"კრიმინალურმა სამყარომ 90-იანი წლების მერე დაკარგული პოზიციების დაბრუნება დაიწყო"
12-02-2018
"კრიმინალურმა სამყარომ 90-იანი წლების მერე დაკარგული პოზიციების დაბრუნება დაიწყო"
"დღეს ადამიანებს არა აქვთ განცდა, რომ საქართველოში სასამართლოს გზით მოახერხებენ სიმართლის დამტკიცებას, ამიტომაც უკვე არის შემთხვევები, როდესაც შავ სამყაროს მიმართავენ..."

ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გართულება უფრო და უფრო აღვივებს საფრთხეს, რომ თუ ხელისუფლებამ დროულად არ მიიღო ზომები, შესაძლოა, ისევ ორგანიზებული დანაშაულის აღორძინების მომსწრენი გავხდეთ. ქართველ კრიმინალებს უჩივიან ევროპაშიც. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრმა ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია წამოიწყო. გერმანელები წუხან,
რომ საქართველოდან სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩადის, პოლიციის ინფორმაციით კი ლტოლვილთა ბანაკ "ორლინგსჰაუზენში" კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. კრიმინალური ვითარების გაუარესებაში საქართველოს მოქალაქეების ბრალს ხედავენ იტალიის ზოგიერთ რეგიონშიც.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად დაინახა საფრთხე, რომ შესაძლოა, ქვეყანას უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩერონ, ამიტომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ
გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ზომების გამკაცრებაზე ალაპარაკდა. ამასთან, გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირ-საქართველოს ასოციაციის საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებაზე ილაპარაკეს.
როგორ შეიძლება დაბალანსდეს ეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ერთი მხრივ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ნეგატიური პერსპექტივა და მეორე მხრივ, ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების პროცესი? გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- მე ამას ორ საკითხად არ გავყოფდი... ეს ერთი პროცესია. რაც შეეხება საბჭოს სხდომას, საიდანაც თითქოს პოზიტიური გზავნილები გაისმა, მე ეს უფრო კონტექსტიდან ამოგლეჯილი პიარკამპანიის ნაწილი მგონია. ასეთ შეხვედრებზე რაღაც რევერანსების მომსწრენი კი ვართ ხოლმე, მაგრამ ეს სულაც არ წარმოაჩენს ევროკავშირის ქვეყნების რეალურ პოზიციას. კონტექსტიდან ამოგლეჯილ ცალკეულ განცხადებებს ხელისუფლება წარმოაჩენს, როგორც განსაკუთრებულ კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ, რეალური ვითარება კი, სამწუხაროდ, სხვანაირია.

შექმნილ ვითარებას ორი მთავარი მიზეზი აქვს - ერთი გახლავთ ის, რომ სოციალური ვითარება ქვეყანაში ძალიან დამძიმდა, შედეგად ჩვენი მოქალაქეები ხსნას ქვეყნიდან წასვლაში ხედავენ, იმის მიუხედავად, რომ ბუნდოვანი წარმოდგენაც არ აქვთ, რა ელით. ფიზიკური გადარჩენის პრობლემა უდგათ, ამიტომაც რისკავენ, საბოლოოდ კი, იმის გამო, რომ ფეხის მოკიდება იქაც ძნელია, მათი ნაწილი კრიმინალურ საქმიანობას იწყებს.
ეს არის ერთი მიმართულება. მეორე მხრივ, მგონია, რომ ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს კარგად არ აუხსნა, რა შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევას მათთვისაც და ქვეყნისთვისაც,
არ ჩატარდა საკმარისი პრევენციული ღონისძიებები და არ შეიქმნა შესაფერისი შემაკავებელი მექანიზმები. როგორც ყოველთვის, აქაც ხელისუფლება მოიქცა ე.წ. სირაქლემის პრინციპით, იფიქრეს, მოდი, მივუშვათ პროცესი და ვნახოთ, რა იქნება, შეიძლება არც არაფერი მოხდესო... როდესაც ასე მიუშვებ პროცესს და მერე ვითარება მძიმდება, ამის შეჩერება ან გამოსწორება უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს...

აქაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ისე მოიქცა, როგორც მას ახასიათებს. უკეთესის იმედით წინასწარ არ მიიღეს ზომები, რაც მისი ინფანტილიზმისა და არაპროფესიონალიზმის კიდევ ერთი მაგალითია.
ახლა დაიწყეს ფაფხური და ლაპარაკი, რომ ამის შესაჩერებლად რაღაც მექანიზმებს შემოიღებენ, თუმცა ამ ეტაპზე ეფექტური შედეგის მიღება, ვფიქრობ, ძალიან გაჭირდება. მით უფრო, რომ ჯერ დანამდვილებით არც ვიცით, რას აპირებენ.

- ახსენეთ, რომ ხელისუფლებას ამა თუ იმ შემთხვევაში უყურადღებობა სჩვევია. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი მიუშვეს კრიმინალთან ბრძოლაშიც, შედეგად კი მივიღეთ, რომ დღე არ გავა, ახალ-ახალი მძიმე დანაშაულების თაობაზე არ გავრცელდეს ინფორმაცია...
- მართლაც, ამ საკითხებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, ეს ორი პროცესი ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
ჩვენ გამოვედით ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის ეპოქიდან, რაც სწორი და აუცილებელი იყო. დღევანდელი ხელისუფლების ხედვა უფრო ჰუმანური გახდა და ადამიანი, როგორც ფასეულობა, დაუბრუნდა ჩვენს სინამდვილეს, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყეთ სვლა მეორე უკიდურესობისკენ... ხელისუფლების ჰუმანურობა კრიმინალურმა სამყარომ საკუთარ თავზეც იგრძნო, ეს ჩაუთვალა სისუსტედ და დაიწყო 90-იანი წლების მერე დაკარგული პოზიციების დაბრუნება. ამ შემთხვევაში
ვლაპარაკობ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც არ არის მხოლოდ კრიმინალი, ეს არის მცდელობა, მეტასტაზებივით მოედონ ეკონომიკურ სისტემებს, საქმეები გაჩარხონ ქუჩური გარჩევებით და ა.შ.
მით უფრო სასამართლო სისტემის სრული დისკრედიტაციის, თითქმის კოლაფსის პირობებში ნოყიერი ნიადაგი იქმნება, რომ სამართლის ძიება ქუჩაში დაბრუნდეს. დღეს ადამიანებს არა აქვთ განცდა, რომ საქართველოში სასამართლოს გზით მოახერხებენ სიმართლის დამტკიცებას, ამიტომაც უკვე არის შემთხვევები, როდესაც შავ სამყაროს მიმართავენ...

ხელისუფლებამ, ჰუმანურობასთან ერთად, ვერ მოახერხა ეჩვენებინა, რომ ის შეუვალი და უკომპრომისოა კრიმინალთან ბრძოლაში! გარდა ამისა,
მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო წვრილმანმა კრიმინალმაც მოიმატა. რაც ყველაზე სახიფათოა, ამ კრიმინალურმა მისწრაფებებმა სოციალური ბაზის ფორმირება დაიწყო ახალგაზრდებში, იმ სეგმენტში, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტის რომანტიზაციისთვის ყველაზე მოწყვლადია.

ბოლო ხანს ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ - სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი კონფლიქტებისა და ტრაგედიების შემდეგ არავინ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ იძლეოდნენ ჩვენებებს.
ამით იქმნება ვითარების უკონტროლობის ძალიან სახიფათო სოციალური საფუძველი...
ეს ხდება მაშინ, როცა ახალგაზრდას არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ალტერნატივას არ სთავაზობს. ამაში მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოები არ არიან დამნაშავენი, რაც ხდება ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე მხოლოდ შესაბამის სტრუქტურებს ძალიან გაუჭირდებათ შექმნილ ვითარებასთან გამკლავება!

რას ვთავაზობთ ახალგაზრდებს? - ერთი მხრივ, ამ ქუჩური ცხოვრების რომანტიზაციას, მეორე მხრივ - კლუბურ ცხოვრებას, ანუ მეორე უკიდურესობას?
ვგულისხმობ საზოგადოების ულტრალიბერალური ფრთის ინიციატივებს, საბოლოოდ კი ეს ორი შეთავაზება სადღაც კვეთს კიდეც ერთმანეთს...
ვინმე ცდილობს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და ა.შ.?!
ეს ყველაფერი მხოლოდ ჯოხით ვერ მოგვარდება, თუმცა ჯოხიც აუცილებელია!

ბუნებრივია, სამართალდამცავმა სისტემამ უნდა დაიბრუნოს ის ეფექტიანობა, რაც ჰქონდა. არ ვამბობ, რომ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოცხადდეს, მაგრამ დანაშაულთან ბრძოლაში პოლიცია უფრო აგრესიული და შეურიგებელი უნდა გახდეს. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და არავინ ეჭვობდეს, რომ ქვეყანაში სამართალი შერჩევითია.
საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სისტემებში უნდა მოვძებნოთ და შევქმნათ ის ალგორითმი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს გავზრდით. მხოლოდ ასე თუ მოხერხდება ვითარების შეცვლა.
ჩვენს ქვეყანას როდის ექნება პერსპექტივა? მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ადრეული ასაკიდანვე მიეჩვევა, რომ მისი მოქალაქეობრივი ვალია, აცნობოს სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ და ითანამშრომლოს მათთან. ქუჩური ომერტას პრინციპი, როდესაც სამართალდამცავებთან თანამშრომლობა უკადრის საქციელად მიიჩნევა, უნდა დასრულდეს.
ამას სჭირდება გააზრებული პოლიტიკა როგორც კანონის გამკაცრების, ასევე პოზიტიური სტიმულირების თვალსაზრისითაც. ეს არის დიდი და კომპლექსური სამუშაო და ამ საქმეში ყველა ერთიანი უნდა იყოს.
გარდა ამისა, ვფიქრობ, პრობლემებია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

ახალი მინისტრის, გიორგი გახარიას მოსვლის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ დამაიმედებელი ტენდენციები სამართალდამცავ სისტემაში არსებულ ნეგატიურ პროცესებთან დაკავშირებით. ახალმა მინისტრმა გადადგა ნაბიჯები. მაგალითისთვის მოვიყვან ცნობილ ჰეშთეგს: "არა ჩადებას!" ამით ირიბად აღიარეს, რომ "ჩადება" სამართალდამცავი სტრუქტურების პრობლემაა.
"ჩადებას", როგორც ინსტრუმენტს, კრიმინალური პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური მიზნით არ იყენებს და არც მხოლოდ საქართველოში ხდება ეს... ამ ინსტრუმენტის გამოყენება გავრცელებულია. მას ხშირად აგენტურის ფორმირებისთვის, ე.წ. დავერბოვკებისთვის, რეალური დანაშაულის გახსნის მოტივით და კიდევ ათასგვარი მიზნით იყენებენ... მაგრამ ეს ქმედებები უკანონოა და რაც უნდა კეთილი მიზნები ამოძრავებდეთ, ეს უნდა აღიკვეთოს!
მინისტრმა სწორედ ამაზე მიანიშნა, რითაც, ჩემი აზრით, სისტემა დაიპირისპირა. "ჩადება", როგორც ინსტრუმენტი და ვითარების გაკონტროლების საშუალება ჩვენში იმდენად ფეხმოკიდებულია, რომ დარწმუნებული ვარ, სისტემის შიგნით ეს დამოკიდებულება არ მოეწონათ. არ გამოვრიცხავ, რომ სისტემამ დაიწყოს მინისტრის საბოტაჟი, თუ უკვე არ დაიწყეს, კრიმინალური ვითარების გართულებითაც, უფრო სწორად, კრიმინალისთვის არასათანადო, არაადეკვატური პასუხით... შეეცდებიან ქაოსის ხელოვნურად შექმნას და ამის შემდეგ მინისტრის მოთვინიერებას, მის იძულებას, რომ ითამაშოს სისტემის წესებით ან, უკეთეს შემთხვევაში, წავიდეს სამინისტროდან.

