რა მიზანი აქვს "მწყალობელ" პრეზიდენტს
რა მიზანი აქვს "მწყალობელ" პრეზიდენტს
ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 3 671 პატიმარი შეიწყალა, მათგან 2 384 გაათავისუფლა, 1054-ს კი სასჯელი შეუმცირა, თუმცა, შესაძლოა, შეწყალებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალების წესი უფრო ჰუმანური ხდება. კერძოდ, არაძალადობრ­ივი დანაშაულისათვის მსჯავრდადებულებს შეწყალების თხოვნა პატიმრობის პირველივე დღეს შეეძლებათ, რაც ნიშნავს, რომ სასჯელის 1/3-ის ან ნახევრის მოხდა საჭირო აღარ არის. ცვლილება შეეხება ნარკოდანაშაულს, თუ ის რეალიზაციის ნიშნებს არ შეიცავს. შეწყალების აქტი ჰუმანური გახდება სამოხელეო და ეკონომიკური
დანაშაულის ჩამდენთა მიმართაც.
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდ­ენტის ამ ინიციატივას მარგველაშვილის არჩევნებისთვის მზადებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური აქტია და არა - ჰუმანური გადაწყვეტილება.

"პრეზიდენტს ვურჩევდი, ჯერ ქვეყნის ბედზე დაფიქრდეს და შემდეგ იზრუნოს პიარკამპანიაზე"


რატი იონათამიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: - მარგველაშვილს­ ისე სურს ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში,
რომ დიდი ხნით ადრე დაიწყო­ ზრუნვა, თუმცა უნდა ახსოვდეს: ამნისტია მისი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ უდიდეს პასუხისმგებლობასაც აკისრებს მოსახლეობის წინაშე. ისედაც საეჭვოა, რამდენად კანონიერად იყენებს ამ აქტს პრეზიდენტი, ვის მიიჩნევს დამნაშავედ და ვის თვლის თავისუფლების ღირსად, და ახლა ამ უფლებების გაფართოება, თანაც - წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ქვეყანას დააზიანებს. მეტიც, თუ სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები ირწმუნებენ, რომ ფინანსური მაქინაციის მიუხედავად, პრეზიდენტის შეწყალებას იოლად მიიღებენ, ეს დანაშაულს წაახალისებს. პრეზიდენტს ვურჩევდი, სანამ გადაწყვეტილებას­ მიიღებს, ჯერ ქვეყნის ბედსა და გამოწვევებზე დაფიქრდეს, შემდეგ იზრუნოს პიარკამპანიაზე.

"სამოხელეო დანაშაულისადმი ლოიალური მიდგომა მცდარი და სახიფათო ნაბიჯია"

ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი:­ - არაძალადობრივ დანაშაულზე­ შეწყალების პოლიტიკისადმი ჰუმანური მიდგომის გაფართოება ჩემთვის მისაღებია. სწორი ნაბიჯია ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ლოიალური პოლიტიკაც, მაგრამ შეწყალების კომისიაში, ისევე როგორც ნარკოტიკების გამსაღებლებთან დაკავშირებით, კანონმდებლობაში კვლავ სიმკაცრის შენარჩუნების მომხრე ვარ. რაც შეეხება კორუფციული ქმედებისთვის მსჯავრდადებულთა მიმართ ლოიალურ მიდგომას, ეს ჩემთვის, როგორც შეწყალების კომისიის წევრისა და ანტიკორუფციული ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, მიუღებელია. განსაკუთრებით ახლა, როცა ელიტურ კორუფციაზე ეფექტური რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა კვლავაც გამოწვევად რჩება, სამოხელეო დანაშაულისადმი ლოიალური მიდგომა მცდარი და სახიფათო ნაბიჯი მგონია.

- ეს გადაწყვეტილება საჯარო სამსახურებში დანაშაულს წაახალისებს?

- სამოხელეო დანაშაულისადმი შეუვალი პოზიციის შენარჩუნება სწორედ იმიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ ეს ვინმეს წამახალისებლად არ მოეჩვენოს. ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო არენაზე კორუფციისგან მეტ-ნაკლებად თავისუფალი ქვეყნის იმიჯი რადიკალური რეფორმებისა და რთული გზის გავლის შედეგად დაიმკვიდრა, ამ მონაპოვარს კი შენარჩუნება­ სჭირდება, რასაც ასეთი ნაბიჯები ვერ დაეხმარება. სისტემური კორუფცია ამცირებს სახელმწიფოს უნარს, ეფექტურად შეასრულოს თავისი მთავარი ფუნქციები, მათ შორის - მართლწესრიგის დაცვა, ეკონომიკური და სოციალური პროგრამების დაფინანსება. ამ საქმეში უკუსვლა და პოზიციის შერბილება ძალიან სახიფათოა.

"ეს არის ჰუმანური აქტი და ყოველგვარ ეჭვზე ლაპარაკი ზედმეტია"

ზვიად ქორიძე, შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე:
- არ ვიცი, სად არის მმართველი გუნდის გზავნილი - შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდადებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისა და შემოტანა-ტრანზიტისა? იქნებ დაასაბუთონ ეს არგუმენტი მმართველი გუნდის წევრებმა?

- მთავარი ცვლილება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საფუძველიც გახდა, სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდადებულთა შეწყალების არეალის გაფართოებაა...

- ამ შემთხვევაში საქმე ეხება პირებს, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ და ეს არ გაუკეთებიათ ძალადობით ან ძალადობის მუქარით. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ კომისიამ თითოეულ პირზე უნდა იმსჯელოს, რაც ნიშნავს, რომ ყველა საფრთხისგან დაზღვეული ვიქნებით.

- საფრთხე მაინც რჩება, რადგან პრეზიდენტს აქვს უფლება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება... თანაც, რამდენად გამართლებულია ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, როცა ისედაც არსებობს ეჭვი, რომ პრეზიდენტი მსჯავრდადებულებს სამართლიანად არ იწყალებს?

- ეს არის ჰუმანური აქტი და ყოველგვარ ეჭვზე ლაპარაკი ზედმეტია. ამის საფუძველს მე ვერ ვხედავ.

რუსუდან შელია
patrioti
09 თებერვალი 2018 10:57
nato chveni momavalia magram gayinuli gaicemeli xelfasebit miugweveli amitom ..
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები