რა ელის ქართულ ავიაბაზარს
19-02-2018
რა ელის ქართულ ავიაბაზარს
დიმიტრი ქუმსიშვილი: "ჩვენი მიზანია, თბილისის აეროპორტი რეგიონულ ჰაბად ვაქციოთ"

თბილისი 20-22 თებერვალს მასშტაბურ ღონისძიებას - ევროპის საავიაციო ფორუმს, CONNECT 2018 - ს უმასპინძლებს. ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ღონისძიებაზე უკვე დარეგისტრირდნენ მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები. რა მნიშვნელობა აქვს CONNECT 2018- ს საქართველოსთვის და რა შედეგს მოუტანს ის ქვეყანას - ამ და ავიაციის სფეროში არსებულ სხვა საკითხებზე
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გვესაუბრება.

- ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სწორედ საქართველოს ავიაბაზრის განვითარებაა და მოხარული ვართ, რომ ბოლო წლების რეკორდულად მზარდი სტატისტიკა და საავიაციო ბაზრის დივერსიფიკაცია წარმოადგენს ჩვენი თანამიმდევრული და კოორდინირებული მუშაობის შედეგს.
ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური
ურთიერთობის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ავიამიმართულებების მოქნილი და ფართო ქსელი. კონკურენტული გარემოს დანერგვითა და განმტკიცებით ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდევ უფრო მეტი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოს საავიაციო ბაზარზე.
აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც დაეხმარა ჩვენს ქვეყანას გამხდარიყო ერთ-ერთი რეგიონული სატრანსპორტო ცენტრი. მათ შორის არის: ღია ცის პოლიტიკის დანერგვა, საქართველოს ინტეგრირება ევროპის საერთო საავიაციო სივრცეში, ჩვენი მოქალაქეებისათვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა და თანამედროვე აეროპორტების ქსელის განვითარება.
მსოფლიო საავიაციო ბაზარი სწრაფად ვითარდება, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ პროცესის უშუალო მონაწილეები და სწორად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება და ამავე დროს საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორია.

დაახლოებით რვა თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო მონაწილეობა შერჩევის პროცესში და გავმხდარიყავით CONNECT 2018-ის, რომელიც წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძლები. თვით ის ფაქტი, რომ მოვიპოვეთ ამ ღონისძიების მასპინძლობის უფლება, უკვე დიდი წარმატებაა და მოწმობს ჩვენი ქვეყნისადმი მზარდ ინტერესს.

ფორუმის ფარგლებში 20-22 თებერვალს თბილისს ეწვევა 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. ფორუმზე განიხილება საჰაერო ტრანსპორტის არსებული და მომავალი გამოწვევები, დაიგეგმება ახალი ავიამიმართულებები და საფუძველი ჩაეყრება ახალ ურთიერთობებს.
ღონისძიებაზე უკვე დარეგისტრირდნენ შემდეგი ავიაკომპანიები: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და ა.შ.

ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" დანიშნული აქვს ბევრი შეხვედრა სხვადასხვა ავიაკომპანიასთან. ასევე დაგეგმილია ღონისძიებები, რომელთა მიზანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და დელეგატებისათვის იმის გაცნობა, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია.
ის მოკლე და გრძელვადიანი შედეგები, რაც მოჰყვება მსგავსი ფორუმების მასპინძლობას, პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ საავიაციო სექტორზე, არამედ სხვადასხვა მომიჯნავე დარგის განვითარებაზე, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. კერძოდ, უპირველეს ყოვლისა, ის პოზიტიური მარკეტინგული აქტივობები, რომლებიც მიმდინარეობს ღონისძიების დაწყებამდე, მიზნად ისახავს საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და მისდამი ინტერესის გაღრმავებას. უშუალოდ ღონისძიების პერიოდში ჩვენს ქვეყანას ეწვევა 500-ზე მეტი ტურისტი, რომელთა უმეტესობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საავიაციო სექტორის განვითარების საქმეში. ღონისძიების დასრულების შემდეგ ყოველი ახალი რეისი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარებისთვის.

- საავიაციო ბაზრის განვითარების კუთხით, როგორი პროგნოზი გაქვთ 2018 წლისთვის?

- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად გვაქვს ორნიშნა ზრდა და ყოველ წელს ფაქტობრივი სტატისტიკა პოზიტიურ პროგნოზზე უფრო მეტია.
2017 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 13%-ით გაიზარდა და 142 ათასზე მეტი ინსტრუმენტული ფრენა შესრულდა, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. დავასრულეთ თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა, სადაც ამჟამად უახლესი ტექნოლოგიების დამონტაჟება მიმდინარეობს, რაც უფრო გაზრდის საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობასა და ავიაკომპანიების დაინტერესებას ჩვენი ქვეყნით.
რაც შეეხება მგზავრთნაკადს, ამ მხრივაც მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონდა. 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი გაიზარდა 41%-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის - 49%-ით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის - 59%-ით, ხოლო ადგილობრივი აეროპორტების (მესტია, ამბროლაური) - 108%-ით. ასეთი პოზიტიური დინამიკა მიანიშნებს, რომ საქართველოს ყველა აეროპორტი ვითარდება თანამიმდევრულად, ყოველ მათგანს აქვს თავის ნიშა და ისინი ერთობლიობაში გვაძლევენ საშუალებას უკეთესად მოვემსახუროთ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე ჩამოსულ სტუმრებს.

საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული მატების ფონზე მკვეთრად გაზრდილია ავიარეისების რაოდენობა. საქართველოს მიმართულებით დაინიშნა ახალი რეგულარული და ჩარტერული ფრენები.
2017 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 5 637 რეისით მეტი შესრულდა, ვიდრე 2016 წელს. მონაცემები ასეთია: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 20 955, აქედან რეგულარული რეისები - 17 852, ხოლო ჩარტერები - 3 103. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 36.80%-ს შეადგენს.
2018 წელი ძალიან პოზიტიურად დაიწყო, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში იანვრის მონაცემებით მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება. როგორც თქვენთვის ცნობილია, სიახლეები გვაქვს ავიამიმართულებების კუთხითაც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უახლოეს მომავალში პირდაპირ ავიარეისებს ამატებს ავიაკომპანია "აირზენა", მათ შორის: პარიზის, ბრიუსელის, ბარსელონის, ბერლინის, ბოლონიის, კიოლნის, სალონიკის, ათენისა და ბრატისლავის მიმართულებით. ასევე ველოდებით ახალ ავიაკომპანიებს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია "ვიზ ეირი" ამატებს მეორე საჰაერო ხომალდს და ახალ მიმართულებებს, მათ შორის: ბარსელონა, პარიზი-ბოვე, პრაღა, ათენი, ვროცლავი, ვენა, რომი. ქუთაისიდან ასევე რეისებს ამატებს ავიაკომპანია "ფლაი დუბაი", რომელიც ასევე ახორციელებს ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელსაც ძალიან დატვირთული იქნება, იგეგმება რეგულარული და ჩარტერული რეისები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, პროგნოზები 2018 წლისთვისაც საკმაოდ პოზიტიურია და დარწმუნებული ვართ, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.

- ღია ცის პირობებში და მსხვილ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის პარალელურად, შეძლებს თუ არა საქართველო სამი აეროპორტით მოემსახუროს, ერთი მხრივ, მსოფლიო დონის კომპანიებს და, მეორე მხრივ, კიდევ უფრო გაზრდილ მგზავრთნაკადს?

- ღია ეკონომიკის პირობებში აეროპორტები, ისევე როგორც სხვა ინფრასტრუქტურა, მოთხოვნის შესაბამისად ვითარდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული სიახლეები, კერძოდ, სააეროდრომო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და დაემატა ახალი საჰაერო ხომალდების სადგომები. გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით აშენდა ახალი ჩამოფრენის ტერმინალი, ასევე დამატებითი გაფრენის დარბაზი, ხოლო არსებული ტერმინალი სრულად გარდაიქმნა გაფრენის ტერმინალად. ამ ეტაპზე თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა პასუხობს არსებულ გამოწვევებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი მიზანია თბილისის აეროპორტი გავხადოთ სატრანზიტო აეროპორტად და აგრეთვე რეგიონულ ჰაბად საერთაშორისო ავიაგადამყვანებისთვის.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, იქ გაფართოების მიზნით ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 2019 წლის დამდეგისთვის ჩვენ გვექნება, ფაქტობრივად, სამჯერ გაზრდილი ტერმინალი, რომელიც შეძლებს საათში 1000 მგზავრის მომსახურებას. ჩვენ უკვე დავასრულეთ საჰაერო ხომალდების სადგომების გაფართოება და ახალი სამიმოსვლო ბილიკის მშენებლობა. ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის სადგურის მშენებლობა ასევე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების მობილურ გადაადგილებას. რკინიგზის სადგურისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სატრანსპორტო კვანძისა და ბიზნესსექტორის განვითარება.
როგორც აღვნიშნე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის შარშანდელი წელი ძალზე ნაყოფიერი იყო. ამ ეტაპზე მთავრობა ოპერატორ კომპანიასთან მუშაობს ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე და გრძელვადიან გეგმებზე, რათა მოხდეს აეროპორტის კიდევ უფრო განვითარება და გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

- რომელი ბაზრებია საინტერესო და რა მიმართულებებით გეგმავთ ავიარეისების განვითარებას?

- ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა მგზავრთნაკადი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ყოველწლიურად ემატება ახალი ავიაკომპანიები და ავიარეისები. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით პოტენციალი ძალიან დიდია და შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიზნობრივ ბაზარზე. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად განვითარდა ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს არის ძალიან დიდი და საინტერესო მიზნობრივი ბაზარი, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს საქართველოს ათვისებული. შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით.
ასევე ძალიან გვაინტერესებს აზიის ქვეყნები. როგორც აღვნიშნე, წელს ძალზე ბევრი პირდაპირი და ტრანზიტული რეისები გვექნება ევროპის მიმართულებით. აქაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა პირდაპირი მიმართულებები და სიხშირეების ზრდა, რაც უფრო გააადვილებს ავიამიმოსვლას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურიზმის, სავაჭრო ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობის განვითარებას.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით