"აშშ ამზადებს დიდ დახმარებას საარჩევნო სისტემის შესაცვლელად" - კვირის პალიტრა

"აშშ ამზადებს დიდ დახმარებას საარჩევნო სისტემის შესაცვლელად"

"ობამა-მედვედევის შეხვედრის მთავარი თემა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იყო"

"რა თქმა უნდა, არჩევნები არ იყო დემოკრატიული"

მიუხედავად არაპოლიტიკური სეზონისა, ქართულ ოპოზიციაში დუღილია. "ეროვნულმა ფორუმმა" კალათბურთის სასახლეში ხმაურიანი შეკრება გამართა და საკუთარი ძალის დემონსტრირება რუსთაველის პროსპექტზე მსვლელობით მოახდინა. ოპოზიციის ნაწილი ევროპაში შეიკრიბა სასაუბროდ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი კი აშშ-ში მართავს შეხვედრებს. "კვირის პალიტრა" ირაკლი ალასანიას ვაშინგტონში დაუკავშირდა და აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე ესაუბრა:

- რამდენიმე წუთის წინ დავასრულე შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტთან. შეხვედრები მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში, მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონთან, თინა კეიდანაუსა და სახელმწიფო დეპარტამენტის უწყებათაშორის ჯგუფთან. თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, შევხვდი პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველ მაიკლ მაკფოლსა და უშიშროების საბჭოს სხვა წარმომადგენლებს.

ძირითადად, საქართველოს პოლიტიკური მოვლენები განვიხილეთ. შევაფასეთ არჩევნების შემდეგ შექმნილი მდგომარეობა. შევთანხმდით იმაზე, რომ ეს არჩევნები ძალიან შორს დგას დემოკრატიული სტანდარტებისაგან. ამიტომაც 2012 წლის არჩევნებამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ამ დისკუსიაში გაირკვა, რომ აშშ ამზადებს დიდ დახმარებას საარჩევნო სისტემის ფუნდამენტალურად შესაცვლელად.

- მაგრამ თქვენ შეაფასეთ ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად. ამ შეფასებებში ერთგვარი წინააღმდეგობა ჩანს.

- მართლაც მჯერა, რომ ადგილობრივი არჩევნები წინგადადგმული ნაბიჯი იყო ქართველი საზოგადოებისა და იმ პოლიტიკური ძალებისთვის, ვინც მივაღწიეთ იმას, რომ ქუჩის საპროტესტო გამოსვლები ნორმალურ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში გადავიყვანეთ. აი, ეს არის სწორედ წინგადადგმული ნაბიჯი. თორემ, რა თქმა უნდა, არჩევნები არ იყო დემოკრატიული.

ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო საარჩევნო სიებში, საარჩევნო კანონმდებლობა ისე უნდა შეიცვალოს, რომ მმართველ პარტიას, ვინც უნდა იყოს, აღარ მიეცეს საშუალება, დიდი მასშტაბით გამოიყენოს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი.

- თეთრ სახლში თქვენი შეხვედრები დაემთხვა რუსეთის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს. ხომ არ იცით რაზე ისაუბრეს.

- ის, რომ ობამა-მედვედევის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოების საკითხები  იყო, ძალზე მნიშვნელოვანია. ამაზე მაიკლ მაკოლმა თავისი ინფორმაციაც მომაწოდა. მიმაჩნია, რომ რაც უფრო დაახლოვდება რუსეთისა და აშშ-ის პოზიციები, საქართველოსაც გაუადვილდება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების თუ პრობლემების მოგვარება რუსეთის ფედერაციასთან.

- საქართველოს ხელისუფლებამ და სააკაშვილმა ობამა-მედვედევის შეხვედრაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ობამას განცხადება, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია.

- ეს მართლაც ძალიან საგულისხმო იყო. ყველას გვესმის, რომ უახლოეს მომავალში ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, სანამ სააკაშვილია ხელისუფლებაში, მაგრამ ეს ყველაფერი არის კარგი საფუძველი, რომ პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაწყვეტა.