”სტალინს იმაზე მეტი ბოროტება აქვს ჩადენილი, ვიდრე მურვან ყრუსა და ჯალალედინს” - კვირის პალიტრა

”სტალინს იმაზე მეტი ბოროტება აქვს ჩადენილი, ვიდრე მურვან ყრუსა და ჯალალედინს”

რუსეთ-საქართველოს ომს გადარჩენილი, გორის ცენტრში მდგარი სტალინის ექვსმეტრიანი ძეგლი შუაღამისას აიღეს. სახელისუფლებო გუნდისთვის გორში სტალინის ძეგლის აღების გარდა, გასულ კვირას მნიშვნელოვანი თემა სამთავრობო ცვლილებებიც იყო.

სტალინის ძეგლისა და სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, დასვენების დროც დადგა. ამ მხრივ ყველაზე შთამბეჭდავად ექსტრემალური სპორტის მოყვარულმა კობა ხაბაზმა დაისვენა, რომელმაც ჯამპინგში (ხიდიდან ხტომა) ძალის მოსინჯვის შემდეგ თბილისთან ახლოს პარაპლანით იფრინა.

- ბატონო კობა, გორელების დიდი ნაწილი სტალინის ძეგლის აღების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ხელისუფლებამ მათი აზრი არ გაითვალისწინა.

- შესაძლოა, ვიღაცას მართლაც არ უნდოდა ძეგლის აღება, მაგრამ ვიცი, რომ გორელების ასევე დიდი ნაწილი მის აღებას ემხრობოდა. შარშან სიტყვით გამოვედი გორელების მიტინგზე, სადაც მოსახლეობამ სტალინის ძეგლის აღება მოითხოვა. გორი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია. ჩვენს ქვეყანას აღუზარდა არაერთი ღირსეული მამულიშვილი, რომელთაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი.

გორელები იმსახურებენ, რომ მათი ქალაქის ცენტრში საქართველოსთვის თავდადებული ადამიანების მემორიალი იდგეს და არა პირსისხლიანი ტირანის - სტალინის ძეგლი, რომელსაც საქართველოში იმაზე მეტი ბოროტება აქვს ჩადენილი, ვიდრე მურვან ყრუსა და ჯალალედინს.

- ითქვა, ხელისუფლება მოსახლეობის წინააღმდეგობას რომ არ წასწყდომოდა, ამიტომაც აიღო სტალინის ძეგლი შუაღამისასო.

- სტალინი არ არის ის, ვის გამოც ღირს თუნდაც ერთ კაცისთვის დისკომფორტის შექმნა. სწორედ ამიტომ აიღეს გვიან ღამით და უხმაუროდ სტალინის ძეგლი.

- სანამ თქვენ გაგესაუბრებოდით, რედაქციაში 1956 წლის 9 მარტის მოვლენების ერთმა მონაწილემ დარეკა და იკითხა, ნუთუ მეტი საქმე არა აქვს ხელისუფლებას, რომ ძეგლებს დასდევსო?

- საქმე გვაქვს და ამიტომაც უამრავ საქმეს ვაკეთებთ. რადგან სტალინი ქართველი იყო, ამიტომ არ სიამოვნებთ მის თაყვანისმცემლებს მისი ძეგლის აღება. თუ მე მკითხავთ, სტალინი ქართველი კი არა, კოსმოპოლიტი დიქტატორი იყო. რატომ უნდა იდგეს გორში ქვეყნის დამაქცევრის ძეგლი?

- ხელისუფლება ხშირად უწოდებს ოპოზიციას მოღალატესა და ქვეყნის მტერს. ამას წინათ გერმანული პრესაც წერდა ქურდული სამყაროსა და ოპოზიციის კავშირზე, რომლებიც თურმე ხელისუფლების დამხობას ერთობლივად გეგმავდნენ. ასეთ ბრალდებას კი მტკიცებულებები ნაკლებად ახლავს ხოლმე.

- 2003 წლამდე ქურდული სამყარო, ფაქტობრივად, სახელმწიფოს აკონტროლებდა და ბუნებრივია, ისინი ძალაუფლებას ასე იოლად არ დათმობენ.

ქურდულ სამყაროსთან ოპოზიციის დაკავშირებაც არა მგონია უსაფუძვლო. გერმანული პრესა წერდა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში მონაწილეობდა შს სამინისტროს მაღალჩინოსანიც. ალბათ, აქ ყოფილი მაღალჩინოსანი იგულისხმება.

- კონკრეტულად ვინ?

- გავიხსენოთ თუნდაც კახა თარგამაძე და მასთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა.

- ოპოზიციის შეხვედრა ახსენეთ და მინდა მიუნხენში გამართულ ოპოზიციის ლიდერების მოლაპარაკებაზე გკითხოთ.

- ისინი ისე დააბრმავა ძალაუფლების წყურვილმა, რომ მტერსაც კი "შეეკვრებიან ზავითა". მათ ხალხმა ადგილობრივ არჩევნებზე გასცა პასუხი და მომავალ არჩევნებშიც გასცემს.

- მძიმე თემებიდან სახალისოზე გადავიდეთ. ამას წინათ გნახეთ, ხიდიდან ფეხზე თოკგამობმული როგორ გადმოხტით.

- საქართველოში ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სიმაღლიდან გადმოხტა. ეს ხიდი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგებისაკენ მიმავალ გზაზეა და საკმაოდ მაღალია. როდესაც ქვემოთ დავეშვი, მინდოდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ფრენა. საოცარი განცდაა, როდესაც წონის შეგრძნებას კარგავ და მიფრინავ. რა უნდა იყოს ფრენაზე უკეთესი?

- არ შეგეშინდათ, რომ ფეხზე თოკი გაგხსნოდათ?

- არა, ეს კარგად ტესტირებული სახეობაა. სტატისტიკის თანახმად, 10 ათასი ნახტომიდან ერთი უბედური შემთხვევა ხდება. ავტომანქანით მგზავრობისას ბევრად მეტი ალბათობაა, რომ რაღაც შეგვემთხვეს, მაგრამ ამის გამო უარს ხომ არ ვამბობთ ავტომობილზე?

გასული კვირას პარაპლანითაც ვიფრინე. მერწმუნეთ, ჯამპინგზე არანაკლები სიამოვნებაა.