- ერთ-ერთი ბოლო კრიმინალური ფაქტი, რომელმაც შეძრა საზოგადოება, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმაა. დედა-შვილს ბინაში, დღისით, ფაქტობრივად, უამრავი მოწმის თვალწინ დაესხნენ თავს... კრიმინალს და მასზე სამართალდამცავთა დაგვიანებულ პასუხს რა გადამდები ეფექტი აქვს და როგორც ახალისებს პოტენციურ დამნაშავეებს, ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში ვნახეთ... ჩვენში ბევრი უკვე ალაპარაკდა, რომ ქვეყანა, შესაძლოა, კვლავ სისხლიანი გარჩევების, შურისძიებისა და ანგარიშსწორების ასპარეზად იქცეს...

- ამის საფრთხე, რა თქმა უნდა, არის. არ მინდა ვითარების დრამატიზება, არა მგონია, რომ პროცესი შეუქცევადია, მისი შეჩერება შეიძლება... ეს კონკრეტული ფაქტი, როგორც ინფორმაცია ჟონავს, უფრო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დანაშაულია, რაც შეიძლება ყველა დროში მოხდეს, მაგრამ აქ მთავარია გამოძიების ეფექტიანობა და პრევენცია ამ საფრთხეების, ანუ ყველა პოტენციურმა დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ კრიმინალზე რეაგირება არის სწრაფი და აგრესიული. თუ ეს ეცოდინება, მაშინ პრობლემაც მოგვარდება. ეს შეეხება კორუფციულ დანაშაულსაც. ვფიქრობ, რომ ოთარ აბესაძის გამოშვებით ძალიან ცუდი პრეცედენტი შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანურად მას შეიძლება თანავუგრძნოთ, მაინც გამოდის, რომ ყველა კორუფციონერს შეუძლია გულზე ხელი წაივლოს და ჯანმრთელობის პრობლემების იმიტირებით გათავისუფლება მოითხოვოს. ასევე არ უნდა დავუშვათ, რომ "ნარკობარიგებმა" დაკავების მერე იყვირონ, არიქა, ჩამიდეს ნარკოტიკიო...
ერთი მხრივ, ფხიზლად უნდა ვიდგეთ სამართალდამცავთა ძალადობისა და მათი უკანონო ქმედებების სადარაჯოზე, თუმცა, ამავდროულად, არ უნდა დავაკომპლექსოთ ისინი! ხელი არ უნდა შევუწყოთ მათ დასუსტებას, ეს კრიმინალურ სამყაროს გაუჩენს დაუსჯელობის განცდას და მისცემს რეანიმირების საშუალებას.

სამართლის პოვნის გზაზე ყველაზე სუსტი რგოლი, ჩემი აზრით, სასამართლოა, რომელიც იქცა "ავგიას თავლად". დღეს ჭკუას გვასწავლიან ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ ვერდიქტებს შტამპავდნენ... ხელისუფლების წარმომადგენლები კი გვეუბნებიან, რომ თურმე გამოსწორდნენ და ანგელოზები გახდნენ...
როგორც კი ვიღაც ცდილობს "ავგიას თავლის" გაწმენდას, სისტემა მას მედგარ წინააღმდეგობას უწევს და ამაში ხელისუფლებაც ეხმარება, შესაბამისად, ხელისუფლება გახდა ამ "კოლექტიური მურუსიძის" მთავარი დამცველი...

- "ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები დღეს ცდილობენ, სასამართლოში გავლენა შეინარჩუნონ, ეს არის ადეიშვილის მიერ გამოზრდილი სისტემა," - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად დანიშნულმა წევრმა ანა დოლიძემ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების დაწყებამდე, რასაც მოსამართლეთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, ანა დოლიძე სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კომპონენტის შეტანას ცდილობს... რამდენიმე მათგანმა გასაუბრებისას ანა დოლიძის აცილება მოითხოვა...
- სწორედ ამ პროცესს ვგულისხმობდი... როგორც კი გაჩნდა იუსტიციის საბჭოში ნათელი წერტილი ანა დოლიძის სახით, მთელი სისტემა ამოქმედდა მის თავიდან მოსაშორებლად. დღეს სასამართლო სისტემა დაახლოებით ისე იქცევა, როგორც ქუჩაში ხდება ხოლმე, სადაც არის უბნის მაყურებელი თავისი ხელის ბიჭებით... მოსამართლეების ნაწილის პოზიცია დაახლოებით ასეთია - ეს ჩვენი უბანია, ჩვენ ვართ მაყურებლები და ეს ვიღაც ანა დოლიძე აქ რაებს ბედავსო...
არ მეთანხმებით, რომ ტრაგიკომიკური ვითარება იქმნება, როდესაც მოსამართლეების ნაწილი გასაუბრებაზე კომისიის წევრს აცილებას აძლევს? ამით ისინი აღიარებენ, რომ დამნაშავეები არიან... აბა, უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ დასამალი.
რაც შეეხება პოლიტიკას... რა თქმა უნდა, როდესაც ვლაპარაკობთ სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე, ეს უკავშირდება პოლიტიკას, ოღონდ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას და არა - პარტიულს. ანა დოლიძე, მათგან განსხვავებით, პოლიტიკურ დავალებას არ ასრულებს, მოსამართლეთა ნაწილია ამაში ეჭვმიტანილი. თუნდაც მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი ვერდიქტი გავიხსენოთ გირგვლიანის საქმეზე. ამ დანაშაულს მხოლოდ ერთი ეტაპი არ ჰქონია... გირგვლიანის მკვლელები ციხიდან სამ ეტაპად გამოუშვეს. სააკაშვილს ისინი არ გამოუშვია, მან სასჯელი შეუმსუბუქა, ანუ შეწყალების აქტით პატიმრობის ვადა გაუნახევრა, მაგრამ ეს განახევრება არ აღმოჩნდა მათი ციხიდან გათავისუფლებისთვის საკმარისი, ამიტომ პროკურატურის წარდგინებით მოსამართლე მურუსიძემ, რომელიც ახლა ლამის მთელი სასამართლოს მაყურებელია, მათ კიდევ შეუმცირა პატიმრობის ვადა, რათა მათი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შესაძლებელი გამხდარიყო... საბოლოოდ კი ისინი ციხიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გამოუშვა. ამ საქმეში მონაწილეობდნენ პრეზიდენტი, პროკურატურა, მოსამართლე მურუსიძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. მაინტერესებს, თუ სააკაშვილს ამაზე ვუსჯით სასჯელს, დანაშაულის დანარჩენი მონაწილეები სად არიან?! რატომ არ გამოაქვთ ასეთივე განაჩენი მურუსიძის წინააღმდეგ?!
ჩნდება ეჭვი, რომ ეს პროცესი სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული ფარსია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი დამნაშავეა ამ საქმეშიც და უფრო დიდი დანაშაულებიც აქვს ჩადენილი.

- სულ უფრო და უფრო რეალური ხდება სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების შესაძლებლობა. ელით, რომ საქართველოში მისი ექსტრადირება მოხდება?

- ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის საქართველოში გამოშვება სულაც არ უნდა. ისინი ცდილობენ, სააკაშვილი როგორმე "დაითანხმონ", რომ უკრაინიდან წავიდეს. რადგან საქართველოს თემა დამოკლეს მახვილივით კიდია ექსპრეზიდენტის თავზე, ამას იყენებენ უკრაინელებიც და ცდილობენ, როგორმე ჩამოაშორონ ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. რა მოხდება, თუ ის საქართველოში გამოუშვეს? მე ამ საკითხის დრამატიზებას არ მოვახდენდი. არ ვფიქრობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", თავის ლიდერიანად, აქვს რესურსი, რომ აქ სახელმწიფოებრივი კრიზისი გამოიწვიოს.
სააკაშვილის საქართველოში ყოფნა იქნება მუდმივი თავის ტკივილი და არასტაბილურობის ფაქტორი, მაგრამ არა - რევოლუციის საფუძველი.

- ბოლო ხანს "ნაციონალური მოძრაობა" ნაკლებად აქტიურია, არ ჩანს მათი ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაც, რომელიც პრემიერთან ცნობილი დაპირისპირების შემდეგ თითქოს გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან...

- ვფიქრობ, შეისვენეს, რაც სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მათ აქვთ რესურსების პრობლემაც... დიდწილად კი ყველა ელოდება, რა მოხდება უკრაინაში. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, პარტიაში, ვფიქრობ, სერიოზული საფიქრალი აქვთ...


ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით