება ასე მოქცევა.

მეტროსადგურის ჭერის ჩამონგრევის გამო დამნაშავეთა მთელმა ვერტიკალმა უნდა აგოს პასუხი.

ჩემი აზრით, კომპანიებს და მათ დამფუძნებელ ხალხს, ვინც ეს ჭერი დააპროექტა და მერე რომელმაც გააკეთა, უნდა აეკრძალოთ არა მხოლოდ სამშენებლო საქმიანობა, არამედ ნებისმიერ ტენდერში მონაწილეობა.

უნდა დაისაჯოს ის, ვისაც ევალებოდა ზედამხედველობა, ვინც ობიექტს ექსპლუატაციის ვიზა მისცა. არაერთი ჟურნალისტური კვლევა მხვდება, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული ფირმები ხელოვნურად აგდებენ ფასს, რათა ტენდერში გაიმარჯვონ, შემდეგ ხვდებიან, რომ ფული არ ეყოფათ და იაფფასიან ქვეკონტრაქტორებს შოულობენ და ა.შ. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ლობისტები ჰყავთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.

რეგიონებში საერთოდ სასწაულები ხდება. აჭარაში მით უფრო კატასტროფაა - ზოგიერთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ტოტალურად გააქვთ ინერტული მასალა, მათ არავინ აკონტროლებს, არადა, გარემოს დიდ ეკოლოგიურ ზიანის აყენებენ.

განსაკუთრებით აქტიურობენ ის უცხოური კომპანიები, რომელთაც, როგორც ინვესტორებს, საყვედურის თქმასაც კი ვერ ვუბედავთ. მათ საქართველოს ეკოსისტემა სულ არ ადარდებთ.

აქვე უნდა შევეხო ერთ ძალიან აქტუალურ საკითხს - მრავალწლოვანი ხეების გადატანას. მე ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ, მაგრამ მათი გადატანისას რაც გზაში ხდება, ეს არის კონკრეტული პირების შეცდომა და დანაშაული. არ შეიძლება ერთი კარგი საქმე გააკეთო და დანარჩენი ყველაფერი დაანგრიო.

ნათია დოლიძე