"სააკაშვილის მესამედ გამეფება არ მოხდება!" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის მესამედ გამეფება არ მოხდება!"

ვინ დაშალა "ალიანსი საქართველოსთვის", რომელ პოლიტიკოსს აქვს ყველაზე დიდი სამსახიობო ნიჭი, ვინ არიან ქართული პოლიტიკის ნანა ალექსანდრია, ბორის პაიჭაძე, კახი კალაძე, რონალდო და რატომ არის თავად ბო-ტვინი-კის სტილის პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აგვიხსნის:

- ბატონო ლევან, რატომ დაიშალა "ალიანსი"?

- დაიშალა მასში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით, მეტიც, ეს ირაკლი ალასანიას პირადი გადაწყვეტილება იყო. როგორც თავად განმარტა, არ შეუძლია ერთდროულად თავისი პარტიის აშენება და "ალიანსის" ხელმძღვანელობაც. ზოგისთვის ეს მიზეზი დამაჯერებელია, ჩემთვის კი - არა. ვფიქრობ, ბატონ ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა მისი პარტიის წევრების აზრმა, თითქოს რესპუბლიკელებმა და "ახლებმა" ხელი შეუშალეს მის კიდევ მეტ წარმატებას, რაც ღრმა შეცდომად მიმაჩნია.

მას შემდეგ, რაც "ალიანსმა" ხუთი კაცი შეიყვანა საკრებულოში, ხელისუფლების წარმომადგენლები და ირაკლი ალასანია ერთმანეთს შეხვდნენ და გაირკვა, რომ ამ ხუთი კაციდან ხელისუფლებას სამისთვის ემეტებოდა თანამდებობა.

- ეს ხელისუფლებასთან გარიგება იყო?

- ჩემთვის გარიგებაც არის და უარესიც, მაგრამ თვითონ ბატონი ალასანია ამას რას უწოდებს, არ ვიცი. ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ "ალიანსი" ფორმალურად ორ დღეში დაიშალა, თუმც, ვფიქრობ, უგულავასთან ალასანიას შეხვედრის მომენტშიც "ალიანსი" უკვე აღარ არსებობდა. ბატონი ალასანია ისე წავიდა ამ შეხვედრაზე, არავისთან შეუთანხმებია და არც ის უთქვამს, "ალიანსის" წევრებისთვის, რაზე ილაპარაკეს. თუ უგულავასთან ფლავის დარიგებაზე იყო ლაპარაკი, ვისთან ერთადაც მოიპოვა ფლავი, მათაც უნდა სცოდნოდათ ეს. თუ თინათინ ხიდაშელისთვის თანამდებობა არ მოიძებნა, ამის გამო ცრემლს არ დავღვრით.

- ე. ი. ალასანიამ რესპუბლიკელები გამოიყენა?

- (იღიმის) ზოგჯერ ასეც ხდება. გვბრალდებოდა, რომ ბატონი ირაკლი ალასანია უნდა გამოგვეყენებინა და პირიქით მოხდა.

- ამას ალასანიას პოლიტიკური ლავირების უნარით ახსნით თუ...

- ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს - ხელისუფლება ალასანიას პოსტებს თანაპარტიელებისა და თანამოძმეებისთვის (ამ საქმეში "ახლებიც" გავიდნენ) ერთი პირობით შესთავაზებდა, - ოღონდ თინათინ ხიდაშელი არ დაენახათ არსად. რა უცნაურია, - სამი ადგილი იშოვა ბატონმა ალასანიამ, მაგრამ არა  პირველი ნომრის, თინათინ ხიდაშელისთვის.

მიუხედავად ამისა და შეცდომებისა, არა მგონია, ჩვენსა და ბატონ ირაკლი ალასანიას შორის დიდი ომი დაიწყოს. ირაკლი ალასანია და "ახლები" რჩებიან იმ პოლიტიკურ ძალებად, რომლებთანაც შეიძლება კვლავ ვითანამშრომლოთ. მაშინ, როდესაც არიან პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც ურთიერთობა არ გვექნება. საქართველო ნოღაიდელის სათამაშო არ არის. ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერის, ყოფილი მინისტრის, ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატისა და საერთოდ, ყოფილების დრო უნდა წავიდეს.

- თუმც სწორედ ეს პირები აპირებენ ვადამდე არჩევნებისთვის ბრძოლას. ამ საკითხშიც არ ემთხვევა თქვენი მოთხოვნები?

- ვადამდე არჩევნები ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ არის, მაგრამ თუ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მხოლოდ ვადამდე არჩევნები უშველის საქმეს, ამ მოთხოვნას შევუერთდებით.

- პრეზიდენტიც არ მალავს ხელისუფლებაში დარჩენის განზრახვას, უნდა, რომ მისი პარტია 60 წელი მართავდეს ქვეყანას.

- "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის სურვილები, შესაძლოა, სხვადასხვა აღმოჩნდეს. არიან მმართველ პარტიაში ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის გარეშე ვერ იქნებიან ხელისუფლებაში, მაგრამ არიან ისეთებიც,  რომელთაც გადარჩენა სურთ და ამისათვის სააკაშვილს გაწირავენ. სავსებით მოსალოდნელია, "ნაციონალური მოძრაობა" გაიყოს და ერთმა ჯგუფმა თავის გადარჩენაზე იზრუნოს. სააკაშვილის მესამედ გამეფება არ მოხდება.

ხელისუფლება რომ გვეუბნება, იაპონიაში ერთი პარტია 60 წელი იყოო, რაღა შორს გარბიან, საქართველოშიც იყო ერთი მმართველი პარტია 70 წლის განმავლობაში, მაგრამ კარგი იყო? თუ ასე ფიქრობენ, რატომ აიღეს გორში სტალინის ძეგლი? ამას მივესალმები, მაგრამ მიკვირს, ღამით, მიპარვით რატომ გააკეთეს ეს? თუ ხალხის მღელვარების ეშინოდათ, ტელეეთერში აეხსნათ, სიმართლე ეთქვათ.

სიმართლე კი ის არის, რომ  ქართველი ხალხის ერთი ნაწილი მეორის რეპრესირებაში მონაწილეობდა. 30-იან წლებში გამოჩენილი კულტურის მოღვაწეები იმით გადარჩნენ, რომ სხვების ძვლებზე გაიარეს. ამ სიმართლის თქმა არ უნდათ ხალხისთვის და ამიტომაც აიღეს სტალინის ძეგლი ღამით. ხელისუფლებაში ახალი კომუნისტები არიან და ამიტომაც ამბობენ,  70 წელი ვიქნებითო. რომ შეხედავ, ბაქრაძე არ არის კლასიკური რაიკომის მდივანი?!

ჩვენი საზოგადოება რომ ასეთია, იმის ბრალია, რომ 90-იან წლებში სტუდენტი ბაღში იდგა და ლექციაზე შესვლა გოიმობად მიაჩნდა. ლექციებზე რომ არ შედიოდნენ, სწორედ  ის ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში. დღეს კი დადიან სტუდენტები ლექციებზე, მაგრამ ვეღარაფერს სწავლობენ. ახალგაზრდა ვერაფერს სწავლობს უნივერსიტეტში, ვერაფერს სწავლობს ტელევიზიიდანაც.

ამას წინათ ტელევიზორში  ვუყურებდი სიუჟეტს აშშ-ში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტზე, რომელიც ობამასთან შეხვედრამდე კალიფორნიის გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერს შეხვდა. ორი ქართული ტელევიზიისთვის ეს შეხვედრა საინტერესო არაფრით აღმოჩნდა - არც განიარაღება და არც უსაფრთხოება, მთავარი ის ყოფილა, რუსეთის პრეზიდენტის ფეხსაცმელს რამდენი სანტიმეტრი ქუსლი ჰქონდა, რომ ტანდაბალი არ გამოჩენილიყო. ე.ი. ორივე ტელევიზიაში უვიცები მუშაობენ. საქართველოს პრეზიდენტი რომ მაღალია, ამით რისი თქმა უნდათ?

- რაკი სპორტული ზაფხული გვაქვს, მოდი, პოლიტიკოსებიც სპორტსმენებს შევადაროთ. მაგალითად, ვოვა გუცაევზე მსმენია, ისე მარჯვედ ეცემოდა საჯარიმოში, მსაჯს პენალტებს ანიშნინებდაო.

- გუცაევის ძირითადი ძალა დაცემა კი არა, ის იყო, რომ მისთვის ერთი და ორი კაცის მოტყუება პრობლემა არ გახლდათ. ვოვა გუცაევს რომ ჩემთვის სიხარული მოუნიჭებია, ქართულ პოლიტიკაში იმდენი ჯერ არავის მოუტანია. ვოვა გუცაევის არსენალში სპორტული ოსტატობის გარდა, სამსახიობო ტალანტიც იყო. სიმულაციის სამსახიობო ტალანტის მამა კი საქართველოში მიხეილ სააკაშვილია, რომელიც წაგების დროს გამარჯვების სიმულაციას ახდენს, ხოლო როდესაც შიშისაგან ეცემა, ამას ვაჟკაცობად გიხატავს.

- დავით ყიფიანს ინტელექტუალურ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ, მას თუ შეადარებთ რომელიმე პოლიტიკოსს?

- დათო ყიფიანი უფრო ინდივიდუალისტი იყო, ვიდრე მთელ გუნდზე მოთამაშე. ყიფიანი, პელე, მარადონა და საერთოდ 10 ნომრები ძალიან უცნაური ხალხია. საქართველოს პოლიტიკაში ყიფიანის ტიპაჟი ჯერ არ გამოჩენილა. ჩვენს პოლიტიკაში უფრო ბორია პაიჭაძის ტიპის გოლიადორები არიან. ბორია პაიჭაძეს ლევან გაჩეჩილაძეს შევადარებდი.

- ვიფიქრე, თავით დარტყმის მანერით ლევან გაჩეჩილაძე უფრო ზიდანს მოგაგონებდათ.

- მათ შორის განსხვავება ისაა, რომ   ზიდანმა 1998 წელს თავისი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახადა. პოლიტიკოსს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ მოიგებს, ზიდანს ვერ შევადარებ.

- ნინო ბურჯანაძე თუ გაგონებთ ვინმეს?

- ძალიან გაგიკვირდებათ და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ნანა ალექსანდრიას მაგონებს, რომელიც ორჯერ ძალიან ახლოს იყო მსოფლიო ჩემპიონობასთან და ვერ მიაღწია, - ნონას და მაიას ვერ შეეჯიბრა. ნინო ბურჯანაძე ორჯერ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, მაგრამ ვერ გახდა და, ალბათ, ვერც გახდება საქართველოს პრეზიდენტი.

- ირაკლი ალასანიას ყაიდის სპორტსმენი თუ გაგონდებათ?

- ირაკლი ალასანია ახალგაზრდა ტიგრან პეტროსიანს მაგონებს, რომელიც ძალიან ფრთხილი იყო გამარჯვებამდე. პეტროსიანმა ჩვენს მოჭადრაკეებთან ერთად ჭადრაკის გუნდი შექმნა და მერე გუნდიდან წავიდა, ალასანია ამ თვალსაზრისითაც ჰგავს ამ  სპორტსმენს.

ტიგრან პეტროსიანი მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონი გახდა და არ გამოვრიცხავ, ალასანიასაც ეს ემუქრებოდეს.

- კახი კალაძესავით საკუთარ კარში ბურთი არც ერთ პოლიტიკოსს არ გაუტანია?

-  უსამართლობა იქნებოდა, კალაძის მთელი სპორტული კარიერა იმ გოლებით შევაფასოთ, რომლებიც საქართველოს ნაკრების კარში გაიტანა. მას საკმაოდ წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდა. საკუთარ კარში ბურთის გატანა კი მაგონებს შემთხვევას, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებში წარმატება მოიპოვა და საკუთარი გამარჯვება სხვას გადაულოცა. როდესაც შალვა ნათელაშვილმა ეს შეცდომა დაუშვა, მაშინ ჰგავდა კალაძეს. მაგრამ შალვა ნათელაშვილს შემდგომი საქმიანობა უნდა დავუფასოთ და ეს ერთი შემთხვევა არ გავუხსენოთ.

- და "ეროვნული ფორუმი"?

- საბჭოთა ჰოკეისტი ალექსანდროვი, როდესაც პატარა იყო, ძალიან პერსპექტიულად მიაჩნდათ, დიდ იმედს იძლეოდა, მაგრამ ალექსანდროვი ისე წავიდა სპორტიდან, პერსპექტიულადვე დარჩა. "ეროვნული ფორუმი" ჯერჯერობით ალექსანდროვივით პერსპექტიულია, მისი ძალა კი არჩევნებმა უნდა შეამოწმოს. გვინდა "ფორუმმა" მაღალი შედეგი აჩვენოს, რადგან ამ ძალას ვგულშემატკივრობთ.

- გიგი უგულავა არავის გაგონებთ?

- ნაღდად ვიცი, უგულავა ანატოლი კარპოვს ჰგავს. იცით, კარპოვი როგორი სპორტსმენი იყო? მთელი საბჭოთა კავშირი ჭადრაკის ფედერაციით, პოლიტბიუროთი, მაღაროელებით, მუშებითა და გლეხებით იმაზე მუშაობდა, რომ კარპოვს მოეგო, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრი ჰქონდათ.

კორჩნოიმ ერთხელ თქვა, კარპოვისთვის გვამუშავებდნენ, წლების განმავლობაში კარპოვის ცხენი ვიყავიო. იცით, ეს რას ნიშნავს? როდესაც კარპოვი სცენაზე თამაშობდა, სანამ სვლას გააკეთებდა, დარბაზს უყურებდა. ქვევით დარბაზში  მოჭადრაკეები ისხდნენ, სვლებს აანალიზებდნენ და კარპოვს კარნახობდნენ, რომელი ფიგურით ეთამაშა. ერთი ცხენი კორჩნოი იყო, მეორე - სმისლოვი. თუ კორჩნოი ფეხზე ადგებოდა, კარპოვი ცხენით ითამაშებდა. აი, სწორედ ასე, ხელოვნურად შექმნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გიგი უგულავა. უგულავას ცხენები და ლაზიერები ხან გიგა ბოკერია, ხანაც ვანო მერაბიშვილი არიან.

- რესპუბლიკელებს ვინ გყავთ გამორჩეული?

- ბოლო დროს ძალიან მომწონდა ბრაზილიელი რონალდო, რომელსაც ყველაზე მეტი ბურთი აქვს გატანილი. იყო გოლიადორი, შემვარდნი, მებრძოლი და ტრავმების მერე ფეხზე ამდგომი. ტრავმების მიუხედავად, მაინც ჩემპიონი გახადა თავისი ნაკრები. ასეთი უტეხი მეომრის სიმბოლო თინა ხიდაშელია, რომელსაც მალე ნახავს საზოგადოება იმ ამპლუაში, რომელშიც აირჩიეს.

- საკუთარ თავს ვის შეადარებდით?

- ძალიან სპორტული ტიპი არა ვარ, მაგრამ სპორტი მიყვარს. ალბათ, უფრო ბოტვინიკის ტიპის მოჭადრაკე ვიქნებოდი. ემოციური კი ვარ, მაგრამ სერიოზული (მაგალითად, ტალისებური) გაფრენები არ შემიძლია. ისე, ჩემი ყაიდის მოთამაშის ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ბო-ტვინი-კიც იმიტომ მომწონს, რომ ცოტა ტვინი ურევია.