"კრიმინალურმა სამყარომ 90-იანი წლების მერე დაკარგული პოზიციების დაბრუნება დაიწყო" - კვირის პალიტრა

"კრიმინალურმა სამყარომ 90-იანი წლების მერე დაკარგული პოზიციების დაბრუნება დაიწყო"

"სასამართლო სისტემის სრული დისკრედიტაციის, თითქმის კოლაფსის პირობებში ნოყიერი ნიადაგი იქმნება, რომ სამართლის ძიება ქუჩაში დაბრუნდეს. დღეს ადამიანებს არა აქვთ განცდა, რომ საქართველოში სასამართლოს გზით მოახერხებენ სიმართლის დამტკიცებას, ამიტომაც უკვე არის შემთხვევები, როდესაც შავ სამყაროს მიმართავენ..."

14 თებერვალს, ქალაქის შუაგულში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარედ, ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მას 4 ტყვია ესროლეს. მისი მდგომარეობა უმძიმესია. დღე არ გადის უკვე ქვეყანაში ახალ-ახალი მძიმე დანაშაულების თაობაზე არ გავრცელდეს ინფორმაცია... რა ხდება ქვეყანაში, რა არის კრიმინოგენური ვითარების გართულების მიზეზები? - გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ჩვენ გამოვედით ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის ეპოქიდან, რაც სწორი და აუცილებელი იყო. დღევანდელი ხელისუფლების ხედვა უფრო ჰუმანური გახდა და ადამიანი, როგორც ფასეულობა, დაუბრუნდა ჩვენს სინამდვილეს, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყეთ სვლა მეორე უკიდურესობისკენ... ხელისუფლების ჰუმანურობა კრიმინალურმა სამყარომ საკუთარ თავზეც იგრძნო, ეს ჩაუთვალა სისუსტედ და დაიწყო 90-იანი წლების მერე დაკარგული პოზიციების დაბრუნება. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელიც არ არის მხოლოდ კრიმინალი, ეს არის მცდელობა, მეტასტაზებივით მოედონ ეკონომიკურ სისტემებს, საქმეები გაჩარხონ ქუჩური გარჩევებით და ა.შ.

მით უფრო სასამართლო სისტემის სრული დისკრედიტაციის, თითქმის კოლაფსის პირობებში ნოყიერი ნიადაგი იქმნება, რომ სამართლის ძიება ქუჩაში დაბრუნდეს. დღეს ადამიანებს არა აქვთ განცდა, რომ საქართველოში სასამართლოს გზით მოახერხებენ სიმართლის დამტკიცებას, ამიტომაც უკვე არის შემთხვევები, როდესაც შავ სამყაროს მიმართავენ...

ხელისუფლებამ, ჰუმანურობასთან ერთად, ვერ მოახერხა ეჩვენებინა, რომ ის შეუვალი და უკომპრომისოა კრიმინალთან ბრძოლაში! გარდა ამისა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო წვრილმანმა კრიმინალმაც მოიმატა. რაც ყველაზე სახიფათოა, ამ კრიმინალურმა მისწრაფებებმა სოციალური ბაზის ფორმირება დაიწყო ახალგაზრდებში, იმ სეგმენტში, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტის რომანტიზაციისთვის ყველაზე მოწყვლადია.

ბოლო ხანს ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ - სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი კონფლიქტებისა და ტრაგედიების შემდეგ არავინ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ იძლეოდნენ ჩვენებებს.

ამით იქმნება ვითარების უკონტროლობის ძალიან სახიფათო სოციალური საფუძველი...

ეს ხდება მაშინ, როცა ახალგაზრდას არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ალტერნატივას არ სთავაზობს. ამაში მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოები არ არიან დამნაშავენი, რაც ხდება ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე მხოლოდ შესაბამის სტრუქტურებს ძალიან გაუჭირდებათ შექმნილ ვითარებასთან გამკლავება!

რას ვთავაზობთ ახალგაზრდებს? - ერთი მხრივ, ამ ქუჩური ცხოვრების რომანტიზაციას, მეორე მხრივ - კლუბურ ცხოვრებას, ანუ მეორე უკიდურესობას?

ვგულისხმობ საზოგადოების ულტრალიბერალური ფრთის ინიციატივებს, საბოლოოდ კი ეს ორი შეთავაზება სადღაც კვეთს კიდეც ერთმანეთს...

ვინმე ცდილობს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და ა.შ.?!

ეს ყველაფერი მხოლოდ ჯოხით ვერ მოგვარდება, თუმცა ჯოხიც აუცილებელია!

ბუნებრივია, სამართალდამცავმა სისტემამ უნდა დაიბრუნოს ის ეფექტიანობა, რაც ჰქონდა. არ ვამბობ, რომ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოცხადდეს, მაგრამ დანაშაულთან ბრძოლაში პოლიცია უფრო აგრესიული და შეურიგებელი უნდა გახდეს. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და არავინ ეჭვობდეს, რომ ქვეყანაში სამართალი შერჩევითია.

საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სისტემებში უნდა მოვძებნოთ და შევქმნათ ის ალგორითმი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს გავზრდით. მხოლოდ ასე თუ მოხერხდება ვითარების შეცვლა.

ჩვენს ქვეყანას როდის ექნება პერსპექტივა? მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ადრეული ასაკიდანვე მიეჩვევა, რომ მისი მოქალაქეობრივი ვალია, აცნობოს სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ და ითანამშრომლოს მათთან. ქუჩური ომერტას პრინციპი, როდესაც სამართალდამცავებთან თანამშრომლობა უკადრის საქციელად მიიჩნევა, უნდა დასრულდეს.

ამას სჭირდება გააზრებული პოლიტიკა როგორც კანონის გამკაცრების, ასევე პოზიტიური სტიმულირების თვალსაზრისითაც. ეს არის დიდი და კომპლექსური სამუშაო და ამ საქმეში ყველა ერთიანი უნდა იყოს.

გარდა ამისა, ვფიქრობ, პრობლემებია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

- ერთ-ერთი ბოლო კრიმინალური ფაქტი, რომელმაც შეძრა საზოგადოება, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმაა. დედა-შვილს ბინაში, დღისით, ფაქტობრივად, უამრავი მოწმის თვალწინ დაესხნენ თავს... კრიმინალს და მასზე სამართალდამცავთა დაგვიანებულ პასუხს რა გადამდები ეფექტი აქვს და როგორც ახალისებს პოტენციურ დამნაშავეებს, ეს გასული საუკუნის 90-იან წლებში ვნახეთ... ჩვენში ბევრი უკვე ალაპარაკდა, რომ ქვეყანა, შესაძლოა, კვლავ სისხლიანი გარჩევების, შურისძიებისა და ანგარიშსწორების ასპარეზად იქცეს...

- ამის საფრთხე, რა თქმა უნდა, არის. არ მინდა ვითარების დრამატიზება, არა მგონია, რომ პროცესი შეუქცევადია, მისი შეჩერება შეიძლება... ეს კონკრეტული ფაქტი, როგორც ინფორმაცია ჟონავს, უფრო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დანაშაულია, რაც შეიძლება ყველა დროში მოხდეს, მაგრამ აქ მთავარია გამოძიების ეფექტიანობა და პრევენცია ამ საფრთხეების, ანუ ყველა პოტენციურმა დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ კრიმინალზე რეაგირება არის სწრაფი და აგრესიული. თუ ეს ეცოდინება, მაშინ პრობლემაც მოგვარდება. ეს შეეხება კორუფციულ დანაშაულსაც. ვფიქრობ, რომ ოთარ აბესაძის გამოშვებით ძალიან ცუდი პრეცედენტი შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანურად მას შეიძლება თანავუგრძნოთ, მაინც გამოდის, რომ ყველა კორუფციონერს შეუძლია გულზე ხელი წაივლოს და ჯანმრთელობის პრობლემების იმიტირებით გათავისუფლება მოითხოვოს. ასევე არ უნდა დავუშვათ, რომ "ნარკობარიგებმა" დაკავების მერე იყვირონ, არიქა, ჩამიდეს ნარკოტიკიო...

ერთი მხრივ, ფხიზლად უნდა ვიდგეთ სამართალდამცავთა ძალადობისა და მათი უკანონო ქმედებების სადარაჯოზე, თუმცა, ამავდროულად, არ უნდა დავაკომპლექსოთ ისინი! ხელი არ უნდა შევუწყოთ მათ დასუსტებას, ეს კრიმინალურ სამყაროს გაუჩენს დაუსჯელობის განცდას და მისცემს რეანიმირების საშუალებას.

სამართლის პოვნის გზაზე ყველაზე სუსტი რგოლი, ჩემი აზრით, სასამართლოა, რომელიც იქცა "ავგიას თავლად". დღეს ჭკუას გვასწავლიან ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ ვერდიქტებს შტამპავდნენ... ხელისუფლების წარმომადგენლები კი გვეუბნებიან, რომ თურმე გამოსწორდნენ და ანგელოზები გახდნენ...

როგორც კი ვიღაც ცდილობს "ავგიას თავლის" გაწმენდას, სისტემა მას მედგარ წინააღმდეგობას უწევს და ამაში ხელისუფლებაც ეხმარება, შესაბამისად, ხელისუფლება გახდა ამ "კოლექტიური მურუსიძის" მთავარი დამცველი... (იხილეთ სრულად)