"დაკავების შემდეგ ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი კისერს მოვტეხ აუცილებლად" - კვირის პალიტრა

"დაკავების შემდეგ ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი კისერს მოვტეხ აუცილებლად"

"ჩემი უკრაინიდან გაძევება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ეს ყველა მოქმედი იურიდიული ნორმის დარღვევაა", - ამის შესახებ ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. უცოდინარი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან ის ადამიანი გააძევო, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში. კითხვას ვსვამ, გამასამართლებენ თუ არა უკრაინის სასამართლოში? როგორ აპირებთ ამას? პოროშენკოს სულ არ აწუხებს უკრაინის კანონები. დამაბრუნეთ უკრაინაში. მე მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე მიმართა უკრაინელებს და განაცხადა, რომ მათ "პათოლოგიური მატყუარები მართავენ".

"ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, თქვენ პათოლოგიური მატყუარები გმართავენ. ისინი არ იმსახურებენ უკრაინისნაირად დიად ქვეყანას მართავდნენ. პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია და მე არასოდეს შევდივარ გარიგებაში ოლიგარქებთან. პირიქით, მე მათ მთელი ცხოვრება ვებრძვი...

ჩემი მოშორების მცდელობა უბრალოდ განწირულია მარცხისთვის. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად, და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას. გუშინდელი დაკავების შემდეგ ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კისრის ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი მე კისერს მოვტეხ აუცილებლად", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წამყვანი პირები ამ უკანონობისთვის პასუხს აგებენ.

"მე მაქვს შესაბამისი გამოცდილება და ვიცი, როგორ უნდა იმუშაოს ციხეებმა, ამიტომ მე ვპირდები პეტრო პოროშენკოს, იური ლუცენკოს, არსენ ავაკოვსა და რინატ ახმეტოვს, რომ ისინი უკრაინის ციხეებში მოხვდებიან", - აღნიშნა სააკაშვილმა.

იხილეთ: "სააკაშვილი აშკარად კმაყოფილია პოლონეთში გაშვებით, რადგან უარესს ელოდა" - რას წერს მსოფლიო პრესა სააკაშვილის გაძევებაზე?

"ინტერპრესნიუსი"