"გაერთიანებამდე თავისთავად, ბუნებრივად და ადვილად მივალთ" - კვირის პალიტრა

"გაერთიანებამდე თავისთავად, ბუნებრივად და ადვილად მივალთ"

"ხელისუფლებამ დაარქვა დიდი ხანია ყველაფერს თავისი სახელი, ოპოზიცია კი მესამე წელია სირაქლემის პოზაშია"

მიუნხენში ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ ნოღაიდელის, ლევან გაჩეჩილაძისა და ეროსი კიწმარიშვილის შეხვედრამ გააჩინა ეჭვი, რომ   მალე საზოგადოება  ახალი ალიანსის შექმნის მოწმე გახდებოდა. მართლაც გაჩნდება თუ არა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ალიანსი ახალი სუბიექტების მონაწილეობით, ვისი ინიციატივითა და რა მიზნით გაიმართა შეხვედრა მიუნხენში, ამის შესახებ პოლიტიკურ დევნილობაში მყოფ თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ:

- თავისთავად ის ფაქტი, რომ ერთი რიგითი შეხვედრა ამხელა მითქმა-მოთქმისა და განსჯის საგანი, ზოგიერთის საქილიკო გახდა (ზოგიერთებმა კი ეს შეხვედრა ლამის შეთქმულებად მონათლეს), ჩვენთვის იმის მანიშნებელია, რომ სწორ გზას ვადგავართ.

შეხვედრის ინიციატივა მე მეკუთვნის. მინდოდა, შემდგარიყო გულახდილი საუბარი, რაც შემდგომ ურთიერთობას უფრო ჯანსაღს გახდიდა, როგორც ნდობის, ასევე მიზნის მიღწევისათვის. თავდაპირველად, როდესაც ზურაბ ნოღაიდელს შევხვდი, გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება, სადაც ლაპარაკი იყო დიდი ერთობის აუცილებლობაზე, იმაზე, თუ რას ვპირდებით საზოგადოებას, თუ რეჟიმს შევცვლით. ასევე იმაზეც, რომ გარდა ერთობისა და კონკრეტული საკითხებით საზოგადოების მოტივირებისა, ერთობლივი სტრუქტურების გარეშე რეჟიმის შეცვლა შეუძლებელი იქნება.

მიუნხენის შეხვედრისთვის უფრო მარტივი თემა შევთავაზე ყველას (მათ შორის მათაც, ვინც ამ შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ), კერძოდ, არის თუ არა ჩვენი მიზანი რეჟიმის შეცვლა და არა ისეთი ტივტივი, რასაც არაერთი ოპოზიციური პარტია დიდი ხანია შეგნებულად მიმართავს;

ვაღიარებთ თუ არა დაშვებულ შეცდომებს, რათა იგივე აღარ განმეორდეს; ვთანხმდებით თუ არა, რომ ცალ-ცალკე თითოეულ ჩვენგანს, და არა მარტო ჩვენგანს, არ შესწევს იმდენი ძალა, რომ რეჟიმი დაამარცხოს (შესაბამისად, ინდივიდუალური მოქმედებები და ინიციატივები ხალხის მოტყუება და წყლის ნაყვაა); და ყველაზე მთავარი - რა არის საჭირო რეჟიმის დასასრულებლად, რის თაობაზეც ჩემი შეხედულებები გავაცანი.

არაფრის ირგვლივ გაერთიანება შესაბამისი შედეგებით არაერთხელ ვნახეთ. ამის საუკეთესო და ბოლო მაგალითი კი "ალიანსი" იყო. თუ ამ საკითხებზე ვთანხმდებით, მაშინ გაერთიანებამდე თავისთავად, ბუნებრივად და ადვილად მივალთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მოვამზადებთ ვითარებას, რომელიც ახლო მომავალში ან გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ან ისტორიას ჩაგვაბარებს.

- მიუხედავად მოწვევისა, ნინო ბურჯანაძემ უარი განაცხადა მიუნხენის შეხვედრაში მონაწილეობაზე. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა სახალხო კრებაა. შეუერთდებით თუ არა კრების იდეას?

- ყველა კრებას ვუერთდები, რომელიც მხიარული არ დარჩება და ხალხს ისევ იმედგაცრუებულს არ დატოვებს. შარშან, მაისში, "დინამოს" სტადიონზე ჩატარდა დიდი სახალხო კრება და რა შედეგითაც დამთავრდა, ყველას გვახსოვს. ნინოს პირადად შევთავაზე, მონაწილეობა მიეღო მიუნხენის შეხვედრაში. ვფიქრობდი, რომ ვისაუბრებდით ბევრ საკითხზე და მათ შორის იმაზეც, თუ როგორი უნდა იყოს კრების ფორმატი, მისი ლოგიკური გაგრძელება თუ დასასრული.

იმედია, შემდეგ შეხვედრას, რომელიც შეიძლება ახლო მომავალში გაიმართოს, ნინო აუცილებლად დაესწრება, იმის გათვალისწინებით,  რომ არანაირ ალიანსს არ ვქმნით.

ცალკე აღებულ რომელიმე ჩვენგანს არ შეგვწევს რეჟიმის დამარცხების ძალა და არც იმის ფუფუნება გვაქვს, კიდევ ერთხელ დასამარცხებლად განწირული ბრძოლა წამოვიწყოთ. პირადად მე, არც ერთი ის პროექტი არ მიმაჩნია გამართლებულად, სადაც რაიმე პოლიტიკურ კონფიგურაციას, გეგმას შევქმნით და მერე პროცესებს საფრანგეთიდან დავაკვირდები. ყველამ ნებისმიერი რისკის ფასად ყველა რესურსი უნდა მოვახმაროთ ბოლო ბრძოლას.

ხალხის იმედგაცრუება იოლად დასაძლევი არ იქნება. რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ის 2000 კაცია დღეს ოპოზიციის ნდობის მაქსიმუმი, რომელიც 6 მაისს ქუჩაში გამოვიდა და ნურავის ექნება ილუზია, რომ ერთობის გარეშე ადვილად მოატრიალებს იმ დროს, ერთი დაძახებით 100000 კაცი რომ გამოდიოდა.

- როდესაც მიუნხენის შეხვედრაზე სთხოვეს კომენტარი, გოგა ხაინდრავამ განაცხადა, არჩევნებით ამ ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია და  რჩება აჯანყებაო. თქვენ როგორ გესახებათ მომავალი ბრძოლის გზა და საშუალებები?

- სააკაშვილის რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობა ოპოზიციის სისუსტეს ემყარება, ლიდერების არარსებობას ან არსებულთა უუნარობას. სწორი გეგმა, დისციპლინირებული ბრძოლა და პარტნიორებს შორის გულახდილი ურთიერთობა დაასრულებს რეჟიმს და ამას გინდათ აჯანყება დაარქვით, გინდათ ხალხის გულისწყრომა.

წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ჩაიკლავდა ბოღმას სამი დღის წინ გორში, როდესაც სტალინის ძეგლის აღებას უყურებდა ან დილით აღმოაჩინა აღებული. მათ თავს ზემოთ ძალა არ ჰქონდათ და არც ლიდერი არსებობდა, რომელიც მათ გულისწყრომას სწორ მიმართულებას მისცემდა, თორემ...

კეკლუცობის დრო დამთავრდა, როდესაც ანგარიშს ვუწევდით, ვინ რას იტყოდა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვიმოქმედოთ. ჩვენ რომც არ დავარქვათ, ხელისუფლებამ დაარქვა დიდი ხანია ყველაფერს თავისი სახელი, ოპოზიცია კი მესამე წელია სირაქლემის პოზაშია. იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, ვისაც მიზეზთა გამო ამ ხელისუფლების "ბოღმა ახრჩობს", ჩვენ უახლოეს მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ბოროტება დამთავრდეს. გპირდებით, იმედს არ გაგიცრუებთ.

- ბრძანეთ,  საქართველო გადასარჩენიაო. იქნებ დააკონკრეტოთ, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? ის ხომ არა, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდა და ხელისუფლებამ 65%-იანი მხარდაჭერა ძალისმიერი აქციების გარეშე მოიპოვა. ირაკლი ალასანიამ კი 30 მაისის არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად გამოაცხადა.

- როგორი საარჩევნო გარემოც იყო და ხელისუფლებას რა მოწინააღმდეგეც ჰყავდა, იმის შესაბამისი 65% მიიღო. ზვიად ძიძიგურსა და გოგი თოფაძეს არ ავურევ დანარჩენებში. ის, რასაც ოპოზიცია მშვიდად ჩატარებულ არჩევნებს უწოდებდა, მასხარაობა და იმ ხალხისათვის თვალში ნაცრის შეყრა იყო, ვინც მათ ხმა მისცა. აიღებდნენ ხმებს, აბა, რა იქნებოდა, როდესაც თვითონ უკრავდნენ და თვითონ მღეროდნენ.

ძალიან ვიხალისე, ერთ-ერთი მე და გაჩეჩილაძეს რომ გვაბრალებდა, თქვენ თესავდით ნიჰილიზმს და ამიტომ წავაგეთ არჩევნებიო. თუ მე და ლევანმა ერთსაათიანი სატელევიზიო ჩართვით ისეთი ნიჰილიზმი დავთესეთ, რომ ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აბა, მაგათ ერთწლიან საარჩევნო კამპანიას რა ფასი ჰქონდა, ან მათ თავად რა ფასი აქვთ საერთოდ?

არჩევნებში რა ვირტუალური ოპოზიციაც ჰყავდა მოწინააღმდეგედ ხელისუფლებას, ის ვირტუალური 65% მიიღო. ახლა ვირტუალური ოპოზიცია ახალ ვირტუალურ ბრძოლას დაიწყებს ე.წ. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და ახლავე დავუსვამ მათ კითხვას: საარჩევნო გარემო ვინ უნდა გააუმჯობესოს - სააკაშვილის ხელისუფლებამ? თუ არ ვიმოქმედეთ, სააკაშვილი კიდევ 30 წელს იქნება ხელისუფლებაში.

ეს ისე გაუვა, როგორც აქამდე გაუვიდა არაერთი რამ. დრო ძალიან ცოტაა, ყველაფერი წელს წყდება. თუ სააკაშვილს ეს გაუვიდა, დამნაშავე ის კი არ იქნება, დამნაშავეები ვიქნებით ჩვენ - ლევანი, ზურა, მე, ნინო და ა.შ. ასეთ შესაძლებლობას არ გავუშვებთ! ამას მომავალი არ გვაპატიებს.