"თუ ჩამოყალიბდა ახალი ძალა, შესაძლოა მასში ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძე ერთად ვიხილოთ" - კვირის პალიტრა

"თუ ჩამოყალიბდა ახალი ძალა, შესაძლოა მასში ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძე ერთად ვიხილოთ"

"2020 წლისთვის ამერიკისთვის პრიორიტეტული არ იქნება ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" დარჩენა"

- გამოქვეყნდა აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ანგარიში, რომელშიც საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ რუსეთია დასახელებული. ანგარიშში ასევე ლაპარაკია რუსეთის აქტიურ მცდელობაზე, ზეგავლენა შეინარჩუნოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე და არ დაუშვას ამ ქვეყნების დასავლური ინტეგრაცია. საქართველოსთან დაკავშირებით, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასთან ერთად ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, რომ შესაძლოა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში გაჩნდეს არადემოკრატიული მიდგომები. ციტატა: "მმართველი პარტია "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, შეეცდება დაბლოკოს ოპოზიცია და შეამციროს თავისი ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვები". გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გასული კვირის თემებს აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან

- ეს არის უაღრესად საინტერესო საკითხი, რომელმაც შეიძლება დიდწილად განსაზღვროს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი წლების პოლიტიკური დინამიკა საქართველოში. ეს რომ გავაანალიზოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, ისმის კითხვა, რამდენად დაუშვებს აშშ, რომ საქართველოში, პირველად, პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს? თქვენ მიერ მოხმობილი ციტატა და ის, რომ ამერიკის სპეცსამსახურები მუშაობენ ამ მიმართულებით, გვაფიქრებინებს, რომ 2020 წლისთვის ამერიკისთვის პრიორიტეტული არ იქნება ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" დარჩენა.

საკითხის მეორე მხარეა ის, თუ რამდენად არის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ცვლილებისთვის საჭირო რესურსი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შესაძლოა, ოპოზიცია დაიბლოკოს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ ოპოზიციამ და საზოგადოდ, არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები.

მიმდინარეობს თაობათა ცვლის ძალიან მწვავე პროცესი, ამას სიმწვავეს მატებს ისიც, რომ ვაკუუმია ამ სფეროში. ერთმა თაობამ ამოწურა თავი, მისი შემცვლელი კი არ ჩანს...

ეს ვაკუუმი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, არამედ აშშ-ის შეშფოთებასაც იწვევს. ერთია, აშშ-ს ჰქონდეს სურვილი, რომ "ქართული ოცნება" მესამე ვადით ხელისუფლებაში არ დარჩეს და მეორეა ობიექტური რეალობა. სააკაშვილის ენერგეტიკული კალიბრის ფიგურა ასპარეზზე არ ჩანს და მეეჭვება დარჩენილ ორ წელიწადში გამოჩნდეს.

ერთადერთი, რის პერსპექტივასაც ვხედავ, არის ის, რომ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდეს მემარცხენე-ცენტრისტული ძალა, რომელიც საქართველოსთვის ტრადიციულად ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო კი არ იქნება გაერთიანებული, არამედ რამდენიმე საინტერესო სახე გაინაწილებს ერთი ქარიზმატული ლიდერის როლს.

მემარჯვენე და პროდასავლურ მხარეს ახალი პოლიტიკური სახეები არ ჩანს. თუ მემარცხენე მხარეს ჩამოყალიბდება ასეთი ძალა, შესაძლოა მასში ვიხილოთ ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე და ის მემარცხენე ფლანგი, რომელიც დღევანდელ სტუდენტებში იკვეთება. ასეთმა კონგლომერატმა შესაძლოა ცივი შხაპი გადაავლოს "ქართულ ოცნებას". რამდენად იქნება ის აშშ-ისთვის სასურველი პარტნიორი, ეს ცალკე თემაა. მნიშვნელოვანი იქნება, თუ ასეთი პოლიტიკური ძალა შეიქმნა, რამდენად გაჯერდება აშშ-თან წლების განმავლობაში მჭიდრო კავშირის მქონე პირებით, ისეთებით, როგორიც, მაგალითად, ანა დოლიძეა. ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება და არანაირ რეალურ ინფორმაციას არ ემყარება.

ვფიქრობ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ეს ინტერესი და ვარაუდები განგაშის ტოლფასი უნდა იყოს "ქართული ოცნებისთვის" და ამან უნდა გამოიწვიოს ინსპირაცია იმისა, რომ ამ ძალაში ვიხილოთ ახალი პოლიტიკური ძალების შობის პროცესი. წესით, "ქართული ოცნება" უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მის წიაღშივე გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებს მას და არ ექნება რევანშის სურვილი.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად