რუსეთი საქართველოდან დევნილ ოსებს თავშესაფარს აძლევს?! - კვირის პალიტრა

რუსეთი საქართველოდან დევნილ ოსებს თავშესაფარს აძლევს?!

რუსეთმა 90-იან წლებში და შემდგომ საქართველოდან (მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან) წასული ოსებისთვის თავშესაფრის ასაშენებლად მილიარდ რუბლზე მეტი გამოყო. ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობის ინფორმაციით, თანხა ჩრდილო ოსეთის ბიუჯეტში გადარიცხულია, პროექტიც დაწყებულია და 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. პირველ ეტაპზე 500-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს, მათ საჭირო დოკუმენტაცია უკვე მოაგროვეს და საცხოვრებლის მისაღებად სერტიფიკატიც მოიპოვეს. ორი ათასამდე ოჯახი შემდგომ ეტაპს ელოდება. "კვირის პალიტრამ" მოიძია საქართველოდან 90-იან წლებში წასული ოსური ოჯახი, რომელმაც სერტიფიკატი მოიპოვა და ახალი საცხოვრებლის მოლოდინშია.

"წლებია ვლადიკავკაზში, ლაბორატორიის შენობაში ვცხოვრობთ, ახლა გვეუბნებიან, ახალ საცხოვრებელში გადაგიყვანთო. მირჩევნია, საქართველოში დავბრუნდე, იქ ჩემი ნათესავები ცხოვრობენ, მაგრამ შვილები უკვე აქ არიან დამკვიდრებული - მუშაობენ, სწავლობენ. ხშირად ვფიქრობ, ასე უაზროდ რატომ გადავეკიდეთ ჩვენს სისხლით ნათესავ ქართველებს ოსები და პირიქით... ხშირად მესიზმრება ჩემი ქვეყანა. მონატრება რომ მოვიკლა, ხანდახან აქ, ვლადიკავკაზში, აკაკი წერეთლის სახელობის ქართულ სკოლაში მივდივარ, სადაც ჩემი შვილიშვილები სწავლობენ", - გვეუბნება ნასტია ჯიოევა.

საგულისხმოა, რომ 90-იან წლებში საქართველოში არსებული მძიმე ვითარების გამო, არც მაშინ და არც შემდგომ, არავის აღურიცხავს, რამდენი ოსი წავიდა ქვეყნიდან... "კოალიცია - დევნილებისთვის" წარმომადგენლის, ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, დევნილების რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს - 90-იან წლებში ისინი როგორც იძულებით, ისე ნებაყოფლობით წავიდნენ ვლადიკავკაზსა და ჩრდილო ოსეთის სხვა რეგიონებში, სადაც კომპაქტური დასახლებები გაჩნდა.

"კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კანაშვილის თქმით, მაშინ ბევრი საქართველოდან მატერიალური სიდუხჭირის გამო წავიდა, შემდეგ ცდილობდა, თავი დევნილად წარმოეჩინა და ამ სტატუსით შესულიყო რუსეთში, რათა დროებითი საცხოვრებელი მიეღო.

- ახლა რატომ გადაწყდა ამ პროექტის განხორციელება?

- ძნელი სათქმელია... მარტში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და შესაძლოა წინასაარჩევნო პიარის ნაწილიც არის. ოსები ამ გზით რუსეთში საბოლოოდ დამკვიდრდებიან და მცირე შანსია, ოდესმე საქართველოში დაბრუნება მოისურვონ.

2006 წელს საქართველომ მიიღო კანონი "რესტიტუციის შესახებ", რომელიც საქართველოდან დევნილების აღრიცხვასა და მათთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებდა. კანონის აღსრულებაში, უცხოელ დამკვირვებლებთან ერთად, ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარის ჩართვაც იყო გათვალისწინებული. კანონში ჩადებული იყო ისიც, რომ ისინი თავიანთ საცხოვრებლებს უნდა დაჰბრუნებოდნენ და ქონებაც დაებრუნებინათ. თუმცა, ჩრდილოეთ ოსეთში საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ეს კანონი არ ამოქმედებულა, რადგან 2008 წლის ომმა ბევრი რამ შეცვალა.

- ყოფილა მათი დაბრუნების თუნდაც ერთეული შემთხვევა?

- თბილისში, ბათუმში, გორსა და ბაკურიანში ოსები წლების შემდეგ დაბრუნდნენ. ზოგი ხანდახან ჩამოდის, კარ-მიდამოს აკითხავს, ზოგს ნათესავები აქ ჰყავს და მათ ქონებას ისინი უვლიან. ბაკურიანსა და მის მიმდებარე სოფლებში ბევრია დაკეტილი სახლი. საქართველოში მიმზიდველი სოციალური პირობები რომ იყოს, ოსები ახლაც დაბრუნდებიან.

"საქართველოში დაბრუნება ბევრ ოსს უნდა", - ამბობს ვლადიკავკაზში მცხოვრები ბელა ვაზაგოვა: - ჩემი ცხინვალელი ოსი ნათესავები თბილისში დადიან სამკურნალოდ და მათგან ვიგებ საქართველოს ამბებს... ჩვენ ხომ ვლადიკავკაზში, ცხინვალსა და საქართველოში გვყავს მიმოფანტული ნათესავები - იმ წლებში ვინ სად იბრძოდა, არავინ იცის. ვიცი, რომ ბევრს თბილისში უნდა ცხოვრება... აქეთ ძვირია ყველაფერი, განსაკუთრებით, მკურნალობა, არადა, ცხინვალის რეგიონში დიდსა თუ პატარას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბევრი ახალგაზრდა ნარკოტიკის მომხმარებელია და შედეგად სხვადასხვა ინფექციური დაავადების მატარებელი. ასე რომ, თუნდაც შვილების გამო სურთ საქართველოში ცხოვრება, მაგრამ წარსულის ეშინიათ. შესაძლოა, პოლიტიკამ ისევ უარყოფითი როლი ითამაშოს, ისე, როგორც 90-იან წლებში მოხდა, თორემ მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენ შორის ოდესმე ტყვია გავარდებოდა. ცხინვალში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 90-იან წლებში საქართველოდან წამოსულ ოსებს რუსეთი ჩრდილოეთ ოსეთში ჩაასახლებს, მათ ადგილებს კი ცხინვალში რუსი სამხედროები აითვისებენ. თუ მართლაც ასეა, ძალიან ცუდი იქნება...

P.S. რუსეთის ინიციატივით დაწყებულ პროექტს საფუძველი ჩაეყარა გასული წლის ნოემბერში, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა. მაშინ მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა"საქართველოდან დევნილებისთვის თანხის გამოყოფა იყო, რასაც რუსეთში მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ქართული სკოლა ვლადიკავკაზში

აკაკი წერეთლის სახელობის ქართული სკოლა ვლადიკავკაზში XIX საუკუნეში, ქართველი და ოსი საზოგადო მოღვაწეების ძალისხმევით დაარსდა. 60-იან წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრი ქართველი გადასახლდა. ამის მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, სოციალური პრობლემები გახლდათ. 80-იან წლებში მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და საგანმანათლებლო ცენტრიც გაიხსნა... მაშინ ჩრდილოეთ ოსეთში მიწათმოწყობის სამსახურის უფროსი ქართველი საზოგადო მოღვაწე მიხეილ ყიფიანი გახლდათ. მისი თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი ქართულ სკოლას. ძალიან აქტიურობდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი ყაზბეგი, საქმეში ჩართული იყო გიორგი ყიფიანის მეგობარი კოსტა ხეთაგუროვიც. 1888 წელს შენობაც აშენდა.

90-იანი წლების დასაწყისში სკოლის დახურვის საფრთხე გაჩნდა - მავანთ ვლადიკავკაზში ქართული სკოლა აღიზიანებდა, მაგრამ იყვნენ საღად მოაზროვნე ოსებიც, რომლებმაც საგანმანათლებლო ცენტრს ფუნქცია შეუნარჩუნეს.

ლალი პაპასკირი