ახალი სისხლის შეშვება-შეშხაპუნება ნაციონალურად - კვირის პალიტრა

ახალი სისხლის შეშვება-შეშხაპუნება ნაციონალურად

რატომ ათავისუფლებენ ვაკე-საბურთალოს გამგეობიდან თანამშრომლებს

ახლახან "კვირის პალიტრას" ვაკე-საბურთალოს გამგეობის თანამშრომლებმა ამცნეს, რომ  ახალმა გამგებელმა დავით ბურდულმა ყველას სამსახურის დატოვება მოსთხოვა. "დაახლოებით ოცდაათ თანამშრომელს უმუშევრობა ემუქრება, მაგრამ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. არადა, ეს ხალხი სამსახურში ტესტირებით, გასაუბრებით მიიღეს", - გვითხრა ჩვენმა ინფორმატორმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

ჩვენ მერიის პრესსამსახურს დავურეკეთ და დავინტერესდით, რა გახდა გამგეობაში თანამშრომლების მასობრივად დათხოვნის მიზეზი. დაგვპირდნენ, რომ პასუხს მოგვიანებით გაგვცემდნენ, მაგრამ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარავინ პასუხობს. როგორც ჩანს, ახალ გამგებელს თანამშრომლებში ახალი სისხლის შეშვება-შეშხაპუნების (ამ ტერმინის განმარტებას წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ. - ავტ.) სურვილი მოეძალა.

ყოფილი ნაციონალი ალეკო შალამბერიძე: - "დამთავრდა არჩევნები და ახალი ცოცხი მოვიდა ვაკის გამგეობაში, მას კი იმ აქტივისტების დასაქმება უნდა, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებზე იაქტიურეს. ეტყობა, გამგებელს  თბილისის მერიისგანაც მწვანე შუქი აქვს ანთებული. მოკლედ, გამგეობის ძველმა წევრებმა მაგრად მიქარეს, არჩევნებზე რომ მივიდნენ  და ხუთიანები შემოხაზეს - კეთილსინდისიერება ასე "დაუფასეს".

დედაქალაქი უგულავას თავისი კანტორა ჰგონია და ვინც უნდა, თანამდებობაზე იმას ნიშნავს. ამიტომაა, რომ გამგებლებად ყოვლად უსახური პირები გვყავს. მეტი რა ვთქვა?! თავის დროზე თავადაც შევცდი, "ნაციონალური მოძრობის" გაძლიერებაში წვლილი რომ შევიტანე. ამიტომაც ვურჩევ სხვებს, ჩემი გამოცდილება გაიზიარონ და სახელმწიფო მოხელეებს თავი აბუჩად არ ააგდებინონ.

...ჩანს, გადაადგილებულ-გადმოადგილებულ მთავრობის წევრებსაც გაუჩნდებათ საკადრო ცვლილებების სურვილი.

თუ მიხეილ სააკაშვილს დავუჯერებთ, მთავრობისთვის ახალი სისხლის "შეშვება-შეშხაპუნება" ძალიან სასარგებლო ყოფილა, მაგრამ გააჩნია, ვისთვის! ახლახან ეკონომიკური განვითარების მინისტრად 28 წლის ვერა ქობალიას დანიშვნით აღფრთოვანებულმა პრეზიდენტმა ახალი კადრების წარდგენისას "შთამბეჭდავად" ისაუბრა (სტილი დაცულია): "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ძალიან პროფესიული დიპლომატია ჩვენი და ძალიან კარგი ადამიანი,  პატრიოტი საქართველოს... მან მაქსიმალური შეძლო, რაც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო ამ პერიოდში...

მაგრამ მთავრობა, რომელიც ეფუძნება კადრების ვალდებულებას, ასევე ეფუძნება რეზულტატით  შეფასებას ადამიანების და თუ რომელიმე რეზულტატს ვერ აღწევს, ის აუცილებლად უნდა იქნეს გადაყვანილი სხვა მიმართულებაზე... და მეორეც, ეს არის მთავრობა, რომელიც  ეფუძნება მუდმივ განახლებას - მუდმივად მცირე დოზებით, მაგრამ ახალი სისხლის  შეშვებას და შეშხაპუნებას!"

საქართველოს გაუარესებულ ეკონომიკასა და ლარის გაუფასურებას ვითომ ასეთი "ნაციონალურად შეშვება-შეშხაპუნება"  უშველის?!