გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს - კვირის პალიტრა

გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს

გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია WDR იუწყება.

რეგიონის მთავრობა აღნიშნულის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.

WDR-ის განმარტებით, საქართველოდან ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში ჩადის სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ გერმანიაში დარჩენის მინიმალური შანსები აქვთ.

"პოლიციის ინფორმაციით, ლტოლვილთა ბანაკ ორლინგსჰაუზენში კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა", - იუწყება ტელერადიოკომპანია.

"ინტერპრესნიუსი"