ძეგლი - კვირის პალიტრა

ძეგლი

თუ სტალინი ჩვენი ისტორიაა, ისტორიის ადგილი წიგნებსა და მუზეუმებშია. სხვაგან ყველგან დღევანდელობაა. მაგალითად, მეტეხის ტაძარი ისტორიაა თუ დღევანდელობა? ერთიც და მეორეც.

მეტეხი ჩემი ისტორიაცაა და ჩემი დღევანდელობაც, მაგრამ სტალინი მინდა მხოლოდ ჩემი ისტორია იყოს, ამიტომ მისი ადგილი მუზეუმშია. სტალინის ძეგლზე დღეს ვერავინ იტყვის, რომ ხელოვნების ნიმუში იყო. ის მხოლოდ ჩვენი სამარცხვინო წარსულის ნაშთი გახლდათ და თუ საჭიროა, სამარცხვინო წარსული ხშირად გავიხსენოთ, ამისთვის მუზეუმიც საკმარისია.

და კიდევ, თუ ასე ვცემთ პატივს ჩვენს ისტორიას და არაფერს ხელი არ უნდა ვახლოთ, მაშინ რატომ ავიღეთ საქართველოს ყველა ქალაქის მთავარი მოედნებიდან ლენინის ძეგლები? მდგარიყო ლენინი დღესაც თბილისის ცენტრში. ისიც ხომ ჩვენი ისტორია იყო? თუ სტალინს განსაკუთრებული პატივი მისი ქართველობის გამო ერგება? ბოროტებას ეროვნება არა აქვს და არ შეიძლება მას ძეგლი დაუდგა.

ქალაქის ცენტრში მხოლოდ იმ ადამიანებს უდგამენ ძეგლებს, ვისაც ერი დიდ პატივს მიაგებს. თავის დროზე, ეს ძეგლიც გორში ბელადისადმი დიდი პატივისცემისა და თაყვანისცემის ნიშნად აღმართეს. სწორედ ამიტომაც უნდა აეღოთ იქიდან. ამ ნაბიჯით ჩვენ ვთქვით: "ჩვენ არ ვცემთ პატივს ბოროტებას! ამიტომ ის ვერ იქნება ყველაზე საპატიო ადგილზე გამოჭიმული, მისი ადგილი დღევანდელობაში არ არის, ის მხოლოდ ისტორიის საკუთრებაა".

დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ვიდრე არჩევნები არ ჩაამთავრა, ძეგლის ხელის ხლება ვერ გაბედა და როცა გაბედა, ეს საქმე ღამით, ქურდულად გააკეთა. სტალინის ძეგლის ღამით აღება ნიშნავს, რომ სტალინიზმი ჩვენში ჯერ კიდევ ცოცხლობს. ამიტომ ის უპირველესად ჩვენს აზროვნებაში უნდა დავამარცხოთ. მთავარი სწორედ ესაა, თორემ ძეგლის აღებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს.

KvirisPalitra.Geშეუცნობელ არს...

რა არის საჭირო, რომ საქართველოში მინისტრი გახდე? განათლება? გამოცდილება? სახელმწიფო სამსახურში მუშაობის სტაჟი? ნოვატორული იდეები? არა, ბატონებო, არა და არა, ამისთვის საჭიროა.... ეშმაკიც კი ვერ გეტყვით, რა არის ამისთვის საჭირო. თქვენ იტყვით, რომ საჭიროა მიშას გულის მოგება? ჰო, მაგრამ მიშას გულის მოსაგებად რა არის საჭირო? ლამაზი თვალები? ახლა არ მითხრათ, თემურ იაკობაშვილს ლამაზი თვალები აქვსო. მორჩილება? რა ვიცი, ამბობენ, ვანო მერაბიშვილი და ზურა ადეიშვილი მორჩილები სულაც არ არიანო.

ერთგულება? აქამდე მეც ასე მეგონა, მაგრამ ვერა ქობალიას მინისტრად დანიშვნამ ამაშიც დამაეჭვა. როგორ მოასწრო პრეზიდენტმა კანადიდან ორი დღის ჩამოსული გოგოს ერთგულებაში დარწმუნება? სააკაშვილს საოცარი უნარი აქვს, საკუთარ თავს გადაახტეს, ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც რამდენიმე დღით ადრე თავადაც კი ვერ ჩაიდენდა. არა, პრეზიდენტს აქამდეც როგორ არ გავუკვირვებივართ უცნაური დანიშვნებით, მაგრამ 28 წლის ვერა ქობალიას დანიშვნა, ალბათ, ყველა უცნაურ დანიშვნას უკან ჩამოიტოვებს.

იგი ჯერ ცნობილი იმით გახდა, რომ მამამისმა კანადაში ქართული პურის საცხობი გახსნა და კანადელებს ქართული პური შეაყვარა, ვერა კი საქართველოში დაბრუნდა და დევნილებისთვის ფრანგი ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გამართა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მინისტრად დაენიშნათ. პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: "ვერა ქობალიამ ძალიან საინტერესოდ იმუშავა ბოლო თვეების განმავლობაში და რამდენიმე ძალიან კარგი ღონისძიება გამართა. სწორედ მისი და მისი მსგავსების დამსახურებაა ის განცხადება, რომელიც გუშინ ვაშინგტონში გაკეთდა.

ასევე მთელი რიგი ის გარღვევები, რომელიც ევროპარლამენტსა და სხვა საერთაშორისო ტრიბუნებზე გვაქვს"ო. უყურეთ, იმ ერთი კონცერტით რამდენი რამე უქნია? ობამა და ევროპა ფეხზე დაუყენებია. ჩვენ კიდევ აქ ვმარჩიელობთ, ნეტა რა დამსახურებისთვის ერგო ასეთი პატივიო. ალალი ყოფილა მასზე მინისტრობა, მაგრამ ერთი კითხვა მაინც რჩება: სად კონფლიქტების მოგვარების საქმეში გარღვევა და სად ეკონომიკის მინისტრობა? ა, გამახსენდა, პრეზიდენტმა ისიც თქვა, წარმატებული ბიზნესვუმენი იყოო. მაგრამ წარმატებული ბიზნესვუმენი თათა ვარდანაშვილიც რომაა? მოკლედ, ისევ დავიბენი.

KvirisPalitra.Geორი ერთში

ქართველებს ხშირად გვიყვარს ტრაბახი, ყველაზე ლამაზი და მაგარი ქვეყანა ჩვენ გვაქვს, ტურისტები აქ ოხრად უნდა ჩამოდიონენ, ცალკე ზღვა გვაქვს, ცალკე მთა და ცალკე ზამთრის კურორტებიო, ასეთი სხვას ვის აქვსო. შორს წასვლა არ დაგჭირდებათ, თურქეთს ზღვაც ჩვენზე უკეთესი აქვს და არც ზამთრის კურორტები დაეწუნება. ქართველები იტყვიან, ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად ისტორიული ძეგლებიც გვაქვსო. ისტორიული ძეგლები თურქეთს რომ აქვს, ისეთი უნდა, მარტო ანტიკური ხანის ნანგრევები რად ღირს!

ასე რომ, კონკურენტი ყურის ძირში გვყავს და თუ გვინდა, კონკურენცია გავუწიოთ, რაიმე ახალი და ორიგინალური უნდა მოვიფიქროთ. ეს ვინ უნდა გააკეთოს, თუ არა პრეზიდენტმა? სწორედ ის არის ქვეყანაში იდეების მთავარი გენერატორი, თანაც - რა იდეების! ისიც არ გაურბის თავის მთავარ მოვალეობას. არავინ იცის, რამდენი ხანი იფიქრა, მაგრამ მოიფიქრა:

ჩვენ გვექნება ზაფხულისა და ზამთრის კურორტი არა სეზონების მიხედვით, არამედ ორივე ერთად. ანუ, როგორც თავად ამბობს, დილით ტურისტი ზღვაში იბანავებს, საღამოს კი თხილამურებით ისრიალებს. ამისთვის ანაკლიაში საზღვაო კურორტს აშენებს (აი, იმას, კანსა და იბიცაზე უკეთესი რომ უნდა იყოს) და მესტიაში - ზამთრის. გზაც გაჰყავს და ორ საათში ანაკლიიდან მესტიაში ხარ, ზაფხულიდან - ზამთარში. აი, ასეთ რამეს თურქები ნამდვილად ვერ მოიფიქრებენ.

მისჩერებიან თავიანთ ხმელთაშუა ზღვის კურორტებს, სეზონი ექვსი თვე რომ გრძელდება და ამიტომაც ჩვენთან შედარებით სასტუმროები კაპიკებად იშოვება. მერე რა, რომ ჩვენთან სეზონი მხოლოდ თვე-ნახევარია, სამაგიეროდ, როგორც შამპუნების რეკლამებშია, ჩვენთან იქნება ორი ერთში - ერთ სეზონში ორი. სიმართლე გითხრათ, KvirisPalitra.Geზაფხულში მესტიაშიც ვარ ნამყოფი და მე იქ თოვლი არ მინახავს, მაგრამ რა პრობლემაა? უშბაზე ავლენ ტურისტები და იქიდან დაეშვებიან.

მთავარია, ფანტაზია, თორემ დილით ჩაიცვამ "პლავკებს", გაიჭყუმპალავებ, შუადღეზე დაჯდები ავტობუსში, ახვალ სვანეთში, მერე საბაგიროთი და... შეგიძლია არც გამოიცვალო და ტრუსის ამარა ისრიალო თხილამურებზე. რადგან პრეზიდენტი ამბობს, ეს შესაძლებელიაო, რა გზა გვაქვს, უნდა დავუჯეროთ. დარწმუნებული ვარ, პირველი დამსვენებელი, რომელიც მომსახურებით "ორი ერთში" ისარგებლებს, თავად იქნება. მე შენ გეტყვი, წნევა აუწევს თუ რა?..