"საქართველო ნატოს შექმნამდე დიდი ხნის წინაც არსებობდა და მაშინაც იქნება, როდესაც ნატო აღარ იარსებებს" - კვირის პალიტრა

"საქართველო ნატოს შექმნამდე დიდი ხნის წინაც არსებობდა და მაშინაც იქნება, როდესაც ნატო აღარ იარსებებს"

ლუკ კოფი: "იმ ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ ჩემი წინადადება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს, ვფიქრობ, არ ესმით, რას ვგულისხმობ"

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ნატოსთან დაკავშირებული თემებიდან არაფერს მიუპყრია იმდენი ყურადღება, რამდენიც გასულ კვირას ჰერიტიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ მიიპყრო, სადაც საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა ლუკ კოფიმ საქართველოს ნატოში გაწევრების ალტერნატიული სცენარი განიხილა - ნატოში შევალთ, მაგრამ კოლექტიური თავდაცვა, ანუ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება. ამისთვის საჭიროა ცვლილებების შეტანა მეექვსე მუხლში, რისი მაგალითებიც არსებობს - თუნდაც იგივე თურქეთი და საბერძნეთი, დასავლეთი გერმანია და ა.შ. "კვირის პალიტრა" ლუკ კოფის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მისეულ ხედვაზე ესაუბრა:

- იმით დავიწყოთ, თუ რა არის ნატოს მოტივაცია ამ შემთხვევაში - გადაარჩინოს საქართველო, სანამ გვიან არ არის?

- ასე არ ვიტყოდი. ჩემი წინადადება გულისხმობს საქართველოს მთლიანი ტერიტორიის ოფიციალურად შესვლას ნატოში, აფხაზეთისა და ცხინვალის ჩათვლით, მაგრამ ოკუპირებული ტერიტორიები ვერ ისარგებლებენ მეხუთე მუხლში გაწერილი უსაფრთხოების გარანტიებით, სანამ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ მოგვარდება. სხვათა შორის, ეს თანხმობაშია საქართველოს მთავრობის დაპირებასთან, რომ არ გამოიყენებს სამხედრო ძალას კონფლიქტების გადასაჭრელად. ეს დროებითი გამოსავალია, სანამ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს არ დაუბრუნდება, მანამდე კი საქართველო მიიღებს მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ უსაფრთხოების გარანტიებს.

- თქვენ ახსენეთ, რომ ქართული ოფიციოზი პირად საუბრებში განიხილავს მსგავს სცენარს, ანუ ეს მიდგომა მათთვის უცხო არ არის.

- ქართველ მოხელეებს, არა მხოლოდ ახლანდელ, წინა მთავრობების წარმომადგენლებსაც უსაუბრიათ ჩემთან ამაზე.

- მაშ, რატომ აცხადებს ახლანდელი საგარეო მინისტრი ჯანელიძე, რომ ნატოში გაწევრების ალტერნატიული სცენარები არ განიხილება?

- ჩემი საქმე, როგორც Think-tank-ის წარმომადგენლისა, არის ის, რომ საზოგადოებას ახალი იდეები მივაწოდო.

ბუქარესტის სამიტიდან უკვე ათი წელიწადი გადის და დროა, უფრო კრეატიული გზები ვეძებოთ, რათა საქართველოს ნატოში გაწევრებაში დავეხმაროთ. რეალობა ასეთია: ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. ისიც ფაქტია, რომ ევროპასა და ვაშინგტონში ბევრი შიშობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავს, რადგან რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს ქვეყნის ნაწილი.

ჩემი ალტერნატივა ამ პრობლებას გადაჭრის, რადგან საქართველო პირობას დებს, რომ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს. ეს არ გაამართლებს უკრაინაში, ისინი დღესაც იბრძვიან და მათ არ დაუდვიათ მსგავსი დათქმა. ამ სცენარის საერთაშორისო პრეცედენტებიც არსებობს - მაგალითად, გუამზე არ ვრცელდება ნატოს მეხუთე მუხლი, არც ფოლკლენდის კუნძულებზე.

- ბევრი ფიქრობს, რომ ეს მცდარი ნაბიჯია. განსაკუთრებით ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ნატო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში უნდა დაგვეხმაროს და არა მხოლოდ 80%-ის დაცვაში...

- იმ ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ ჩემი წინადადება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს, არ ესმით, რას ვგულისხმობ. იმასაც ვფიქრობ, რომ გარკვეული ჯგუფები ამას პროპაგანდისთვის იყენებენ. საქართველო ნატოს შექმნამდე დიდი ხნის წინაც არსებობდა და მაშინაც იქნება, როდესაც ნატო აღარ იარსებებს. თუ ნატოში შესვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაკარგვას ნიშნავს, მაშინ ეს ამად არ ღირს. ამას არც მე ვითხოვ და არც ნატო. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კრეატიული გზა, რათა საქართველოს ნატოში გაწევრება რეალობად იქცეს.

- და როგორი იქნება რუსეთის რეაქცია ნატოს ამ "კრეატივზე"? ყოველდღე მომსწრენი ვართ სხვადასხვა ხელშეკრულებისა, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთის ფედერაციის სიღრმეში ითრევს. მაგალითად, კრემლმა შეიძლება ნება დართოს ცხინვალს, რომ ჩრდილო ოსეთს, შესაბამისად, რუსეთს შეუერთდეს, რასაც ჯერჯერობით, როგორც ჩანს, გავლენის ბერკეტად ინახავს.

- რუსეთს მიაჩნია, რომ შეუძლია ვეტო დაადოს სხვა ქვეყნების სურვილს, ნატოს ან ევროკავშირს შეუერთდნენ. გარკვეულწილად, დე ფაქტო ვეტო აქვთ კიდეც, რადგან ფიქრობენ, რომ თუ საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვის ნაწილობრივ ოკუპაციას მოახდენენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები ვერასოდეს გახდებიან ნატოსა და ევროკავშირის წევრები, ჩემი წინადადება კი რუსებს ამ ბერკეტს აკარგვინებს. ჩემი სცენარით, ალიანსი ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა.

- რა მნიშვნელობა აქვს ალიანსის ერთგულებას, თუ რუსეთი ცხინვალს ჩრდილო ოსეთს შეუერთებს?

- შეხედეთ სიტუაციას ცხინვალში - მარიონეტულ მთავრობას სრულად აკონტროლებს მოსკოვი. მნიშვნელობა არა აქვს, მოაწერს თუ არა დუმა ხელს განკარგულებას ცხინვალის ანექსიის შესახებ. ფორმალურად იზამენ ამას თუ არაფორმალურად, განსხვავება არ არსებობს.

- ვთქვათ, მართლაც იქცა თქვენი გეგმა რეალობად. რუსეთი, იმის გამო, რომ საქართველო ნატოს წევრი იქნება, უეცრად კეთილ და საიმედო მეზობლად გადაიქცევა?

- ვფიქრობ, საქართველოს ნატოში გაწევრება რუსეთისთვის უზარმაზარი შემაკავებელი ძალა იქნება. საქართველო და რუსეთი მეზობლები არიან, აქვთ ისტორიული წარსული... რუსეთი პატივს უნდა სცემდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

- თუმცა სასიამოვნოდ მოსაგონარი ამ საზიარო წარსულიდან არც ისე ბევრია...

- რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვგულისხმობ ვაჭრობას, შერეულ ოჯახებს და ა.შ. ვფიქრობ, სანამ მოსკოვში ახლანდელი მთავრობაა, ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. მაგრამ ერთ დღესაც ეს მოხდება. 90-იანებში არავის სჯეროდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოში შესვლას მოახერხებდნენ. ესტონეთი ნატოში? გაუგონარი რამ იყო!

- ანგარიშში ეკონომიკურ სანქციებსაც ახსენებთ, როგორც ერთგვარ გარანტიას, რომ რუსეთი საქართველოს საქმეებში აღარ ჩაერევა. თუ უკრაინის შემთხვევაში ვერ შეაჩერა სანქციებმა რუსეთი, საქართველოს რისი იმედი უნდა ჰქოდეს?

- ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთი იხდის ეკონომიკურ ფასს იმისთვის, რაც გააკეთა ყირიმსა და უკრაინაში. საქართველოს შემთხვევაში მე ვთავაზობ კონგრესს, შეიმუშაოს სანქციები, რომლებიც ამოქმედდება, თუ რუსეთი აფხაზეთის ან ცხინვალის ოფიციალურ ანექსიას მოახდენს ან შეეცდება ამას.

- "დაიცავს კი ნატო საქართველოს მაშინაც კი, თუ ის ალიანსში გაწევრდება?" - ეს შეკითხვა ხშირად გვესმის ევროსკეპტიკოსებისგან, არ სჯერათ, რომ ნატო აამოქმედებს მეხუთე მუხლს, თუ საქართველოს გაწევრების შემდეგ რუსული აგრესია გაგრძელდება. ისინი კითხულობენ: "მზად არიან კი ბელგიელები, პორტუგალიელები, სლოვენიელები საქართველოსთვის იბრძოლონ და სისხლი დაღვარონ?", არგუმენტებად მოჰყავთ გამოკითხვები, სადაც რიგით ევროპელებს ეკითხებიან, სურთ თუ არა უკრაინის ხილვა ნატოში, მზად არიან თუ არა დაიცვან, თუ ის ნატოს წევრი გახდება. შედეგები არცთუ ისე დამაიმედებელია.

- თუ გამოკითხვებით ვიმსჯელებთ, ნახავთ, რომ ძალიან ცოტაა მზად საკუთარი ქვეყნის დასაცავადაც კი. აბა, ჰკითხეთ გერმანელებს, იბრძოლებენ თუ არა გერმანიისთვის, ჰკითხეთ ფრანგებს. ეს ჰიპოთეზური შეკითხვაა.

რაც შეეხება მეხუთე მუხლს, ის არ არის ღილაკი, რომელიც ავტომატურად ირთვება, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ ზუსტად ეს და ეს უნდა მოხდეს და მეხუთე მუხლი ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება ნატოს ყველა წევრმა ერთსულოვნად უნდა მიიღოს. მაგალითისთვის ავიღოთ კიბერთავდასხმა. თუ რუსეთი განახორციელებს კიბერთავდასხმას და შეაფერხებს ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის საბანკო სისტემას, მეხუთე მუხლი უნდა ამოქმედდეს? სადავო საკითხია.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა - თუ ნატოში არ იქნებით, მაშინ მეხუთე მუხლი თქვენზე ნამდვილად არ იმოქმედებს, ისე კი მთელი რიგი სცენარები შეიძლება ჩამოწერო, როდესაც მეხუთე მუხლი ამოქმედდება და მერე, იმავე რაოდენობით - საპირისპირო სცენარები.

- დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სკეპტიკურ დამოკიდებულებაზეც გკითხავთ. 2008 წელს საფრანგეთმა და გერმანიამ მხარი არ დაუჭირეს შტატების ინიციატივას, საქართველოსთვის მაპ-ის მიცემის თაობაზე. მას შემდეგ ბევრი საინტერესო რამ მოხდა. მაგალითად, შტაინმაიერი, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მონაწილეობდა ამ პროცესებში, დღეს გერმანიის პრეზიდენტი და ევროპის გავლენიანი პოლიტიკოსია. იმავდროულად, ყოფილი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი აცხადებს, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის დაპირების მიცემამ, რომ ნატოს წევრი გახდებოდა, დიდი როლი ითამაშა 2008 წლის ომში. სულ ახლახან გავიგეთ, რომ კიდევ ერთი ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი რუსული ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა... ამის შემხედვარე საზოგადოებას შეკითხვები უჩნდება.

- მნიშვნელობას არ მივანიჭებდი იმას, რას ამბობს რომელიმე ყოფილი მოხელე. გერჰარდ შრიოდერი და "გაზპრომის" ამბავი ხომ გახსოვთ? ამ ხალხს ფულის გაკეთება სურს და გზებს ეძებენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ ხალხის განცხადებები, რომლებსაც დღეს უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები და პასუხს აგებენ ამომრჩევლის წინაშე.

- საზოგადოების სკეპტიკურად განწყობილი ნაწილი დასავლეთის ორმაგ სტანდარტზეც საუბრობს და არგუმენტად ბალკანეთის ქვეყნები მოჰყავს. ისმის კითხვა: რატომ მონტენეგრო და არა საქართველო? რა სტანდარტით დგას მონტენეგრო და, მაგალითად, ალბანეთი საქართველოზე მაღლა? ისინი არ ყოფილან ავღანეთსა და ერაყში, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, კორუფციის მაჩვენებლები საქართველოს უკეთესი აქვს.

- მე თვითონ ავღანეთის ვეტერანი ვარ და არავისგან მესწავლება, თუ რამხელა წვლილი შეიტანეს ქართულმა დანაყოფებმა ავღანეთსა და ერაყში მშვიდობის დასამყარებლად. მაგრამ ნატოს ღია კარის პოლიტიკა მთლიან სურათად უნდა აღვიქვათ და არა ეპიზოდებად. მონტენეგროს ნატოში გაწევრებას რა მოაქვს? - სტაბილურობა და სიმშვიდე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რეგიონში, რომლის ნაწილიც საქართველოა.

- ახლახან ვნახეთ სენატორ რანდ პოლის საკანონმდებლო ინიციატივა კონგრესში, რომელიც გმობს "ჯაველინების" მიყიდვას საქართველოსთვის, თქვენი კოლეგა, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი მაიკლ ო,ჰანლონი კი თვლის, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტზე უნდა იფიქროს, რისი გარანტებიც დასავლეთი და რუსეთი უნდა გახდნენ.

- ამერიკელისთვის ადვილია ამის თქმა. მთავარია, რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. გსურთ ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან შეერთება? მშვენიერია. თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში არჩევთ შესვლას, ესეც თქვენი გადასაწყვეტია. ვერავინ მოგისჯით ვერც ნეიტრალიტეტს და ვერც რაიმე სხვა კურსს.

- და მაინც, საიდან გაუჩნდა სენატორ პოლს იდეა, რომ საქართველოსთვის "ჯაველინების" მიყიდვა აშშ-ის ინტერესებს აზიანებს? ან ოჰანლონი რატომ თვლის, რომ რუსეთს შეიძლება რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორობა ანდო?

- საშინაო პოლიტიკის საკითხებში მის ლიბერტარიანულ მიდგომას ვიზიარებ, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში არ ვეთანხმები. მიუხედავად ამისა, ამ მოსაზრებების მოსმენა საჭიროა. ის გვთავაზობს განსხვავებულ აზრს, მაგრამ არ ღირს ჩაღრმავება, თუ რატომ აქვს ასეთი აზრი ნატოს გაფართოებაზე - ბოლოს და ბოლოს, როდესაც მონტენეგროზე გვქონდა კენჭისყრა, ორმა სენატორმა წინააღმდეგ მისცა ხმა. თუმცა კიდევ ერთხელ დავძენ, რომ ამ ადამიანების, მათ შორის რანდ პოლის მოსაზრებები, მნიშვნელოვანია საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის, ისინი არ უნდა გავაჩუმოთ, მათ უნდა მოვუსმინოთ.

- კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ანგარიშში ყურადღებას ამახვილებთ. ციტატა: "ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა უბიძგოს რუსეთს 6-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ". რა ფორმა ექნება ამ "ბიძგს"?

- ფაქტია, რაღაც უნდა ვიღონოთ. ეს ჩვენი მოვალეობაა ამ პრობლემის გადასაჭრელად. ეს არ უნდა დავივიწყოთ - ათი წლის შემდეგ, ექვსი პუნქტიდან მინიმუმ ორი შეუსრულებელია. უკრაინისა და სირიის საკითხებში სამშვიდობო მოლაპარაკებისას ამაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს უნდა იყოს ფაქტორი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში - როგორ აპირებენ ისინი ცეცხლის შეწყვეტის გარანტორები იყვნენ სირიაში, როდესაც თვითონვე არღვევენ მსგავს შეთანხმებას საქართველოსთან?

- ხმაური მოჰყვა თქვენს დასკვნასაც, რომ საქართველოს შეუძლია ნატოს წევრი გახდეს მაპ-ის გარეშე. ბუქარესტის "მწარე გაკვეთილის" გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ერთ დღეს ვიძინებთ და მეორე დღეს ნატოს წევრებად ვიღვიძებთ? რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დროის ფანჯარა გადაწყვეტილებიდან გაწევრებას შორის რუსეთმა სათავისოდ არ გამოიყენოს და ყველაფერი ისევ არ აურ-დაურიოს?

- რუსეთი ახლაც მშვენივრად ახერხებს არევ-დარევას. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ალიანსმა უნდა მიიღოს. ქვეყნები გამხდარან ნატოს წევრები მაპ-ის გარეშე. ეს ფაქტია. მაპ-ი საქართველოში პროპაგანდის იარაღად იქცა - საქართველო მიდის სამიტზე, ვერ იღებს მაპ-ს და რუსეთი ამბობს, აი, ხომ გეუბნებოდით, ლოდინს აზრი არა აქვსო. საჭიროა კრეატიული გზების ძიება, რათა საქართველო ნატოს უფრო დაუახლოვდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ამას ვიხილავთ ივლისში, ბრიუსელის სამიტზე.

ვაჟა თავბერიძე