"მეზობელმა დაწერა, რომ ვემუქრებოდი" - რას ეხება სამგორის გამგებლის წინააღმდეგ აღძრული საქმე? - კვირის პალიტრა

"მეზობელმა დაწერა, რომ ვემუქრებოდი" - რას ეხება სამგორის გამგებლის წინააღმდეგ აღძრული საქმე?

სამგორის რაიონის გამგებლის, დავით კერესელიძის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე სამი წლის წინ ავტომანქანის გაჩერების გამო მეზობლისთვის მიცემულ შენიშვნას ეხება.

როგორც კერესელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქმე ეხება 3 წლის წინ მომხდარ ინცინდენტს, რომელიც მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ავტომანქანის არასწორად გაჩერების გამო მოხდა.

დავით კერესელიძის თქმით, ის აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერს, კახა კალაძეს უკვე ესაუბრა და ყველაფერი დეტალურად აუხსნა.

"2015 წლის მარტში ჩემს საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა შემთხვევა. ჩემი მეზობლის სიძემ არაერთხელ მოახდინა პარკირება არასწორად. რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა, მესამე შენიშვნის შემდეგ მოგვივიდა ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო კონფლიქტი. ამ კონფლიქტის დროს არც ქონებრივი და არც ფიზიკური ზიანი არ მიგვიყენებია ერთმანეთისთვის. შემდეგ წავიდა და ამ ადამიანმა იჩივლა. მე მინდოდა, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებიდა, ამიტომ ეს პროცესი მინდინარეობს. საქმე ეხება მუქარას, ჩემმა მეზობელმა დაწერა, რომ ვემუქრებოდი. მე რომ მეჩივლა, ალბათ, მეც ასევე დავწერდი, რომ მემუქრებოდა. ეს მუხლი ითვალისწინებს 500- ლარიან ჯარიმას. მე გამგებლად 2 თვის წინ დავინიშნე. არავითარი რამდენიმე მუხლით გამოძიება არ მიმდინარეობს. მომხდარის შემდეგ ამ ადამიანმა სასამართლოს და ჩემს იურისტებს წარუდგინა წერილი, რომ მას ჩემთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ჩვენ გვაქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა. პროცესი მიდის, ერთმანეთთან პრეტენზია აღარ გაგვაჩნია და ეს ნოტარიულად დადასტურებულად არსებობს, უბრალოდ, ახლა ველოდებით, რომ სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება", - განაცხადა კერესელიძემ.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

"რაც შეეხება ჩემს დანიშვნას და საკრებულოში გაკეთებულ განცხადებებს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად დავინიშნე, პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემს საქმიანობას, მე კანონი არ დამირღვევია. რატომ მოხდა ახლა ამ თემის წამოწევა არ მესმის. არ ვიცი რატომ საუბრობს ეს ახალგაზრდა ლევან ხაბეიშვილი. გამგებლობამდე საქველმოქმედო აქციები მაქვს ჩატარებული, არ სიამოვნებს ალბათ, ეს ყველაფერი. მეტი მე არაფერი დამიშავებია", - აღნიშნა კერესელიძემ.

გუშინ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქის მთავრობას და უმრავლესობას ორშაბათამდე მისცა ვადა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს კორუფციის მიმართულებით ნასამართლევი პირები და გამგებელი, რომელზეც მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

ხაბეიშვილი დაინტერესდა, უმრავლესობის წევრებს და ქალაქის ხელმძღვანელობას ჰქონდა თუ არა ინფორმაცია დედაქალაქის მთავრობაში ნასამართლევი ადამიანების შესახებ ან ინფორმაცია მოქმედ გამგებელზე, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.

"კონკრეტულად სისხლის სამართლებრივი კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება - სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარა. ასეთ გამგებელს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურას საქმე აქვს აღძრული, თქვენ მხარი დაუჭირეთ. ახლა მე არ დავასახელებ იმ კონკრეტულ გამგებელს, არც იმათ, რომლებიც კორუფციის მიმართულებით არიან ნასამართლევი. ორშაბათამდე დედაქალაქის მთავრობას და უმრავლესობას გაძლევთ გონივრულ ვადას, მიიღოთ გადაწყვეტილება და ეს ადამიანები ჩამოაშოროთ თანამდებობას", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

იხილეთ: "დამნაშავეა?!" - რას ამბობს კალაძე გამგებელზე, რომლის მიმართაც, არსებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

"ინტერპრესნიუსი"