"სახელისუფლებო კულუარებს ფარცხალაძიზმის მეტასტაზები მოედო" - კვირის პალიტრა

"სახელისუფლებო კულუარებს ფარცხალაძიზმის მეტასტაზები მოედო"

"ფარცხალაძის საქმეში თავიდანვე ნათელი იყო, რომ აუქციონის პირობები ამ კონკრეტულ ადამიანს ტანზე შემოაკერეს"

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტორული დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი დარღვევებია დაფიქსირებული. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2015-2016 წლებში ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებულია 980 ობიექტი, თუმცა აუქციონების უმრავლესობა ჩატარებულია უკონკურენტო გარემოში და პოტენციური მყიდველი, ძირითადად, ხდებოდა მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე. იმ პირებისთვის კი, რომლებიც არ იყვნენ საპრივატიზაციო ფართობის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაწესებული შეზღუდვები მიწის შეძენის მცდელობისას დამაბრკოლებელ გარემოებას ქმნიდა. შედეგად შეიზღუდა კონკურენცია და მუნიციპალიტეტმა დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

აუდიტი აქცენტს აკეთებს ფასზეც - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონების საწყისი ფასი რატომღაც დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზეა დადგენილი და ეს, უმეტეს შემთხვევაში, ამცირებს ფართობის საპრივატიზებო ღირებულებას - შესაბამისად, საწყისი ფასი დგინდება საბაზროზე ნაკლები ღირებულებით.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხვდა 2012 წელს დაწყებული დავა მერიასა და კომპანია "ბი-ეს-არ სი-დი-ჯის" შორის. თბილისში ახალი მაგისტრალური გზის გაყვანის შედეგად კერძო კომპანიას მიადგა ზარალი, რადგან გზამ მათ კუთვნილ ნაკვეთზე გაიარა, თუმცა მოლაპარაკებები ოთხი წელი გაჭიანურდა და მერიამ ზარალი კომპანიას მხოლოდ მას შემდეგ აუნაზღაურა, რაც მისი მფლობელი, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი ფარცხალაძე გახდა. სახელმწიფო აუდიტი ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურების შედეგად მერიის მიერ ზარალი შეფასდა და ანაზღაურდა (ზარალის მიღების პერიოდში არსებულ ღირებულებასთან შედარებით) 5-ჯერ მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთით, რამაც დედაქალაქს ფინანსური ზიანი მიაყენა. ამ საკითხზე გამოძიება პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც სახელმწიფო აუდიტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ პროკურატურაში შუალედური დასკვნა გაგზავნა, თუმცა გამოავლინა თუ არა კონკრეტული პასუხისმგებელი პირი გამოძიებამ, პროკურატურაში არ გვპასუხობენ.

უახლოეს დღეებში კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან კიდევ ერთ საქმეზე გაგზავნიან დოკუმენტაციას, რომელიც ასევე თბილისის მერიის 2015-2016 წლების საქმიანობას ეხება. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წელს გამწვანების ღონისძიების პროგრამა ხარვეზებით ჩაატარა - მუნიციპალიტეტმა საგაზაფხულო რგვებისას ამოთხარა დარგულ ნერგებზე მეტი ორმო, ზედმეტად ამოთხრილი ორმოების ღირებულება კი დამატებით ხარჯს წარმოადგენს, თანაც ნარგაობების დაახლოებით მესამედი გამხმარია ან აღარ არსებობს. გაფორმებული ხელშეკრულებით შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესები სათანადოდ არ იყო დაცული. კერძოდ, გამხმარი ნარგაობების ჩანაცვლებას არ ითვალისწინებდა, რამაც მერია ფინანსურად დააზარალა. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განგვიმარტეს, საქმეზე დოკუმენტაცია უკვე მზადდება და ის უახლოეს დღეებში შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურას გაეგზავნება.

"ეს კითხვები რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, თუმცა საპასუხოდ თავდასხმა მივიღე"

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ მის მიერ დაწყებული მოკვლევა აუდიტის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოო კვლევით დაადასტურა, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროკურატურა საქმეს არ გამოიძიებს:

- აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს იმ რთულ რეალობას, რომელზეც რამდენიმე თვის წინ ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი. მეტიც, მართალია, საზოგადოების ვნებათაღელვა კონკრეტულად ფარცხალაძისთვის მიწების მარტივად გადაცემამ გამოიწვია, მაგრამ დასკვნაში 900-მდე მსგავს შემთხვევაზეა მითითებული. ეს ნიშნავს, რომ თბილისის მერიაში სისტემური პრობლემა არსებობდა, რომელშიც მერიის ხელმძღვანელობა იყო ჩართული, მათ შორის - შესაძლო კორუფციულ გარიგებებში. სხვანაირად ვერ ახსნი, რატომ ტარდებოდა აუქციონი უკონკურენტოდ, ერთი ადამიანის მონაწილეობით, რატომ იზღუდებოდა პირობები რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ქონების პრივატიზების სურვილი ჰქონდათ და რატომ ერგებოდა აუქციონის პირობები მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფიზიკურ პირს. ან რატომ ხდება, რომ აუქციონზე გამოტანილი მიწების უმრავლესობას მომიჯნავე ნაკვეთის მფლობელი იერთებს? საგანგებოდ ამ მომიჯნავე პირისთვის ხომ არ ცხადდებოდა აუქციონი? ეს კითხვები აუდიტის სამსახურში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, როდესაც მერიის საქმიანობის შესწავლა დავიწყეთ, თუმცა საპასუხოდ თავდასხმა მივიღე.

- ახლა, როდესაც უკვე გამოქვეყნებულია სახელმწიფო აუდიტის საბოლოო დასკვნა, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

- ფარცხალაძის საქმეში თავიდანვე ნათელი იყო, რომ აუქციონის პირობები ამ კონკრეტულ ადამიანს ტანზე შემოაკერეს, რომ მას სხვადასხვა ნაკვეთის გაერთიანების შესაძლებლობა ჰქონოდა. საუბარია 7 000 კვმ-ზე, რაც მნიშვნელოვანია დედაქალაქის შემოსავლებისთვის, თუმცა, ვითომც არაფერი, მერიამ ეს ქონება ერთი ხელის მოსმით გაანიავა და დედაქალაქი რამდენიმე მილიონი ლარით აზარალა. სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ დასკვნის გამოქვეყნების მიუხედავად, პროკურატურა გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს. ამის სურვილი რომ ჰქონოდათ, აქამდე უნდა მიგვეღო კონკრეტული პასუხი, რა მოხდა მერიასა და ფარცხალაძეს შორის.

- როდესაც აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდით, რამდენი საქმე გაგზავნეთ პროკურატურაში გამოძიებისთვის, ან რამდენად ადეკვატურია აუდიტის სამსახურის მომზადებული დასკვნებისადმი გამოძიების დამოკიდებულება?

- კონკრეტული ციფრი არ მახსოვს, თუმცა არაერთი საქმე გაიგზავნა აუდიტის სამსახურიდან პროკურატურაში შემდგომი გამოძიებისა და შესაბამისი პირების დანაშაულის გამოვლენის მიზნით. რამდენ საქმეს მოჰყვა შედეგი, ვერ გეტყვით. როგორც წესი, ასეთი საკითხები ჰაერშია გამოკიდებული, რაც უამრავ კითხვას ბადებს.

"კლანური ბაცილა გვყავს ყველგან"

მართლაც გვაქვს თუ არა საქმე სისტემურ დანაშაულთან, თუ მხოლოდ ოთარ ფარცხალაძე აღმოჩნდა ის იღბლიანი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც მერიასთან მარტივი კომუნიკაციით შეძლო რამდენიმემილიონიანი ქონების ხელში ჩაგდება?

"კვირის პალიტრა" ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

- სამწუხაროდ, ჩვენ თვალწინ ხმებოდა მერიის შეძენილი ათასობით ხე, ჩვენ თვალწინ აფრიალებდნენ დოკუმენტებს ოპოზიციისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომ მერია დედაქალაქის კუთვნილ ქონებას დარღვევებით ასხვისებდა სასურველ პირებზე, მაგრამ ამას მერიის რეაქცია არასოდეს მოჰყოლია. დუმდნენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ვალდებული იყვნენ, ეზრუნათ ბიუჯეტის მართლზომიერ გახარჯვაზე, არამედ ისინიც, ვინც ვალდებული იყო, პასუხი გაეცა საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მერიის პრობლემა არ იყო, ასეთი დამოკიდებულება მთელ ხელისუფლებას დასჩემდა - ბრალდების საპასუხოდ დუმილი ან უკუბრალდება. ამიტომ მოქალაქეებმა უნდა მოვითხოვოთ არა მხოლოდ კორუფციაში შემჩნეული მაღალჩინოსნის, არამედ იმ პირის პასუხისგებაც, ვინც დამნაშავეს ხელს დუმილით დააფარებს.

- აუდიტის სამსახური დიდი ხანია, მიუთითებს სახელმწიფო სტრუქტურებში დარღვევებზე, თუმცა შედეგი - პირის დასჯა - არასოდეს ჩანს. რატომ?

- კონკრეტულად ფარცხალაძის საქმე ერთ სამარცხვინო მოვლენას ამჟღავნებს - სახელისუფლებო კულუარებს ფარცხალაძიზმის მეტასტაზები აქტიურად მოედო და ის ისეთი გავლენიანია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებსაც კი მისი სურვილის მიხედვით მოქმედებას აიძულებს. ეს უკვე 30-წლიან სენად გვექცა - დღეს თუ ქვეყანაში ფარცხალაძიზმი მძვინვარებს, ცოტა ხნის წინ ადეიშვილიზმი და კეზერაშვილიზმი გვჭირდა. მანამდეც იყვნენ ფიგურები, რომლებიც ამ ამოცანას წარმატებით ასრულებდნენ. დღეს ბევრი მაღალჩინოსანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთების ნაცვლად იმაზე ფიქრობს, თავისიანს როგორ უპატრონოს და გვერდით დაუდგეს, ხელი გაუმართოს. მთავარი ტრაგედია ის არის, რომ ეს საზოგადოებაშიც ნორმად დამკვიდრდა. ამით კი არ ვცდილობ, ფარცხალაძის შემთხვევა შევამსუბუქო, უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, როგორ ვცხოვრობთ და როგორი სოციალური ურთიერთობის კულტურა გვაქვს.

ცოტა ხნის წინ ჩემი ახლობელი მირეკავს, ერთ მნიშვნელოვან პროექტში ჩემი შვილი გაიმარჯვებს და "მიმიხედეო", ანუ კლანური ბაცილა გვყავს ყველგან - ოჯახში, საზოგადოებაში და რა გასაკვირია, რომ ხელისუფლებაშიც. ჩინოვნიკებს ხომ ჩვენ ვაძლევთ მოქმედების ფართო არეალს?

- ჩინოვნიკის კორუფცია ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ალბათ, ეს განსხვავებაა რიგით მოქალაქესა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის...

- კლანურ ბაცილასაც იმის მიხედვით ვავითარებთ, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს ჩვენი სტატუსი თუ თანამდებობრივი მდგომარეობა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც საგამოცდო ქულების ჩაწყობიდან დაწყებული, ყველაფრის ჩაწყობით კეთებისკენ არის მიდრეკილი. თითქოს ეს მავნე მენტალობა რაღაც პერიოდით ძალის გამოყენებით ამოვძირკვეთ, თუმცა სახელმწიფოში იმდენად ბევრი მაგალითი გაჩნდა კორუფციისა თუ ჩაწყობის, ისევ ამ მენტალობისკენ ვბრუნდებით. მოქალაქის ფსიქოლოგია კი მარტივია - ყოველთვის ჰბაძავს ხელისუფლებას. დღეს ხელისუფლება კორუფციის კარგ მაგალითებს გვაძლევს - ფარცხალაძის მსგავსი ოდიოზური პირების დაუსჯელობითაც, ასე რომ, მოქალაქეებსაც მეტი გასაქანი მიეცათ... არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები ამ ვითარების გამოსწორებაზე იფიქრებენ - მთავარი პრობლემაც ეს არის!

რუსუდან შელია