"ყველა წინადადების წინ "მამაო ჩვენოსავით"სააკაშვილს ამბობენ, თორემ "გირგვლიანის შესწორებებთან" სააკაშვილი რა შუაშია" - კვირის პალიტრა

"ყველა წინადადების წინ "მამაო ჩვენოსავით"სააკაშვილს ამბობენ, თორემ "გირგვლიანის შესწორებებთან" სააკაშვილი რა შუაშია"

ე.წ. "გირგვლიანის შესწორებების"სულისკვეთებას ვიზიარებ და ის აუცილებლად მისაღებია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის"გადაცემაში "360 გრადუსი"სტუმრობისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაწყებულია მოლაპარაკებები, რომ მეტი საერთაშორისო ექსპერტი ჩამოვიდეს და ამ პროცესში დაგვეხმარონ. მისივე თქმით, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც პოლიტპატიმრებს დაეხმარება, მათი საქმეები გაერთიანდეს და უფრო წინ წავიდეს.

"რაღაცნაირად მოახერხეს და ყველა წინადადების წინ "მამაო ჩვენოსავით"სააკაშვილს ამბობენ, თორემ სააკაშვილი აქ რა შუაშია?! აქ ლაპარაკია იმის თაობაზე, რომ უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა. როდესაც მმართველმა გუნდმა თქვა, რომ მე მინდა დავწერო გირგვლიანის შესწორებები, გავამკაცრო კანონი, რომ მომავალმა პოლიტიკოსებმა არ დაარღვიონ ის და მე გეუბნები, რომ ლოგიკურად მხარს გიჭერ, აქ სააკაშვილი რა შუაშია?! როცა "ქართულ ოცნებას"ვეუბნები, რომ შენი ინიციატივა სწორია და მოგყვები, აქ სააკაშვილი სად უნდა მიაბა? ძალიან უჭირთ ხოლმე და ისედაც პიარში პრობლემა აქვთ, მაგრამ სადაც მარგველაშვილს ამბობენ, იციან რომ სააკაშვილი უნდა თქვან, მაგრამ რა კონტექსტში უნდა დააკავშირონ, ვეღარც ხვდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში "გირგვლიანის შესწორებები"გასაკეთებელია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გაქრა ეს თემა მედიიდან. მე ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია. როგორც კი "გირგვლიანის შესწორებები"თქვეს, ვთქვი, რომ სწორია. ვთქვი, რომ აუცილებლად ეს შესწორებები უნდა დაიხვეწოს. მაქვს დაწყებული მოლაპარაკებები, რომ ჩამოვიყვანოთ მეტი საერთაშორისო ექსპერტი და დაგვეხმარონ ამ პროცესში.

აუცილებლად მიმაჩნია, რომ ამ შესწორებების ნაწილი უნდა იყოს საქართველოს 2012 წლის კანონი, რომელმაც პოლიტპატიმრები დაგვიდგინა ქვეყანაში და მათ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ პოლიტპატიმრებს დაეხმარება, რომ მათი საქმეები გაერთიანდეს და უფრო წინ წავიდეს. ამ წლის 1-ელ ივლისს ეწურებათ მათ ვადა, რომ მათ საქმეები შეიტანონ პროკურატურაში ახლად აღმოჩენილი გარემოებებით. შესაძლოა იმ ადამიანებმა, ვისაც არ შეუტანიათ, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ან ფინანსური საშუალება, მათ შესაძლოა ეს უფლება სამუდამოდ დაკარგონ. ამაშიც დავეხმარებით ამ ადამიანებს, ვინც სახელმწიფომ პოლიტპატიმრებად სცნო. რატომ გაქრა ეს თემა ან ახლა ან 2012 წელს? ის პროკურორები, მოსამართლეები, ვინც მონაწილეობდნენ მაშინ რეპრესიებში, რატომ დაწინაურდნენ?! ეს არის ჩემი შეკითხვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

პრეზიდენტმა გადაცემაში მმართველი გუნდის წარმომადგენელთა იმ მოსაზრებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოქმედი პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" გზავნილებს აჟღერებს.

"ერთი ადამიანი გამოვიდეს ოცნებიდან და თქვას - გიორგი, მე შენზე უფრო შთამბეჭდავი ბიოგრაფია მაქვს წინა სისტემასთან დაპირისპირების".

მარგველაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან განსხვავებით, მას გასული 10 წლის განმავლობაში, სააკაშვილთან და მის თანაგუნდელებთან, არანაირი კავშირი არ ჰქონია.

"ამ ოთხი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" პოლიტკრეატივმა სხვა რამ მოიფიქრა, გარდა იმის, რომ პრეზიდენტი ნაციონალია?! ვის წინააღმდეგ იფიქრებენ ამ ყველაფერს, ამასაც შევხედოთ. მე მათსავით არც ადეიშვილის კაბინეტში ვიყავი, არც ბიზნესს ვაკეთებდი სააკაშვილთან ერთად, არც მისი მინისტრის მოადგილე ვიყავი და იმ 10 წლის განმავლობაში, მასთან არც ერთ საქმეში არ ვყოფილვარ, მათგან განსხვავებით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.