რა თხოვნით მიმართავს ქართული მხარე ევროკავშირის სახელმწიფოებს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად? - კვირის პალიტრა

რა თხოვნით მიმართავს ქართული მხარე ევროკავშირის სახელმწიფოებს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად?

თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის შემცირების მიზნით, ქართული მხარე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, გერმანიასთან მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განუცხადა, ამ მიზნით მომავალ კვირას გერმანიაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი იგეგმება.

"პრაქტიკულად ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მიდის მოლაპარაკებები, თუმცა ზოგან შესაბამისი პროცედურა არ არის. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ გერმანიასთან. როგორც იცით, გერმანიაში არჩევნები ჩატარდა და მთავრობის შექმნას დასჭირდა გარკვეული დრო. გარკვეული გაჭიანურება ამანაც გამოიწვია. შემდეგ კვირაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მიემგზავრება გერმანიაში. მე რამდენადაც ვიცი, მზადდება მინისტრის ვიზიტიც. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან აქტიურია", - განაცხადა ხულორდავამ.

რაც შეეხება მთავრობის კიდევ ერთ ინიციატივას, რომ რეადმისიის ხარჯები თავად რეადმისირებულ პირებს დაეკისროთ, თამარ ხულორდავა არ მიიჩნევს, რომ ეს შეაფერხებს უვიზო რეჟიმის პირობების დამრღვევი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნებას. ხულორდავას თქმით, კანონპროექტი, რომელზეც მთავრობა მუშაობს, მიმართულია იმ მოქალაქეების გადასარწმუნებლად, რომლებიც ჯერ არ წასულან ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში არალეგალურად დარჩენის მიზნით, თუმცა შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ.

"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სახით. ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება. ყველა ნაბიჯი უნდა იქნას გადადგმული ისეთი, რომელიც დამარწმუნებელი ეფექტის მქონე იქნება, რათა მოქალაქემ, რომელიც ჯერ აქ არის, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ წავიდეს, დარჩეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში და ააგოს ოქროს კოშკები, მაშინ როდესაც ამის რეალური პირობები და შესაძლებლობები მას არ მიეცემა. მე არ მგონია, რომ დამატებითი ფინანსური ბარიერის თუ დამატებითი ფინანსური ვალდებულების შემოტანა უფრო წაახალისებს, პირიქით, ამან უნდა იქონიოს ის ეფექტი, რომ შეაჩეროს ის ხალხი, ვინც შესაძლოა, ამ მიზნით წასვლას აპირებს", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს ზომების გამკაცრებას, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. ასევე, იგეგმება ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს სამინისტროებს შორის მუშაობის გაძლიერება.

"ინტერპრესნიუსი"