კალაძე: "პრობლემა არ არის, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა იღებს ტენდერში მონაწილეობას" - კვირის პალიტრა

კალაძე: "პრობლემა არ არის, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა იღებს ტენდერში მონაწილეობას"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არ არის პრობლემა, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა ტენდერში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ კალაძემ იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თბილისში დაგეგმილი ესტაკადების მშენებლობის ტენდერში მხოლოდ ერთი, რუსული კომპანია მონაწილეობს, რომელიც ამავე დროს "შავ სიაშია" შეყვანილი.

"შესაძლოა ადრე იყო "შავ სიაში", მაგრამ ახლა არ არის, რადგან როცა დისკვალიფიკაციის ვადა გადის, კომპანიას უკვე შეუძლია ტენდერში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ თუ ახლაც "შავ სიაშია", ფიზიკურად ვერ მოახერხებს ტენდერში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობს ტენდერში, გეტყვით, რომ ეს არ არის სწორი, რადგან ვერც თქვენ და ვერც მე ფიზიკურად ვერ შევძლებდით ამის გადამოწმებას, რადგან ტენდერები არის დახურული და ვერც ერთი კომპანია ვერ ნახავს თუ ვინ მონაწილეობს ტენდერში და რა ფასს წარადგენს. ეს არის დახურული, რათა ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. დაველოდოთ ვინ იქნება გამარჯვებული. კომპიუტერი ამას ავტომატურად გამოავლენს", - განაცადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლების სახელები სხვა პროექტებში სატენდერო პირობების დარღვევაში ფიგურირებენ, კალაძემ უპასუხა,რომ ტენდერში არა ფიზიკური, არამედ იურიდიული პირი მონაწილეობს და არ ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით რაიმე პრობლემა იქნება.

"არც ის არის პრობლემა, თუ რუსული კომპანიის წარმომადგენლობა იღებს ტენდერში მონაწილეობას. ჩვენ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კომპანიებს შეუძლიათ ჩამობრძანდნენ საქართველოში, ინვესტიცია განახორციელონ, ხალხი დაასაქმონ, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მოვესალმებით", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის თხოვნას დედაქალაქის მერიისადმი, რომ კარგად შეისწავლონ ამ კომპანიის საქმიანობა და ისე მიიღონ გადაწყვეტილება, თბილისის მერი პასუხობს, რომ "ძალიან ნუ დაიტვირთება ოპოზიცია".

"მინდა მათ ვთხოვო, რომ ძალიან არ გადაიღალონ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ტენდერი რომელიც ჩატარდება იყოს გამჭვირვალე და არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ გაჩნდეს. ნუ ინერვიულებენ, თხოვნა მექნება", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

"ინტერპრესნიუსი"