რა თამაშს იწყებს ხელისუფლება? - კვირის პალიტრა

რა თამაშს იწყებს ხელისუფლება?

ლევან პირველი საქართველოში ბრუნდება

ქართულ პოლიტიკაში "ძველი-ახალი სახეები" მოდიან?

ავსტრიაში ერთი კვირის წინ გახმაურებული საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების გეგმის გამჟღავნების შემდეგ ყველასათვის მოულოდნელი იყო, რომ  მონაწილეთა შორის ლევან პირველი არ დასახელებულა. მით უმეტეს, რომ მან რამდენიმე თვის წინ მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებით დაიმუქრა. როგორც ჩანს, ლევან პირველი მართლაც ბრუნდება, მაგრამ არა ხელისუფლების გადატრიალების გზით.

დაახლოებით ერთი თვის წინ ლევან პირველმა საქართველოში შელახული პრესტიჟის გამოსწორებაზე დაიწყო ზრუნვა. ეს ინფორმაცია რატომღაც გოგი თოფაძისა და ზურაბ ტყემალაძის ავსტრიაში ვიზიტის ნიუსს მიაბეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მრეწველების" ლიდერები ვენაში ყოფნისას რეგულარულად ხვდებიან ლევან პირველს. გაუგებარია, რა შუაში იყო "მრეწველების" ვიზიტთან ლევან პირველის მიერ "ჩადენილი" მკვლელობის ხსენება.

რესტორან "თამარიონში" მომხდარ მკვლელობაში პრესა ხშირად რომ ადანაშაულებდა, ეს ლევან პირველისთვის არ უნდა ყოფილიყო სიახლე. მაგრამ მან მოულოდნელად ხმაურიანი პრესკონფერენცია გამართა ცნობილი ადვოკატის თანხლებით და განაცხადა, რომ საინფორმაციო პორტალ "გრუზია ონლაინს" ცრუ ინფორმაციისთვის უჩივლებს. ძნელია თქმა,  რამ გამოიწვია "ვარდების" ხელისუფლებისგან შერისხული ლევან პირველის მოულოდნელი გადიდგულება.

ჩვენი ინფორმაციით, ლევან პირველმა საქართველოს ხელისუფლებასთან გარიგება მოახერხა და ქვეყანაში "ოპოზიციონერის" სტატუსით აპირებს დაბრუნებას. იმასაც ამბობენ, რომ ლევან პირველი შესაძლოა ბურჯანაძის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

თითქოს პირველი აქტიურად ჩაებმება პოლიტიკაში როგორც ბურჯანაძისა და რუსეთის მხარდამჭერი ძალა, ხელისუფლება კი პირველის ორაზროვანი წარსულის გამოყენებით საზოგადოებაში ამ ძალების დისკრედიტაციას მოახდენს, აი, ვინ არის რუსეთის მხარდამჭერი საქართველოშიო! თუმც პოლიტიკაში დასაბრუნებლად ლევან პირველის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მაინც აუცილებელია.

დიმიტრი გაბუნია, ლევან პირველის ადვოკატი: - არავისთვის არის დამალული, რომ ლევან პირველი პოლიტიკაში აპირებს დაბრუნებას. მან რუსეთში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ეს თავადვე განაცხადა.

- ლევან პირველზე არაერთხელ დაიბეჭდა ინფორმაცია, სადაც მინიშნებული იყო, რომ რესტორან "თამარიონში" მომხდარ მკვლელობაში სწორედ ის იყო დამნაშავე. იმავეს იმეორებენ დაღუპულის ოჯახის წევრებიც. სხვა დროს ლევან პირველს არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი და ახლა რატომ გადაწყვიტა საინფორმაციო პორტალისთვის ეჩივლა?

- კონკრეტულ შემთხვევაში ჩივილის საფუძველი მიეცა. მართალია, სხვადასხვა გამოცემა ლევან პირველს ამ მკვლელობაში ადანაშაულებდა, მაგრამ არაპირდაპირ, ისეთი ფრაზების გამოყენებით, როგორიცაა "როგორც ამბობენ", "მოარული ხმებით" და სხვ. ამ საინფორმაციო პორტალმა  კი პირდაპირ, დაზუსტებით დაწერა, რომ ლევან პირველმა რესტორან "თამარიონში" პირადად დახვრიტა ახალგაზრდა. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

ამიტომაც გამოქვეყნებული ცნობების უარყოფა მოვითხოვეთ. საინფორმაციო პორტალმა მართალია, ცნობა უარყო, მაგრამ ეს ისევ სათავისოდ, ძალზე ტექნიკურად გამოიყენა, - უარყოფის სტატია იმავე ბრალდებებით არის სავსე. ამიტომ ლევან პირველმა გადაწყვიტა უჩივლოს საინფორმაციო პორტალს.

- თქვით, რომ ლევან პირველი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ერთია, რომ აპირებს და მეორე, როცა ამის საშუალებას ხელისუფლება აძლევს. ლევან პირველი ხელისუფლებას გაურიგდა?

- ამას ბატონმა ლევანმა უნდა უპასუხოს. ამის თაობაზე ინფორმაცია არა მაქვს. ლევან პირველთან გამოძიებას კითხვები  არა აქვს რესტორან "თამარიონში" მომხდარ მკვლელობაზე. ის ამ საქმეში ეჭვმიტანილადაც არ ყოფილა ცნობილი.

- ოფიციალურად ეს მკვლელობა დაჰბრალდა ლევან პირველის დაცვის უფროსს, რომელიც სასჯელის მოხდის შემდეგ საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. არც ამ საქმეზე აქვს კითხვები გამოძიებას?

- ჩემი ინფორმაციით, არავითარი საეჭვო ვითარება არ ყოფილა,  იმ კაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ჩვენ ვცადეთ ავსტრიაში დავკავშირებოდით ლევან პირველს, მაგრამ ამაოდ, ის იტალიაში ყოფილა დასასვენებლად წასული, ამიტომ მის თანაპარტიელ ზურაბ ტყემალაძეს შევეხმიანეთ: - ლევან პირველი არ არის ბრალდებული რომელიმე დანაშაულში. ვგულისხმობ რესტორან "თამარიონში" მომხდარ ტრაგიკულ ამბავს.

სამხედრო პროკურატურის მონაცემებით (რომელსაც თავის დროზე ხელს მაშინდელი სამხედრო პროკურორი ბადრი ბიწაძე აწერდა) ლევან პირველი არათუ ბრალდებული, ეჭვმიტანილიც არ ყოფილა. სხვა სისხლისსამართლებრივი დევნაც მის მიმართ არ არსებობს.

- მაშ, რის საფუძველზე მიიღო ლევან პირველმა ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფარი?

- მას ჰქონდა მასალები, რომელთა წარდგენის შემდეგ ევროპის შესაბამისმა ორგანოებმა ის პოლიტიკურ დევნილად ჩათვალეს.

- მაინც რა ბრალდებით იდევნებოდა ლევან პირველი საქართველოში?

- ამ საკითხზე ინფორმაცია ლევან პირველმა უნდა მოგაწოდოთ.

- როდის აპირებს ლევან პირველი პოლიტიკაში დაბრუნებას?

- მაშინ, როცა ამას ყველა დაინახავთ.

P.S. ასე რომ, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში "ძველი-ახალი" სახეები გამოჩნდებიან. სავარაუდოდ, ლევან პირველს სხვა შერისხულებიც შეუერთდებიან. საინტერესო ის არის, რა ახალ თამაშს იწყებს ხელისუფლება?