რა ჩანაწერებს წარმოადგენს რუსეთი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

რა ჩანაწერებს წარმოადგენს რუსეთი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ

უმაროვი რუსებს დატყვევებული ჰყავთ?!

"ხელისუფლება მითურ მტრებს თავად იგონებს, მერე ამარცხებს და გამარჯვებულის იმიჯს ძერწავს"

"რუსეთის ტყვე ჩეჩენი მებრძოლებიდან რომელიმე გამოძიებას საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემს"

მსოფლიო  გულგრილად შეჰყურებს რუსეთის მასშტაბურ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ჩრდილო კავკასიაში. რუსეთში ტერაქტების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ჩეჩნეთის აუღიარებელმა პრეზიდენტმა დოკუ უმაროვმა აიღო და ამან "წინააღმდეგობის ფრონტს" დასავლეთისკენ გზა მოუჭრა, აშშ-მა კი უმაროვი "ნომერ პირველ ტერორისტად" შერაცხილ პირთა შავ სიაში შეიყვანა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ჯანმრთელობაშერყეული უმაროვი რუს ძალოსნებს ჰყავთ ტყვედ. რუსეთის შორი პერსპექტივის გეგმაზე, რომლის ლაიტმოტივი ისევ და ისევ ანტიქართული განწყობილებაა, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრება:

- ძალზე საეჭვოდ მეჩვენება ოფიციალური მოსკოვის განცხადება, რომ დოკუ უმაროვის აყვანა უნდათ. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთს უმაროვის გარემოცვაში აგენტები ჰყავს. დიდად არ გამიკვირდება, თუკი ცოტა ხანში უმაროვს ციხეში ჩასვამენ და ერთ-ორ წელიწადში შეწყალებით გაათავისუფლებენ.

ჩრდილოკავკასიელების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დოკუ უმაროვი, რომელსაც ჯანმრთელობა ძალზე შერყეული აქვს, ამჟამად რუსების ტყვეობაშია, მაგრამ კრემლი ამას საიდუმლოდ ინახავს. ე.ი. რუსეთი ძალის დემონსტრირების მიზნით დასავლეთს სპექტაკლს უმზადებს, უნდა მსოფლიოს აჩვენოს, რუს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას როგორ შეუძლია წესრიგის დამყარება. ვრცელდება  ზემოხსენებულის გამომრიცხავი ინფორმაციაც, რომ რუსეთი უმაროვს ხელში ვერასოდეს ჩაიგდებს. მე ვერც ერთ და ვერც მეორე ვერსიას ვერ დავადასტურებ, სიმართლესთან ახლოს კი უფრო პირველი მეჩვენება.

KvirisPalitra.Ge- აშშ-მა დოკუ უმაროვი ტერორისტად შერაცხა, რითაც "წინააღმდეგობის ფრონტმა" დასავლეთისკენ გზა მოიჭრა. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?

- აშშ-ის ეს განცხადება დოკუ უმაროვის აღიარებას მოჰყვა, - ამ უკანასკნელმა რუსეთში ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ეს იმას მიანიშნებს, რომ უმაროვს პოლიტიკურ თავშესაფარს არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ მისცემს, ყველგან, სადაც უნდა იყოს, სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემა შეექმნება. აშშ-მა ამ განცხადებით დოკუ უმაროვი რუსებს მსხვერპლად შესწირა.

მეტსაც გეტყვით, ჩრდილოკავკასიელები პრორუსულ და პროდასავლურ ბანაკად იყვნენ დაყოფილი. ახლა პრორუსული ბანაკი საოცრად გაძლიერებულია. ე.ი. რუსეთმა პოლიტიკური მეთოდით იმოქმედა, რამაც ძალისმიერზე მეტად გაჭრა.

- ალბათ, გახსოვთ, რუსულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიები, როცა რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტები მოეწყო. ლაპარაკი იყო დოკუ უმაროვის საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირზე, თითქოს უმაროვი საქართველოში იყო. ისევ ხომ არ მიუბრუნდება აშშ-ისგან მხარდაჭერილი რუსეთი ამ თემას?

- სავარაუდოდ, რუსეთის ტყვე ჩეჩენი მებრძოლებიდან რომელიმე გამოძიებას საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემს. ეს იქნება სახელ-გვარებით დადასტურებული ინფორმაცია. ამის საფუძველზე დასდებს ბრალად რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესების  პროვოცირებას, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს მატერიალურად და მორალურადაც ეხმარებოდა რუსეთის  ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში.

რამდენიმე წლის წინ რუსეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებმა განაცხადეს კიდეც, რომ ხელთ აქვთ ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რომლებითაც დასტურდება საქართველოდან რუსეთში გადასული ბოევიკების საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირი, თუმც ეს ფაქტები მაშინ არავის წარმოუდგენია. ვფიქრობ, შემონახული აქვთ და ახლო მომავალში გაახმაურებენ, თანაც მეტი ეფექტისთვის ტელეეთერში საველე მეთაურებს დასხამენ და ათას რამეს ათქმევინებენ საქართველოს ხელისუფლებაზე.

- რა აუდიო და ვიდეომასალები შეიძლება წარმოადგინოს რუსეთმა?

- ჩემი ინფორმაციით, ჩანაწერები საქართველოს ხელისუფლების არცთუ მაღალი რანგის წარმომადგენლების ბოევიკებთან კავშირს შეეხება, რის თაობაზე ინფორმაციაც, სავარაუდოდ, სააკაშვილსა და მერაბიშვილს არც კი უნდა ჰქონდეთ.

- ერთ-ერთმა გერმანულმა გაზეთმა დაწერა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას გეგმავენ მისსავე ხელისუფლებაში მოკალათებული კორუმპირებული მაფიოზური კლანები და რომ ამას ავსტრიაში მყოფი ქურდების დახმარებით აპირებენ. ვინაიდან სათავო ოფისი ვენაში გაქვთ, იქნებ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება ავსტრიაში?

- ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მაფიოზური კლანები პრეზიდენტის შეცვლას ქურდების მეშვეობით აპირებდნენ. მაპატიეთ, მაგრამ სტატია აბდაუბდად მომეჩვენა, მისი ფრაგმენტები ერთმანეთს აშკარად ეწინააღმდეგებოდა.

ძნელი სათქმელია, ვინ დაუკვეთა გერმანულ გაზეთს ეს სტატია, მაგრამ ვხვდები, რომ ამ თემას ძალოვანი სტრუქტურების ერთი ნაწილი მეორის სამსახურიდან გასაყრელად გამოიყენებს. ვფიქრობ, ისინი საზღვარგარეთ მყოფ ქურდებს თავად ელაპარაკებოდნენ "დამუშავების" მიზნით, შემდეგ სატელეფონო ჩანაწერს კომპრომატად იტოვებდნენ და როცა დასჭირდებათ, მაშინ გამოიყენებენ.

ჩანაწერების დამუშავება-დამონტაჟება ხომ ამათი მოგონილია? ხელისუფლება მითურ მტრებს თავად იგონებს, მერე ამარცხებს და გამარჯვებულის იმიჯს ამგვარად ძერწავს.