"სააკაშვილი აშკარად კმაყოფილია პოლონეთში გაშვებით, რადგან უარესს ელოდა" - რას წერს მსოფლიო პრესა სააკაშვილის გაძევებაზე? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი აშკარად კმაყოფილია პოლონეთში გაშვებით, რადგან უარესს ელოდა" - რას წერს მსოფლიო პრესა სააკაშვილის გაძევებაზე?

როგორც მოსალოდნელიც იყო, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს. ის რესტორანში ძალის გამოყენებით დააკავეს და პოლონეთში გაამგზავრეს. ის აცხადებს, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს და ბრძოლას უკრაინის მომავლისთვის კვლავაც გააგრძელებს.

მომხდარს აქტიურად გამოეხმაურა მსოფლიო მედია. ამერიკულმა გამოცემამ «Politico» გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "მიხეილ სააკაშვილის აღმასვლა და დაცემა".

სტატიაში გაანალიზებულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. მასში არის ექსპრეზიდენტისა და ექსგუბერნატორის მომავალი პოლიტიკური ბედის პროგნოზირების მცდელობაც (ავტორი - ადრიან კარატნიცკი, ატლანტიკური საბჭოს თანამშრომელი, უკრაინის პროგრამების დირექტორი)

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:

"საქართველოს ექსპრეზიდენტი კვლავ ახალ რევოლუციაზე ოცნებობს, რომელიც მის პოლიტიკურ ბედს შეცვლის"

მე-2 ათასწლეულის დასაწყისში იგი დემოკრატიული გარდაქმნებისა და რეფორმების საერთაშორისო სიმბოლოს წარმოადგენდა, იყო აშშ-ის პრეზიდენტისა და ევროპელი ლიდერების ფავორიტი. დღეს კი მიხეილ სააკაშვილის პოპულარობა სუსტდება, მის წინააღმდეგ ორ სახელმწიფოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ორშაბათს, კიევის რესტორანში დააკავეს, თავი ჩარტერული რეისის თვითმფრინავში უკრეს და პოლონეთში გაამგზავრეს. მისი დეპორტაცია გამხორციელდა უკრაინის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელმაც ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი - მას უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

მოკლედ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს. მაგრამ ექსპრეზიდენტისათვის უფრო უარესი იქნებოდა, საქართველოში მისი ექსტრადირება რომ მომხდარიყო, სადაც მიმდინარე წლის იანვარში მას დაუსწრებლად სამი წლით საპყრობილე მიუსაჯეს - ბანკირის მკვლელობის ჩამდენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მფარველობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (2007 წლის ნოემბრის მიტინგის უმოწყალოდ დარბევის) და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის გამო.

არანაკლებ მკაცრია მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში აღძრული სისხლის სამართლის საქმეც. გასული წლის დეკემბერში ყოფილმა გუბერნატორმა ორჯერ მოახერხა პატიმრობა თავიდან აეცილებინა: მას ბრალად ედება ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დანაშაულებრივი გარემოცვის წარმომადგენლებთან გარიგება. საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილი მაინც დააკავეს, რამდენიმე დღე იზოლატორში იჯდა, შემდეგ კი შინა პატიმრობაში იყო.

რაც ყველაზე მთავარია, მიხეილ სააკაშვილის ქარიზმამ, რომ იგი ვითომდა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი მოუსყიდველი პიროვნებაა, ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში მისი პოლიტიკური პოპულარობა ვერ უზრუნველყო.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პარტია კრიზისს განიცდის: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ორად გაიყო, ასევე გაიყვნენ 2017 წელს პარლამენტში არჩეული "ნაციონალი" დეპუტატებიც. დღეს მიხეილ სააკაშვილის მომხრე ლოიალურ და პოპულისტ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 6 ადგილი აქვთ, მაშინ როცა 2008 წელს მათ 119 ადგილი ჰქონდათ დაკავებული.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა შესუსტდა უკრაინაშიც. ავტორიტეტული ფონდის - "დემოკრატიული ინიციატივის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ექს-გუბერნატორს მოსახლეობის მხოლოდ 16% ენდობა, 73%-ს კი მისი არ სჯერა.

დაცემული რეპუტაცია

პოლიტიკური სიმაღლიდან მიხეილ სააკაშვილის ვარდნას საკმაოდ ხანგრძლივი და სტაბილური ხასიათი ჰქონდა. ხელისუფლების პიკზე მისი ყოფნის პირველი ეტაპი მართლაც წარმატებული იყო: მან სახელმწიფო სტრუქტურებს კორუმპირებული ელიტა მოაშორა, გაატარა ეკონომიკური რეფორმები, მკვეთრად შეამცირა ბიუროკრატია და შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. მაგრამ პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილი ლოიალურად უყურებდა ახალი კლეპტოკრატიის ზრდას და ხელს უწყობდა იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მის პოლიტიკურ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

უკრაინაში რამდენადაც ფერმკრთალდებოდა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო რეპუტაცია და მისი გრანდიოზული ამბიციებიც შორეულ ოცნებებში გადადიოდა, იმდენად უფრო მწარე ხდებოდა მისი რიტორიკა უკრაინის ხელისუფლების ლიდერების წინააღმდეგ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო წარმატებული რეფორმატორის იმიჯის დამტკიცება: ოდესის ოლქის გუბერნატორობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოიპოვა ადგილობრივი მოსახლეობის ისეთი მტკიცე და აუცილებელი მხარდაჭერა, რომელიც მას რეფორმების გატარებაში და კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმარებოდა.

...

როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში გაირკვევა, დარჩება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ფიგურად. ალბათ, ეს დამოკიდებული იქნება უკრაინისა და საქართველოს სასამართლოებზე, რომლებიც, პოლონეთში ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალის გაძევების მიუხედავად, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვას გააგრძელებენ.

ერთი რამ აშკარაა: მიხეილ სააკაშვილის კარიერა სპირალურად ქვემოთ იწევს, თუმცა მისი საბოლოო გაუფასურება, ალბათ, არ მოხდება. ყოფილი პრეზიდენტი ყოველთვის იყო ხალხის მასებისთვის ადრენალინის მიმცემი და უფრო მეტად - რევოლუციის იდეების ჩამნერგავი. სხვათა შორის, ამას წინათ მან ერთ-ერთ ინტერვიუში კიდეც განაცხადა: "ვერანაირი სექსი ვერ შეედრება რევოლუციურ წარმატებას. რევოლუცია ეს უფრო დიდი რამეა, ვიდრე ადრენალინი".

ექსპრეზიდენტი ჯერ კიდევ ოცნებობს ახალ რევოლუციაზე და მას თავის პირად პოლიტიკურ ბედს უკავშირებს. ვარშავაში დეპორტირებისას მან განაცხადა: "მე პოლონეთი ძალიან მიყვარს, მაგრამ მე უკრაინისთვის და საქართველოსთვის ვიბრძვი". დიახ, ყოფილ ქართველ ლიდერს საბრძოლო განწყობა აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი პოლიტიკური კარიერა უკვე ისეა დაცემული, რომ საეჭვოა, მან კვლავ მოახერხოს პოპულისტური დაპირებებით მოსახლეობის იმედიანი მზერის მიპყრობა". (წყარო)

...

მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციის შესახებ სტატიები გამოქვეყნდა აგრეთვე აშშ-ის გაზეთ The New York Times-ში სათაურით: "საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რესტორანში დააკავეს და უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს" (ავტორი - ენდრიუ ჰიგინსი), ბელგიის გაზეთ New Europe-ში - "საქართველოს ექსპრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს" (ავტორები - დენ ალექსი და ნიკოლას უოლერი) და ასევე არარეთ სხვა გამოცემაში.

მომხდარს აქტიურად ეხმაურრება რუსული პრესაც.  გამოცემაში «Российская газета» გამოვეყნდა სტატია, სათაურით: "უკან, ვარშავაში - მიხო უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს", რომელშიც ვკითხულობთ:

"ორშაბათს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და ბოლოს მსოფლიოში ცნობილი, მაგრამ მოქალაქეობაჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით იქნა გაძევებული უკრაინის ტერიტორიიდან. იგი "ბარიგების" წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში საწყის წერტილს დაუბრუნდა, მაგრამ უკვე კიევისადმი არამეგობრულად განწყობილ ვარშავაში.

"ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. რაც დღეს გააკეთეს, ეს ფაქტი მათ დამარცხებას ნიშნავს", - განაცხადა მომღიმარე მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აშკარად კმაყოფილი იყო პოლონეთში გაძევებით, რადგან უარესს ელოდა. ამასთან, მან თავის ჩვცევას არ უღალატა: პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სულ "ბარიგა" და "არაკაცი" უძახა.

ახლა, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ნიდერლამდებში გაემგზავრება, რომელიც მისი დეპორტაციის ერთ-ერთ პუნქტად განიხილებოდა: იქ ხომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ცოლი სანდრა და მისი ორი ვაჟი ცხოვრობს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

იხილეთ სააკაშვილის რესტორან "სულგუნში" დაკავების კადრები