"ამათ ისევ მიშა სჯობია..." - კვირის პალიტრა

"ამათ ისევ მიშა სჯობია..."

საქართველოდან გადახვეწილი ყოფილი პარლამენტარი, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ბრალდებული, ძებნილი ვალერი გელბახიანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ გავლენიან ქართველებს, რომლებიც ემიგრაციულ ელექტორატს მართავენ, მხილებით ემუქრება.

ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი თანაგუნდელი ადგილობრივი არჩევნების თემაზეც  დუმილს ამჯობინებს და ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავს არიდებს, მაგრამ შემთხვევის წყალობით მასთან გასაუბრება მაინც მოვახერხეთ:

- საქართველოში კომუნისტურ-ნაციონალური არჩევნები ჩატარდა. ერთ სოფელს ვერ დამისახელებთ, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა არჩევნები მოიგო. ასე რომ, აზრი არა აქვს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, ვინაიდან ხალხი თავის ნებას ვერ გამოხატავს.

- მაგრამ არჩევნებზე მივიდნენ მოქალაქეები, რომლებმაც "#5" შემოხაზეს...

- მივიდნენ? ესეც საკითხავია. არჩევნებზე 600 ათასი კაცი მივიდა, დანარჩენ მილიონ-ნახევარ კაცს ხმა არავისთვის მიუცია.

- ოქრუაშვილი, ნოღაიდელი, ბურჯანაძე მოლაპარაკებებს მართავენ. თქვენი აზრით, შეძლებენ თუ არა ისინი გაერთიანებას და რა შედეგი მოჰყვება ამას?

- არ ვიცი, რა ვთქვა ამ ხალხზე... ასე მგონია, ისევ ხელისუფლებას წარმოადგენენ და მიშა სააკაშვილიღა აკლიათ. ხელისუფლებაში მათი ყოფნით რაც მივიღეთ, ისევ ის რომ მივიღოთ? სწორად გამიგეთ, მიზანს თუ მიაღწევენ, გამიხარდება, მაგრამ... იმდენი ფული დააგროვეს ხელისუფლებაში ყოფნით, ახლა რომ ჯიბეზე გაიკრან ხელი და ქუჩის აქციები დააფინანსონ, დამთავრებულია ეს ხელისუფლება.  მაგრამ გჯერათ, რომ ამის გამკეთებლები არიან?! როცა ოპოზიციის ლიდერები ცალ-ცალკე იკრიბებიან მიშას კაბინეტში და მშიერი ხალხის ხარჯზე კარგ მაყუთს აკეთებენ, ამას ღალატი ჰქვია, ხალხო, ღალატი!

- იქნებ დააზუსტოთ, ვის გულისხმობთ?

- ყველას... ვინ ჩამოვთვალო ისეთი, ხელისუფლებასთან რომ არ უვაჭრია. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, - მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როცა ბადრი პატარკაციშვილი  არჩევნებში მონაწილეობდა და მას ყველა მეთოდით ებრძოდნენ, ერთხელ ხომ უნდა გაეკეთებინა პარლამენტის თავმჯდომარეს ამაზე კომენტარი?! მან კი ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ მიშას თავიდან ბოლომდე "გაუპრავა" უკანონო, დამნაშავე ხელისუფლება.

ლევან გაჩეჩილაძე რომ შეხვდა მიშას,  დავიჯერო, იქ ვაჭრობა და რიგ საკითხებზე შეთანხმება არ მოხდა? აბა, რა დავარქვა იმას, რომ 300000 კაცს შეკრებ და ქუჩაში გამოიყვან, მერე კი გამოუცხადებ, დაიხურეთ ქუდები და შინ წადითო. რატომ ეუბნებოდა ხალხს, მიშას დრო გათავებულია და ხელისუფლებიდან გავისტუმრებთო?

უფრო კარგი არ იქნებოდა, გამოსულიყო და ეღიარებიანა, ხალხო, ჩემი იმედი ნუ გექნებათო?

ალასანიას ვეტყოდი: შე დალოცვილო, ხელისუფლებაში არ იყავი? თუკი დიალოგი შესაძლებელი იყო და თან შენს აზრსაც ვინმე გაითვალისწინებდა, რაღას გამორბოდი იქიდან? ვითომ ოპოზიციაში უფრო უკეთ მოახერხებს ხელისუფლებასთან დიალოგს, რომელიც მხოლოდ მონოლოგზეა გადასული და ეს არჩევნებმაც კარგად გვიჩვენა? მგონი, ისევ მიშა სჯობია სხვა პოლიტიკოსებს იმით, რომ თავის გუნდს არ წირავს, პატრონობს, ერთგულების ფასი იცის.

ძალიან მალე დავახასიათებ რუსეთში მყოფ ცნობილ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამა თუ იმ ემიგრაციულ ელექტორატს ლიდერობენ. ფარდას ავხდი ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ და პირველი თქვენ იქნებით, ვისაც ამ თემაზე დაველაპარაკები.  ახლა არაფერს ვიტყვი, რომ არ დამადანაშაულონ, კარგი გეგმა გვქონდა და გელბახიანმა ხელი შეგვიშალაო. ის გეგმა თავისთავად რომ ჩაეფუშებათ, მერე ჩავახედებ მათ სარკეში, რომ საკუთარი თავი კარგად დაინახონ.